ზევით თაკარა მზე, ქვევით - ასფალტი ანუ თბილისს შემორჩენილი პატარები
14-08-2009
თბილისში ცხელა. დროდადრო ისეთი შხაპუნა დასცხებს, ისევ თაკარა მზე გაგიხდება სანატრელი... ასე განსაჯეთ, თავაწყვეტილი თბილისელი მძღოლებიც კი რაღაც "ჯანზე" ვეღარ დაქრიან. ჰოდა, სად უნდა გაიქცე, თუ სხვაგან გასაქცევი არ გაქვს? სად და - პარკებში! მათ 40 0ჩ-იანი შუადღეც ვერაფერს აკლებს.
იქა აქვთ თავი შერგული თბილისში დარჩენილ პატარებს. მაგრამ პარკებზე (და პარკერებზე) მერე გიამბობთ, ახლა ცოტას ეზოებში შეგახედებთ, სადაც პატარები კოპებშეკრული დადიან. აბა, რა ქნან - მშობლები არც პარკებში უშვებენ და
არც დასასვენებლად.

გამოვდივართ მე და ჩემი მეგობარი საბურთალოზე და სადარბაზოსთან პატარა ბიჭი  გვხვდება ატუზული, ხელში ჰამბურგერი უჭირავს, გვერდით ძაღლი უდგას.

- არ წახვედი, მამუკა, სოფელში? - ეკითხება ჩემი მეგობარი.

- არა, - პასუხობს გულმოსული ბიჭი, - დედამ, იქ ვინ მოგივლისო, მე წამოსასვლელად არ მცალიაო... მარტო
ვარ.

- რატომ მარტო, აგე, ბუკაც ხომ თბილისშია, - ამხნევებს მამუკას ჩემი მეგობარი. ის კი ჰამბურგერს უტეხავს ძაღლს და იმ ხელით უდებს პირში, რომლითაც თვითონ ჭამს...

- აბა, რას შვრები, - მაგ ხელით ჭამა როგორღა შეიძლება, - ვარიგებთ მამუკას და ჩრდილისკენ ვუჩვენებთ, - წადი, იქ დადექი, ნახე, რა ჭკვიანი ბიჭია, ჩრდილში რომ წევს.

- ჭკვიანი არა, ისა, - ტუჩს გვიბზუებს პატარა, - ეგ სულ ველოსიპედით დადის მზეში, - ეჭვიანობს მამუკა ველოსიპედის პატრონზე.

- ვაახ, კაცოო... ამათ ნეტა, პატრონი არა ჰყავთ, ამ სიცხეში რო დაშლიგინობენ! - შფოთავს ჯიხურში მსუქანი გამყიდველი და სახეს იწმენდს.

- ჰყავდეთ, მერე, დაუჯერებენ, რო? - მეღიმება გულში, - როგორ გვავიწყდება, მათ ასაკში ჩვენც რომ ასე ვიქცეოდით...

უნდა ნახოთ, ალექსანდრეს ბაღში როგორ გადადიან სალტოებს კიბეზე. როგორია, ზევით თაკარა მზე, ქვევით - გავარვარებული ასფალტი და კიდევ სალტო...

ერთხანს მეგობარს ვეხვეწე, - ეგებ ეს ბავშვები აქაურობას მოვაშოროთ, რაიმე არ მოიტეხონ-მეთქი... ერთმა - ნუ გეშინია, დეიდაო და ჩემს ჯინაზე კიდევ აფრინდა ჰაერში. ჩემს ხვეწნას აზრი რომ აღარ შერჩა, - მაშინ მითხარით, ეგ რა სპორტია და სურათს გადაგიღებთ-მეთქი.

- არ იციო? - გაიკვირვეს, - ყველაფრიდან ვხტებით - ხეებიდან, კედლებიდან, ბოძებიდან... ამას პარკური ჰქვიაო.

- არ გცხელათ-მეთქი?

- მერე რა, ისეთი პატარა ხომ არა ვართ, იმ აუზში რომ ჭყუმპალაობს, - მითხრეს დიდი კაცებივით და შადრევანში ჩამდგარი გოგოსკენ ამრეზით გაიხედეს, - ვითომდა ეგ რა გართობააო. გამეცინა და «დიდ ბიჭებს» ხელი სერიოზულად ჩამოვართვი. შადრევანში ჩამდგარმა გოგონამ კი ხელი მხიარულად დამიქნია - სულაც არ აწუხებდა არც შენი პარკური და არც პაპანაქება...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?