გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რანაირად მოხდა, რომ ჯვარი, რომელიც დასჯის იარაღად და საშუალებად იყო ცნობილი ოდითგან, ჩვენთვის სალოცავად იქცა?

უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ქადაგებაში ბრძანებს: «ჯვარი და აღდგომა! ერთი შეხედვით, მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს. ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს.
ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა: ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე - დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას. უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვარის გამოსახვით იწყება და მთავრდება».
სხვა კითხვები