გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მათეს სახარება შეგვაგონებს: «ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ» (მათე 7,1) საკმარისია, მავანი პიროვნების სიავკაცე ვამხილო, ჩემი მორწმუნე მეგობრები სწორედ მათეს ზემოხსენებულ სიტყვებს ამაფარებენ ხოლმე თვალებზე. ესე იგი, რა გამოდის, მათი თქმით, ყველანი უნდა გავჩუმდეთ, უმსგავსოება და ბოროტება ვაპარპაშოთ ქვეყანაზე?

იმისათვის, რათა სწორად გავერკვეთ წმინდა წერილის არსში, არ უნდა დავენდოთ ჩვენს საკუთარ აღქმასა და გააზრებას და მივმართოთ ეგზეგეტიკოსებს - განმმარტებლებს. წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: «უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ გვიკრძალავს განსჯას შეუწყალებელს». წმინდა ათანასე ალექსანდრიელი კი თითქოს საგულდაგულოდ თქვენ გაძლევთ პასუხს: «ერეტიკოსები მზად არიან დაამტკიცონ, რომ არ უნდა განვიკითხოთ ისიც კი, ვინც სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, რადგან უფალი ამბობს: «ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხნეთ», მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ მართალი ნოეც უნდა მისცემოდა სასჯელს, რადგან მან მამის სასაცილოდ ამგდები ქამი დასაჯა და დაუდგინა თავისი ძმების მონად ყოფნა... თუ ღვთის მართალნი სჯიდნენ და თავად არ განისაჯნენ, რატომ არ შეიძლება განსჯა და განკითხვა, როგორც ამას ამბობენ ერეტიკოსები? როცა უფალმა თქვა: «ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხნეთ», მხედველობაში ჰყავდა ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავებს».
სხვა კითხვები