თბილისელი ამურები - კვირის პალიტრა

თბილისელი ამურები

ერთხელ მაინც როგორ არ ჩაუვლიდით თბილისის ლამაზ, პატარა სკვერებს. აბა, თუ იტყვით, რა ამშვენებს მათ ყველაზე მეტად - ქანდაკებები, პატარა, კოხტა ქანდაკებები,

რომლებიც მარადიული სიმშვიდიდან შემოგცქერიან...

ერთი ასეთი ქანდაკება ორთაჭალის სკვერშია, - ისეთი ძველი, რომ მისი ბრინჯაო მზესავით ბრწყინავს... უკან 72-ე სკოლა დგას, წინ, - მოგუგუნე ქუჩაა, სადაც ყოველ წამს მიჰქრის ცხოვრება. ამურები დამშრალ შადრევანში ჩამსხდარან და სულაც არ აწუხებთ, გარშემო რა ხდება. ხელში ვარდების წნული უჭირავთ და ფხიზლად უთვალთვალებენ მათ ქვემოთ მდგარ მუზარადიან მეომარს, რომ დრო იხელთონ და სიყვარულის ისარი ესროლონ... ანდა იქნებ უნდათ, ჯერ ვარდების წნული დაადგან თავზე ომში გამარჯვებისთვის... მეომარს კი ისეთი მრისხანე სახე აქვს, მაშინვე მიხვდები, მის გულს ჯერ სიყვარული არ გაჰკარებია და ბრძოლაში თავგანწირული მიიწევს. გვერდით ფაფარაშლილი ლომი მიჰყვება. ის კი ავად უღრენს დროს და ამურებს მეომრის მოცდენისთვის...

ამბობენ, ქანდაკება დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩამოიტანა საიდანღაც და ორთაჭალის სკვერში დაღუპული თანაგუნდელის, ჟანი კალანდაძის მოსაგონებლად დადგაო... კარგი უქნიათ, დრო გაივლის და წარეცხს, რაც ახლა ასე ხმაურობს და მღელვარებს. ამურები, მეომარი და ლომი კი დარჩებიან და დაკარგული მეგობრის სახელით ცოცხლებს შეგვახსენებენ, რა არის მარადიული.