სასახლის გარეთ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სიმდიდრე და სიღატაკე - კვირის პალიტრა

სასახლის გარეთ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სიმდიდრე და სიღატაკე

"ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო"

"კვირის პალიტრის" ვებგვერდზე სტატიას სათაურით "გიგანტური ხრონგი ცხოვრების ჯანსაღ წესზე ქადაგებს?!", ერთ-ერთი მკითხველის ასეთი გამოხმაურება მოჰყვა: "ქალბატონო სტატიის ავტორო, თქვენ კრიტიკოსი ბრძანდებით თუ ჟურნალისტი? მკეთებელთა კვალდაკვალ ფეხის წამოდებით ხართ დაკავებული და ეს პროფესიად მიგიჩნევიათ... განახლებული პლეხანოვი მომწონსო, ამბობთ, სტატია კი არ აღირსეთ რესტავრირებულ პლეხანოვს, სამაგიეროდ, როგორი ცხელ-ცხელი სტატია გამოაცხვეთ ველოსიპედზე... კარგზეც დაწერეთ რამე, რომ დაგიცხრეთ ბოღმიანი ვნებები".

გადავწყვიტე, კომენტარის ავტორის ინტერესი ალალად დამეკმაყოფილებინა და განახლებულ პლეხანოვზეც დამეწერა. ერთხელ უკვე ვთქვი, ამ ქუჩაზე ვცხოვრობ და ძალიან მომწონს განახლებული პროსპექტი, კმაყოფილი ვარ განათებულ და გალამაზებულ ქუჩაში რომ დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ დამღალა უსაფრთხოების წესების გარეშე მიმდინარე სარემონტო სამუშაომ, რის გამოც ყოველ ფეხის ნაბიჯზე კისრის მოტეხა მელოდა.  ახლა მოდით და შევიდეთ ნებისმიერ ლამაზჭიშკრიან თაღში, ძველი ეზოები ისეთივეა, როგორიც 10, 20 და შეიძლება ასი წლის წინათაც.

სტატიის დაწერამდე, წინა საღამოს ძაღლთან ერთად სასეირნოდ გავედი, თოვდა. მე და ჩემი ბომბორა თამარ მეფის ხიდთან, სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროსკენ დავუყევით გზას, პატარა სკვერში ძაღლმა ბუჩქებისკენ გაიწია. ხის ძირას კაცი იწვა, პლედი წაეფარებინა და ძლივსღა სუნთქავდა. დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ჯარისკაცი პატრულირებდა. ვთხოვე, დამხმარებოდა და გაგვერკვია, რა სჭირდა მიწაზე მოკუნტულ კაცს. პატრულმა დამხმარეს უხმო. კაცი მთვრალი იყო. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მედიკოსებმა მამაკაცს ნიშადურის სპირტი აყნოსვინეს, გამოაფხიზლეს და თქვეს, ახლა გონზეა და თავისი ფეხით წავაო. კაცმა  გვისაყვედურა, რატომ გამაღვიძეთ, გავიყინებოდი და დავისვენებდიო(?!).

ვორონცოვის მოედნიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სანამ მიხვალ, აღმაშენებლის ქუჩა ჯერ კიდევ XX საუკუნის ძველ წლებში გაბრუნებს, კედლებჩამონგრეული სახლებითა და უსწორმასწორო ტროტუარებით. მახსენდება ცნობილი სლოგანი - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". ამას ამბობდნენ თურმე კომუნისტებიც, მაშინაც ასე არ იყო? - ყველაფერი დღესასწაულებისთვის კეთდებოდა. ვნატრობ, ამ ქუჩების აღსადგენადაც 8 წელი არ დასჭირდეთ ახლანდელ თუ მომავალ მთავრობებს.

მარჯანიშვილის მოედანზე ფეხს შედგამ თუ არა, საოცრება ხდება, - უცებ ხვდები ევროპული ტიპის ულამაზეს ქუჩაზე და მართლა გგონია, ცხოვრება მშვენიერია. იმის გამო, რომ აღმაშენებლის პროსპექტის თავი და ბოლო სარემონტოა, შუაგული ძველ და დანგრეულ ქუჩაზე მდგარ სასახლეს ჰგავს. სასახლის გარეთ კი ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სიმდიდრე და სიღატაკე, განახლებული ბათუმი და სიღნაღი, განახლებული ქუთაისის ნაწილი და აღმაშენებლის პროსპექტი და დანარჩენი საქართველო... სხვამ გააკეთა ამდენიო? - იკითხავს ვიღაც. მერედა, ვინმე უარყოფს მაგას? საკითხავი ის არის, როგორ აკეთებ და ვისთვის? ანაკლიის სასტუმროში წყალი შედი-გამოდისო, შენობა გადაიხარაო, ბათუმის ოპერაში წყალი ჩადის, თბილისის აეროპორტის სახურავი ქარის ყოველ ამოვარდნაზე აქეთ-იქით  დაფრიალებდა, ესეც გვახსოვს და არ ვთქვათ? სიღნაღელებსა და ქუთაისელებსაც ფასადური რემონტები არ მოსწონთ. რა მოხდება, კარგი საქმე მშვიდად, საშვილიშვილოდ გავაკეთოთ და არა 23 ნოემბრისთვის, 6 მაისისთვის ან სულაც 21 დეკემბრისთვის, რათა ვინმემ ობიექტის თუ ქუჩის გახსნით გამოიჩინოს თავი, ხალხს კი საჭორაო მისცეს, კარგი საქმე ცუდად გააკეთეს და ბევრი ფულიც გაათეთრესო?!

მერე, სახლს რომ აშენებ, იმ სახლში ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს? სანამ იმ კაცისთანა უსახლკაროები და მიუსაფარნი ჰყავს ქვეყანას, დასაკვეხიც არაფერი აქვს. ხელისუფლებას მით უფრო არაფერი აქვს სატრაბახო, რადგან ქვეყანას ხალხის ფულით აშენებს, ხელისუფალი კი უპირველესად ხალხის დაკვეთის შემსრულებელია, სხვა საქმეა, თუ თავად ასე არ ჰგონია.

განახლებული აღმაშენებლის პროსპექტის გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი მოიწონა, ეს ქუჩა "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარიაო. კი, ბატონო, მონაპოვარია, მაგრამ არცთუ დიდი, რადგან საზოგადოებას ურჩევნია ჯერ სამართალი აღდგეს ქვეყანაში და ადამიანების უფლებების დამცველმა კანონმა იკანონოს, ვიდრე აღდგენილმა ქუჩებმა და თუნდაც ქალაქებმა იბრწყინოს. რევოლუციურ ვარდს სურნელი ეკარგება, ამდენი ხნის შემდეგაც კი იდუმალებით მოცული რომ არის რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, ციხეები უდანაშაულო პატიმრებს ვერ იტევს და ბიზნესს შავი სამყაროს ჩამოშორების შემდეგ კაბალური საგადასახადო და მაკონტროლებელი სისტემა ხუთავს. უფრო მეტიც, კარგა ხანია ხმა დადის, ბიზნესს ხელისუფლების პირველი პირები (და მათი ოჯახის წევრები) ინაწილებენო.

რევოლუციური ვარდი ახლა იმ სასწორს ჰგავს, რომელიც ერთ მხარეს ზედმეტად გადახრილია. დაამძიმა ომმა, დაკარგულმა ტერიტორიებმა და ხელისუფლების ხალხისადმი გულგრილობამ. არც ხალხს უყვარს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მუდმივად მოღერებული აქვს კეტი, რომ შეგაშინოს და დაგავიწყოს, რომ შენ, საქართველოს მოქალაქე უკვეთ მას ქვეყნის აღმშენებლობას. ამდენ დარბევასა და ცემა-ტყეპაში რევოლუციურ ვარდს დიქტატურის ისეთი მძაღე სუნი აუვიდა, ჩანს, იმ ძეგლსაც კი შეაძრწუნებს და დაამსხვრევს, დემოკრატიის მამად აღიარებულ ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან პრეზიდენტს სულ ახლახან რომ დაუდგეს.

"ის, ვინც ნაკლებად იძლევა დაპირებას, უფრო კარგი შემსრულებელია"

ჟან ჟაკ რუსო