ბოკვერივით ბიჭები" თბილისური ზოოპარკიდან - კვირის პალიტრა

ბოკვერივით ბიჭები" თბილისური ზოოპარკიდან

ძიძა ძაღლი დოდოლინა, ბოკვრებს სიყვარულით უვლიდა...

გასული წელი თბილისის ზოოპარკისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯერ იაგუარების სამი ხვადი ბოკვერი დაიბადა, ცოტა ხანში კი ახალშობილები ავაზების ვოლიერშიც გამოჩნდნენ, თუმცა დედ-მამას დიდხანს არ დასცალდა შვილებით ტკბობა - მოსა და სესილიას პატარებს სუსტი იმუნიტეტი აღმოაჩნდათ და ისინი ინკუბატორში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი ბოკვერი მალევე მოკვდა, დანარჩენი სამი კი თავს შესანიშნავად გრძნობს ზოოპარკის მთავარი ვეტერინარის - ვანიკო მარხვაშვილის, მომვლელ გულიკო კონცელიძისა და ძიძა ძაღლის, პუდელ დოდოლინას დახმარებით.

ავაზებისა და იაგუარების შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გვიამბო.

- წყვილი ავაზა ზოოპარკში თითქმის ოთხი წლის წინ მოვიყვანეთ. სამწუხაროდ, დედალი მალე დაიღუპა. ხვადმა მომ მოიწყინა და სასწრაფოდ ახალი დედალი მოვგვარეთ ევროპიდან. მან რამდენჯერმე დაყარა ბოკვრები, მაგრამ დაიხოცნენ. ამჯერად გაგვიმართლა -  გაჩნდა ოთხი პატარა და მათგან სამი გადარჩა. სამივე ხვადია.

ავაზები (იგივე გეპარდები) საკმაოდ სუსტი ცხოველები არიან  - ძალიან სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ამიტომაც ბოკვრების ხელით გამოზრდა რთული საქმეა. პატარებს ზოგიერთ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკაშიც კი გზავნიან და საბოლოოდ, მომაგრებამდე იქ ზრდიან. ჩვენი პატარები სამ თვეზე მეტი ხნის არიან და თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ. მათ დაემართათ კატის ვირუსი, ანუ კატის გრიპის მსგავსი დაავადება, ამიტომაც საეჭვო იყო, რომ გადარჩებოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრებათ. თუმცა შვიდი-რვა თვის ასაკამდე ინკუბატორში იქნებიან, გაზაფხულამდე ვოლიერში არ გადავიყვანთ. მზიან ამინდებში გარეთ გავასეირნებთ ჩვეულებრივი საბლით.

- იაგუარებს არ დასჭირდათ ვეტერინარების დახმარება?

-  იაგუარის ჯიში ძალიან ძლიერია. ხვადი და ძუ ორ-ორი წლისანი იყვნენ, როდესაც თბილისის ზოოპარკში ჩამოვიყვანეთ. ორივე სხვადასხვა ზოოპარკიდან იყო. ერთმანეთს არ იცნობდნენ.

იაგუარი თავისებური ცხოველია, საკმაოდ აგრესიული და ძლიერი, უყვარს ბუნებაში მარტო ცხოვრება, ამიტომ ერთმანეთს რომ შესჩვეოდნენ,  დიდი დრო დაგვჭირდა, შედეგი კი ძალიან კარგი გვაქვს - უკვე 5 იაგუარი გვყავს, სამი პატარა და მათი მშობლები. ბიჭებიდან ორი ჭრელია, ერთიც - მშობლებივით შავტუხა.

დიდი ნამატი გვქონდა ზებრების, იაკების და სხვა ცხოველების, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებული  იმით იყო, რომ მტაცებლების ნამატი ზოოპარკს აქამდე არ ჰქონია.

ჩვენთან წელიწადი მნიშვნელოვანი მოვლენით დასრულდება - 30 დეკემბერს სპილო ბუნის დაბადების დღეა - 4 წლის ხდება და საზეიმოდ აღვნიშნავთ. ვიწვევთ სტუმრებს. ყველას შეუძლია, საჩუქრად ხილი მოიტანოს, განსაკუთრებით კი - ფორთოხალი, რადგან ბუნის ყველაზე მეტად ფორთოხალი და გოგრა უყვარს.

უფლება მომცეს, ინკუბატორში შევსულიყავი და პატარა ავაზები მენახა. ადამიანებს შეჩვეული არიან და არ გაურბიან. მოფერებაზე ხმამაღალი კრუტუნით "პასუხობენ", მხოლოდ  ხელში აყვანისას ბრაზობენ და ცდილობენ, დაგკაწრონ და გიკბინონ კიდეც. ამ დღეებში საყვარელი გამზრდელი გულიკო კონცელიძეც კი არ დაინდეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რას ჰქვია, მოსაფერებლად ხელში ამიყვანეო, კინაღამ თვალი დაუზიანა.

გულიკო კონცელიძე: - შევესწარი, როგორ მშობიარობდა სესილია. ხვადი ავაზა მო თითქოს ეხმარებოდა. ოთხი პატარა გაჩნდა. თავიდან კარგად მიდიოდა ყველაფერი, მერე პატარებმა უცებ დაიწყეს წონაში კლება და  ზოოპარკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ინკუბატორში გადმოეყვანათ. ორი კვირის განმავლობაში თითქმის არ მიძინია. მთავარი ვეტერინარის  მითითებებით არაფერი დაგვიშურებია, ყველაფერი გავუკეთეთ გამოსაჯანსაღებლად, თუმცა, შედეგის მისაღებად დიდი დრო დაგვჭირდა. ხორცი მივეცით თუ არა, მატება დაიწყეს. მათ მოვლაში თავიდან ასევე მეხმარებოდა თითქმის მთელი ზოოპარკის ძიძა ძაღლი დოდოლინა, პუდელისა და ბალონკას მეტისი. დოდოლინა ბოკვრებს სიყვარულით ლოკავდა და უვლიდა, მაგრამ როგორც კი მოიკეთეს, ერთმა ყველაზე დიდმა ბოკვერმა,  რომელსაც "ბომბორას" ვეძახით, ძიძას ღრენა დაუწყო. იმის შემდეგ დოდოლინა ბოკვრებს აღარ გაჰკარებია.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)