გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ტაძრებში ხატებზე ხშირად მინახავს ბერძნული და რუსული წარწერები. რუსული წარწერა ზოგიერთი ტაძრის თაღსა თუ კედელზეც შემინიშნავს. არადა, ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია აქვს მინიჭებული. მაინტერესებს, დაუდევრობით არის ეს წარწერები (მით უმეტეს, ახალ ხატებზე) დატოვებული თუ აუცილებლობით?

დიახ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ღვთის მადლით, ავტოკეფალია აქვს და საეკლესიო წარწერებშიც ქართულს ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს უძველესი ქართული დამწერლობით შემკული ხატები და ტაძრები, მაგრამ ტრადიციულად ხატებზე გვხვდება ბერძნული წარწერებიც, რადგან ორი მართლმადიდებელი ქვეყნის, საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს დასაბამიდან ჰქონდათ ურთიერთობა, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოებს. ქრისტიანული კულტურა ფართოდ შემოდიოდა საბერძნეთიდან. იქვე მოღვაწეობდნენ ჩვენი წმინდა მამებიც. რუსული წარწერები კი საქართველო-რუსეთის შეერთების დროიდან შემოგვრჩა. ეს შეერთება ჩვენმა მძიმე ისტორიულმა ხვედრმა განაპირობა და რასაკვირველია, ეკლესიაც ვერ აიცილებდა რუსული საპატრიარქოს გავლენას; მაგრამ, მიუხედავად სირთულეებისა, ქართულმა და რუსულმა ეკლესიებმა ქრისტიანული ურთიერთობები შეინარჩუნეს და ერთიან მართლმადიდებლურ სამყაროს ვეკუთვნით. რატომ უნდა ამოვშალოთ ხატებზე თუ ტაძრებზე შემორჩენილი ერთმანეთის წარწერები? ეს ვანდალობაა და მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სხვა კითხვები