ქალაქში მელია "დააკავეს" - კვირის პალიტრა

ქალაქში მელია "დააკავეს"

"ზოგს შინ ბუ ჰყავს, ზოგს ქვეწარმავალი, უფრო ხშირად კი რატომღაც დათვების მოშინაურებას ცდილობენ"

ვერავინ გაარკვია, საიდან, როგორ და რატომ მოხვდა ერთი ჩვეულებრივი მელია თბილისის დედაქალაქის ქუჩებში. თუმცა, რაღა ქუჩებში, მელაკუდა გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე "დააკავეს", სადაც საეჭვოა ქათმის გულისთვის ასულიყო. აშკარად გზა აებნა. არადა, მელაკუდა ზოოპარკის ბინადარი არ ყოფილა, მაშ როგორ მოხვდა ქალაქში. ამჯერად მელაკუდა ე.წ. საკარანტინო ვადას გადის დაბალ და ვიწრო გალიაში, რათა იოლად შეეგუოს ახალ გარემოს. რაკი ადამიანს თითქმის არ უფრთხის, შესაძლოა, ტყიდან კი არა, ოჯახიდან გამოიქცა, სადაც პატარაობიდანვე გაზარდეს.

დავით თაქთაქიშვილი, ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში: - მელია გლდანში, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში უპოვიათ. მეშვიდე სართულზე ადამიანების შეძახილებით დამფრთხალი სადარბაზოს ფანჯრის მიღმა, ბეტონის ვიწრო სახურავზე გადამხტარა, საიდანაც ვერსად მიდიოდა. რაკი კორპუსის მობინადრეებმა ვერ დაიჭირეს, მერიის სპეციალური სამსახური გამოიძახეს და ასე მოხვდა ჩვენთან.

- თითქოს ადამიანებს არ უფრთხის.

- არის შემთხვევები, როდესაც ტყიდან მგლის ლეკვებივით პატარა მელიებიც მოჰყავთ ოჯახებში და ზრდიან. მართლაც, არც ძალიან უფრთხის ადამიანებს. ერთხელ საყელურიანი მგელიც მოგვიყვანეს, ცხადია, ვიღაცას გამოექცა. იყო შემთხვევა, წერეთელზე ტურა დაიჭირეს და ისიც ჩვენთან მოიყვანეს.

- გარეული ცხოველი თუ ვინმეს მოშინაურებული არ ჰყავს, ტყიდან ქალაქში როგორ უნდა მოხვდეს?

- ზამთარი რთული პერიოდია ცხოველებისთვის. საკვების სიმცირე აიძულებთ ადამიანების საცხოვრებლებთან მისვლას, ძირითადად, სოფლებში, სადაც შინაური ფრინველი და სხვა საკვებია. თბილისის გარშემოც, ფუნიკულორზე, ლისის ტბაზე, ვაკის პარკში, სადაც მეტ-ნაკლებად შერჩენილია ბუნებრივი პირობები, ბინადრობენ მელიები და კვერნები. ასე რომ, შეიძლება ეს მელიაც გამოვიდა რომელიმე ამ ტერიტორიიდან, რაღაცის სუნს გამოჰყვა და... მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში ხშირად გამოჩენილან გარეული ცხოველები. საჭმლის ძიებაში ხშირად ამოყოფენ თავს  შუაგულ ტრასაზე ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

- რამდენი წლის იქნება ზოოპარკის ახალი ბინადარი?

- მელიები ძაღლებივით დიდხანს არ  ცოცხლობენ, 11-12 წელი აქვთ სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა. იმის მიხედვით, როგორ მდგომარეობაშიც არის ახლა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მელია არ არის ბებერი და საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ის არის ხვადი.

- განცალკევებით რატომ ცხოვრობს ახალი მელია?

- ნებისმიერი ცხოველი, რომელიც აქ მოგვყავს, კარანტინს გადის. შემოყვანისთანავე უნდა აიცრას და გასუფთავდეს მკბენარებისგან. შემდეგ ერთი თვე ვაკვირდებით, ხომ არ არის რაიმე დაავადების მატარებელი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ხიფათს არ შეუქმნის ჩვენს ბინადრებს. შემდეგ იწყება აქაურ მელიებთან ადაპტაცია, - მელიების ვოლიერში პატარა გალიით შევდგამთ ახალმოყვანილს. ასე ეჩვევიან ერთმანეთს ცხოველები სუნით და ვიზუალურად. მერე ახალ მელიას დიდ ვოლიერში გავუშვებთ.

- სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდება, რომ მელია ტყეს დაუბრუნდეს.

- ეს შესაძლებელია, ამის პრაქტიკაც გვაქვს. ზოოპარკში ხშირად მოჰყავთ დაშავებული ცხოველი, რომელსაც განკურნების შემდეგ ბუნებაში ვაბრუნებთ. ზოოპარკში დაბადებულს ვერ გავუშვეთ, რადგან მან არ იცის ნადირობა, არ ახასიათებს მისი პოპულაციისთვის ჩვეული თვისებები.  მელაკუდას ერთი თვე ზოოპარკში ყოფნა მოუწევს. დავაკვირდებით, თუ ჯანმრთელი იქნება, შესაძლოა დავაბრუნოთ ბუნებაში.

- ბოლო წლებში ხომ არ გახშირდა გარეული ცხოველის მოშინაურების შემთხვევები?

- ყველაზე ხშირად დათვის ბელებს იჭერენ. სანამ პატარაა და საკვებიც ცოტა სჭირდება, პატრონი ერთობა. უზარმაზარ ცხოველად რომ იქცევა და სახიფათოა მისი შინ ყოლა, ჩვენთან მოჰყავთ, ჩაგაბარებთ უსასყიდლოდ, ოღონდ მოგვაშორეთო. ასე ხვეწნა-ხვეწნით მიღებული უკვე 19 დათვი გვყავს. ბევრჯერ უარით ვისტუმრებთ მთხოვნელებს, რადგან ცარიელი ვოლიერები არა გვაქვს. ამასთან, მათ კვებას უზარმაზარი თანხა სჭირდება. ერთხელ კაცი ჩამოვიდა კახეთიდან, დათვის ბელი მოგვიყვანა და გვითხრა, მის პატრონს დამშეული ჰყავდა დაგდებული, ფული გადავუხადე და თქვენთან წამოვიყვანეო. გვქონდა ადგილი და მივიღეთ. წარმოიდგინეთ, რა კეთილშობილი კაცი იყო, გაუბედურებულ ცხოველში გადაიხადა ფული, მოიყვანა ჩვენთან და როგორი სათქმელი იყო უარი?

ზოგს შინ ბუ ჰყავს. ყოფილა შემთხვევები, გველებიც ჰყოლიათ. სამწუხაროდ, გველებს უფრო ხშირად ხოცავენ. ზოგჯერ კი ვინმე ტყეში წააწყდება რომელიმე ფრინველის ბუდეს, დაავლებს ხელს ბარტყს და წამოიყვანს. ჰგონია, ამით კარგი საქმე გაუკეთა დაობლებულ ბარტყს ან ბელს, არადა, ეს კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ბუნებას თავისი კანონები აქვს. ის მიხედავს თავის შვილებს. ადამიანები, მით უფრო არასპეციალისტები, ამ საქმეში არ უნდა ჩაერიონ. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობთ, ხალხს მოვუწოდოთ, ნუ აკეთებენ ასეთ "სიკეთეს". დათვების დაჭერით უპირველესად საკუთარ თავს იგდებენ საფრთხეში. ძნელია ამხელა ცხოველის მოვლა, ის მხეცია და როგორც კი სქესმწიფე ასაკს მიატანს, აუცილებლად გამოავლენს ველურ ბუნებას და აგრესიული გახდება, ამას კი შეიძლება ტრაგედია მოჰყვეს.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)