"იაფი ბაზრობის" ავ-კარგი - კვირის პალიტრა

"იაფი ბაზრობის" ავ-კარგი

"გამოდის, რომ დაჩქარებული ტემპით ვიღაცის ჯიბეში მიედინება უზარმაზარი ფული"

მერიის ახალ პროექტს - "იაფი ბაზარი სახლთან ახლოს" - დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხით, ალბათ, არც დავინტერესდებოდი, ჩემი სახლის წინ, ნუცუბიძის პლატოზე რომ არ გაეშალათ თეთრი, გრძელი კარავი და კვირაობით საავტომობილო გზის დიდი მონაკვეთი არ გადაეკეტათ. გადავწყვიტე, იაფი პროდუქტიც შემეძინა და საგაზეთო მასალაც მომემზადებინა.

ბაზრობა კარგა ხნის დაწყებული იყო, როცა გრძელ რიგში ჩავდექი. პროდუქტების ნაწილი უკვე გაეყიდათ და ხალხი წუწუნებდა:

- თქვე დალოცვილებო, მადლს ბარემ მარილიც მოაყარეთ... ან იმდენი პროდუქტი მოიტანეთ, რომ ყველას ეყოს, ან არადა, ისე გაანაწილეთ, რომ 3 საათამდე არ გამოგელიოთ. ერთმა 5 კილო ფორთოხალი და ბანანი უნდა წაიღოს, სხვებს კი ერთიც არ შეხვდეთ?

-  ამდენი პოლიციელი რა საჭირო იყო, თუ აქაურობას არ მიხედავენ? - შფოთავდნენ და ამაოდ ცდილობდნენ თავკომბალად ქცეული რიგის დაშლას.

ამ რიარიას შემხედვარეს მერიის თანამშრომელთან გამოლაპარაკების სურვილი გამიჩნდა. გამყიდველებმა ახალგაზრდა კაცზე მიმითითეს, რომელიც დახლებს იქით მიმოდიოდა და მობილურით ატყობინებდა ვიღაცას, კიდევ რა უნდა მოეტანათ.

გიორგი (ასე გამეცნო) ნუცუბიძის პლატოზე გამართული ბაზრობის მთავარი მენეჯერი აღმოჩნდა. "კვირის პალიტრა" რომ ვახსენე, ცივად გატრიალდა, - არ მცალია, ვერ გიპასუხებთ, არ მაქვს უფლება, სამუშაო საათებში მოქალაქეს ვესაუბროო.

- არც იმის უფლება გაქვთ, ჟურნალისტის კითხვებს უპასუხოთ?

- არა! - მომიჭრა გიორგი-მენეჯერმა და სწრაფი ნაბიჯით კარვის ბოლოსკენ გაემართა.

სხვა გზა არ იყო, გამყიდველებს მივუბრუნდი.

- როგორ ჩაებით ამ პროექტში?

ერთი დადუმდა, მეორემ კი ეჭვით შემომხედა:

- რატომ გაინტერესებთ?

- ჩემს ახლობელს უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობა და ვერ მოახერხა, ამიტომაც გეკითხებით.

-  დაგვიძახეს და მივედით.

- რამდენი გაქვთ ხელფასი?

- ჯერ არ ვიცით. ბოლოს გაირკვევა.

- ბოლოს - როდის?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

ცოტა არ იყოს, უცნაური მეჩვენა ამდენი "არ ვიცი" და "უფლება არა მაქვს". საკვირაო იაფ ბაზრობებთან დაკავშირებული ინფორმაცია რატომ იყო ტაბუდადებული, ამის გარკვევა მოგვიანებით გადავწყვიტე, მანამდე კი ხალხს  გამოველაპარაკე. სახლის ახლოს გამართული ბაზრობით ბევრი კმაყოფილი იყო.

ზაალ კერესელიძე, პენსიონერი - რატომ არ ვიქნები კმაყოფილი! მგზავრობის ფულს ვზოგავ და მაღაზიებსა და ცენტრალურ ბაზართან შედარებით პროდუქტს იაფად ვყიდულობ. "დეზერტირის" და ნავთლუღის ბაზრები რომ შემოიაროთ, ხორცს ასე იაფად ვერსად ნახავთ, აქ კი 9-დან 11 ლარამდე ღირს. ქათამი, კვერცხი, შაქარი, წიწიბურა, თევზი იაფია.

კმაყოფილი ვარ. საახალწლოდ რა თანხაც მეხარჯებოდა, იმის ნახევარი დამეხარჯა  და უამრავი რამ ვიყიდე. მხოლოდ ერთი პრობლემაა მოსაგვარებელი - ამხელა რიგში დგომა, სადაც წესრიგს თავად ხალხი არღვევს, ძნელია.

კმაყოფილთა გვერდით უკმაყოფილოებიც აღმოჩნდნენ...

დავით მეტრეველი, პენსიონერი: - 10 თეთრის მოსაგებად ნამდვილად არ მიღირდა ამ ალიაქოთში ყოფნა. შედარებით იაფი კია აქ გამოტანილი პროდუქტი, მაგრამ სამწუხაროდ, ბოსტნეული და ხილი თურქულია, აქა-იქ შეურიეს კოდის ქათამი, საქონლის ხორცი და მაიონეზი "წეროვანი". რა დააშავა ქართველმა გლეხმა, რომელმაც მოსავალი მოიწია და ხეირი ვერ ნახა? გადამყიდველები მათგან ისე იაფად ყიდულობენ პროდუქტს, მოგება არაფერი რჩებათ. გლეხებს უჭირთ დედაქალაქში ჩამოსვლა, თითო-ოროლა კილოს ხომ არ ჩამოიტანენ ხილს ან ბოსტნეულს, ბევრის ჩამოტანას კი თანხა სჭირდება. ხეირობს  გადამყიდველი  ან ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორც გავიგე, ამ ეგრეთ წოდებულ "იაფ ბაზრობაშიც" დიდმოხელეა ჩარეული.

გიორგი თავართქილაძე, ლექტორი: - აქ არამც და არამც არ შევიძენ ბოსტნეულს და ხილს, რადგან ყველაფერი შემოტანილია. სადაა ჩვენი ქართული ვაშლი, ფორთოხალი, ფეიხოა, კარტოფილი, სტაფილო... თუ გული შესტკივათ მოსახლეობაზე, გლეხებს შეუწყონ ხელი - ტრანსპორტი უფასო იყოს მათთვის და კარვებიც მოუწყონ საკვირაოდ - მერე ნახავდით, თურქულზე იაფი თუ არ იქნებოდა მათი პროდუქტი. ახლა 30-ლარიან ვაუჩერებს რომ ურიგებენ სოფლად, რას გასწვდება - საწვავს, სასუქს თუ საახალწლო პროდუქტს?

იმედი მქონდა, რომ სამუშაო დღის ბოლოს მენეჯერი "კვირის პალიტრასთან" სალაპარაკოდ მოიცლიდა, მაგრამ ისე გაქრა, თვალიც ვერ შევასწარი.

"იაფი ბაზრობის" შესახებ აზრი ვკითხე რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს.

- ეს ეგრეთ წოდებული "იაფი ბაზრობა სახლთან ახლოს" თბილისის ბიუჯეტს 3 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდა. ხალხი კი კმაყოფილია ფასებით, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს მათი ფულია და არა - სხვისი. ეს თანხა შეიძლებოდა სხვა უფრო აუცილებელ მოთხოვნებსა და საჭიროებებს მოხმარებოდა.

საკვირაო ბაზრობის დაწყებამდე თბილისის მერიამ სოფლის მეურნეობის და გლეხკაცის ხელშეწყობისთვის გამოაცხადა ტენდერი, რომელიც კომპანია "აბგ"-მ მოიგო. ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია - პროექტს გამარჯვებული ახორციელებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ის სათავისოდ ირჯება, ანუ ამით არც სოფლის მეურნეობას ეშველება რამე და ვერც გლეხი იხეირებს. აი, რატომ: 2011 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი, 25 ნოემბერს დაფუძნდა კომპანია "აბგ", რომლის დამფუძნებელია ანტონ ბებურიშვილი, დირექტორი - იოსებ ბუქური. 28 ნოემბერს (ე.ი. დაფუძნებიდან 3 დღეში) ამ კომპანიამ მიიღო კვების პროდუქტის ლიცენზია; შეუძლებელია, სამ დღეში აქამდე არარსებულმა კომპანიამ (რომელსაც გამოცდილება არ აქვს) სანიტარიული ნორმების დაცვით მოახერხოს ქუჩებში პროდუქციის გაყიდვა. მშრალ პროდუქტს კიდევ რა უჭირს, მაგრამ როცა ყიდიან ხორცს (საქონლის, ღორის, ქათმის): ზოგს - გაყინულს, ზოგსაც - ახალდაკლულს, რომელ ლიცენზიაზეა ლაპარაკი? გამოდის, რომ დაჩქარებული ტემპით ვიღაცის (ან ვიღაცების) ჯიბეში მიედინება უზარმაზარი ფული და ამის შემდეგ იტყვიან, რომ ეს პროექტი ხალხისთვის ან სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად არის გამიზნული?

P.S. ორშაბათს, დილით, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე (მე-17 და მე-18 კორპუსების წინ) დაცემულ-გაშლილი თეთრი კარვები აშალეს,  იქაურობა მოასუფთავეს და მოძრაობაც აღდგა.