გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ჩემი პატარა შვილიშვილი კითხულობდა წიგნს, რომელშიც წააწყდა ტერმინს: «პირმოთნე» და მთხოვა განმემარტა. მე გამიჭირდა ზუსტი ახსნა მომეძებნა ამ სიტყვისათვის და გთხოვთ, ქრისტიანობის პოზიციიდან, დამეხმაროთ და მისთვის გასაგებ ენაზე განმამარტებინოთ.
თქვენს პატარას უთუოდ გამოადგება დავით წინასწარმეტყველის - მეფისა და მეფსალმუნის დახასიათება ასეთი ადამიანებისა, «რომელნიც მოყვასთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ». მკლავები გაუშლიათ თანამოძმის გულში ჩასახუტებლად და ამავე დროს მზადა აქვთ მშვილდი, რათა «სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს». როდესაც გვეხვევიან, სწორედ მაშინ გვღალატობენ, როდესაც ფეხქვეშ გვეგებიან, სწორედ მაშინ გვაპარტახებენ... და რადგან არსებობენ ქვეყნად ასეთი დიდი ცოდვის მატარებლები, განმარტებისას ისიც უთხარით თქვენს პატარას, რომ წმინდა მამებს უთქვამთ: «პირმოთნე კაცის ენას მტრისაგან დამიზნებული სატევარი გერჩივნოსო».
სხვა კითხვები