გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რამდენად სწორია, როცა ადამიანი საუბრისას წამდაუწუმ იწერს პირჯვარს. ხანდახან მეც იგივე სურვილი მიჩნდება...
ღვთისადმი სიყვარულის გამოვლინებას თავისი წესი აქვს. როცა ეს წესი ხელოვნურად გადამეტებით ფორმას იღებს, გარეგნული ეფექტებით გადაჭარბებულად ვლინდება, სწორი არ არის. სიყვარული მოკრძალებითა და რიდით უნდა გამოიხატებოდეს. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ხაზგასმული გამომზეურება იმ გარემოში, რომელიც შინაგან ფაქიზ მდგომარეობას არ შეესაბამება, საჭირო არ გახლავთ. ასე მაგალითად, ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მეტანია, რომელსაც ღვთისადმი უდიდესი მოკრძალების და თაყვანისცემის ნიშნად ვასრულებთ ტაძარში, ქუჩაში არ უნდა გავიმეოროთ. თვით ღვთისმსახურსაც არ შეეფერება უფლის მიმართ თავისი დამოკიდებულება წირვა-ლოცვის დროს, არაზომიერად გამოავლინოს მრევლის განწყობის შესაქმნელად... უფალი ყოველივეს ხედავს, გვერწმუნეთ, მას არც თქვენი შინაგანი, უსიტყვო რწმენა და მოკრძალებით გამოხატული თაყვანისცემა დარჩება შეუმჩნეველი.
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები