გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მე შინაგანი ხმა მომიწოდებს ბერობისკენ. ხომ ვერ დამეხმარებით რჩევით, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ ამ გზას დავადგე?

ადამიანი, რომელიც ბერობის გზას ირჩევს, გაივლის გარკვეულ საფეხურებს. უპირველესად - ეს არის გზა თვითჩაღრმავებისა, საკუთარი თავის შეცნობისა, რაც არც ისე ხანმოკლე პროცესია (რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც უნდა გრძელდებოდეს). ამ გზაზე პოვებთ პასუხს - გაქვთ თუ არა მოწოდება ბერობისკენ, ანუ ლოცვისკენ, განმარტოებისკენ, უკიდურესი თავშეკავებისკენ - ეს ერთი; მეორე - უნდა შეეთვისოთ საეკლესიო ცხოვრებას, ამ ცხოვრების რიტმს, მის წესრიგს, მის საზრისს; მესამე - უნდა შეიმეცნოთ ქრისტიანული ასკეტიზმი, გაერკვეთ, რა არის ეს და გამოსცადოთ თავი ამ თვალსაზრისით (მარხვა, მღვიძარება, საკუთარ ზრახვებში გარკვევა, სინანული, მორჩილება და სხვ.); მხოლოდ საკუთარი თავის მრავალწლიანი გამოცდის შემდეგ (რაც შეიძლება აღსრულდეს როგორც ერში, ისე - მონასტერში), შეგიძლიათ პირველი ნაბიჯი გადადგათ ბერმონაზვნობის გზაზე.
სხვა კითხვები