პაემანი მწერალთან - კვირის პალიტრა

პაემანი მწერალთან

"ბიბლუსის" ახალი პროექტი "მე - წიგნი" დაიწყო...

რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მიმოდიან...  ახალგაზრდების ჯგუფმა ხმაურითა და სიცილით ჩაიარა, გოგო-ბიჭებს თვალებში ჭინკები უხტოდნენ. ძალიან ლამაზები იყვნენ... რა სამწუხაროა, რომ არ გადაუხვიეს და თეატრალური სარდაფის პირდაპირ, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" არ შევიდნენ. იქ ხომ ძალიან საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობდა: მკითხველთა შორის იდგა მწერალი დათო ტურაშვილი და წიგნსა და წიგნიერებაზე საუბრობდა.

ცხოვრება საინტერესოდ მიდის, ათასგვარი რეიტინგი დგება, ასახელებენ პოპულარულ წიგნებს, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა. ამ რეიტინგებში შეიძლება არ მოხვდეს "ტომ სოიერი" ან "სამი მუშკეტერი"... ხომ საოცარია? დათო ტურაშვილიც გაოცებულია, თუმცა ამბობს:

- ასეთი რეიტინგებისა არაფერი გამეგება, ვინ ადგენს, არც ის ვიცი... მე ვიცი ერთი რამ: ცუდი წიგნი არ არსებობს, ისე როგორც არ არსებობს ცუდი ადამიანი... ყველა წიგნი შეიძლება გამოგადგეს, რომელსაც წაიკითხავ.

და დათო ტურაშვილი დიდხანს საუბრობს იმ განცდებზე, წიგნის კითხვით რომ მიუღია; იმ "ავადმყოფობაზე", რომელმაც შინ დატოვა და "ტომ სოიერი" წააკითხა... მერე დიდხანს ოცნებობდა ავად გახდომაზე, რომ ისეთივე საინტერესო დღეები დასდგომოდა და წიგნები ეკითხა.

ახლა ყველაფერი შეიცვალა, ინფორმაცია მეტია, საცდურიც... ამ სიტუაციაში როგორმე უნდა გადარჩეს წიგნი, რომელზეც სხვა ქვეყნებში სახელმწიფო დიდად ზრუნავს და რომელზეც ჩვენთან მხოლოდ ადამიანთა ნაწილი დარდობს...

დათო ტურაშვილს მაისურზე სერვანტესის საყვარელი გმირები ახატია. ეს ის წიგნი ყოფილა, რომელსაც მუდმივად კითხულობს სხვა რამდენიმე წიგნთან ერთად. დათო ესპანეთზე გვიამბობს, იქ გამართულ წიგნის ფესტივალებზე... ერთი დასრულდება და მეორე დაიწყება... მარტო დღეები კი არა, ბარსელონაში წიგნის ღამეებიც არსებობს. მიდიხარ ჩაბნელებულ ქალაქში და ირგვლივ უამრავი წიგნია განათებული. მართლაც საოცარი სანახაობა უნდა იყოს.

მაგრამ წიგნი ყველაზე კარგი სანახავი მაინც მკითხველის ხელშია. ამიტომაც, რაც შეიძლება ბევრმა ხელმა რომ გადაშალოს და ბევრმა თვალმა წაიკითხოს, წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ახალი პროექტი "მე - წიგნი" დაიწყო.

ყოველ შაბათს რუსთაველის პროსპექტზე, წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" მკითხველები შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს: მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს. ისაუბრებენ წიგნებზე, გარე სამყაროზე, ადამიანებზე... სწორედ ისე, როგორც გასულ შაბათს მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრისას.

მერე დიდ წიგნში ყველა თავის სურვილს ჩაწერს, ვისთან აინტერესებს შეხვედრა... პირველი ჩანაწერები უკვე გაკეთდა.

"ბიბლუსის" სტუმარმა მწერალმაც გაგვანდო: - დიდი ხანია მივხვდი, რომ მთავარია ქალებმა მოინდომონ, გოგონებმა ისურვონ და წიგნებს სულ უბრალოდ წააკითხებენ ბიჭებს.

"თუ ქართველ გოგონებს ეყვარებათ წიგნები და განათლებული ბიჭები, ბიჭები იძულებულები გახდებიან, იკითხონ ბევრი წიგნი და გახდნენ განათლებულები. დათო ტ." - ჩაწერა დიდ წიგნში ბოლოს.

მართალია მხოლოდ პროექტი "მე - წიგნი" ვერ იტვირთავს სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტ საქმეს, მაგრამ მთავარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ შაბათს მივლენ "ბიბლუსში" და ილაპარაკებენ წაკითხულ და წასაკითხ წიგნებზე... ისინი ჯერ ათნი იქნებიან, მერე ოცნი, ოცდაათნი... მერე ასნი და მეტნიც გახდებიან.

მერე, როცა რუსთაველზე მხიარულად გაივლიან, მათ თვალებში წავიკითხავთ, რომ გოგონებს უყვართ განათლებული ბიჭები და ბიჭები ბევრს, ბევრს კითხულობენ... შაბათს კი, დღის 2 საათზე, როგორც პაემანზე, ისე მიიჩქარიან "ბიბლუსისაკენ".