ცენტრ-პოინტის მიერ დაზარალებული მენაშენეები ყურადღებას სახელმწიფოსგან ითხოვენ - კვირის პალიტრა

ცენტრ-პოინტის მიერ დაზარალებული მენაშენეები ყურადღებას სახელმწიფოსგან ითხოვენ

"კვირის პალიტრამ" "ცენტრ-პოინტის"  მიერ დაზარალებულთა პრობლემებს არაერთი წერილი მიუძღვნა, რასაც  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ხნის მანძილზე უამრავი ადამიანი დაგვიკავშირდა, უმრავლესობამ იგივე პრობლემის შესახებ ახალი სტატიის დაწერა გვთხოვა. არადა,  ყოველი მათგანის ისტორია ერთმანეთს ძალიან ჰგავს: ამ ადამიანებმა ფული წინასწარ გადაიხადეს, აშენებული ობიექტი კი არ ჩაბარდათ. აღვნიშნავთ, რომ მენაშენეებს ხოშარაულის, სააკაძის, ღრმაღელეს, ნაძალადევის, დიდი დიღმის, მიონის, რობაქიძის, ყიფშიძის, სამგორის, კრწანისის, ლუბლიანას, პუშკინის, ნინოშვილის, ბაკურიანის, ლიკანის და სხვა  ტერიტორიებზე უნდა ჩაბარებოდათ აშენებული ობიექტები. მათ დაზარალებულ მენაშენეთა ასოცაცია შექმნეს და  ვითარების სამართლებრივ შეფასებას ითხოვენ. ახლახან დაზარალებულებს პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზი დაეთმოთ, სადაც ფინანსური აფერის ნიშნებზე ისაუბრეს. ამ სხდომის ტელეტრანსლაციაც განხორციელდა. დაზარალებულთა ინტერესებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე იცავდა. ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა, მოცემულ სიტუაციაში გამოსავალი, რაც ამ არცთუ  მცირერიცხოვან ადამიანებს პრობლემას მოუგვარებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

- გამოსავალი მხოლოდ სამართლებრივი შეფასების კუთხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი, ბატონი ზურაბ ადეიშვილი გამონახავს დროს და ნახავს ამ სხდომის ჩანაწერს, სადაც დეტალურად, მტკიცებულებების დონეზე არის აღწერილი "ცენტრ-პოინტის" მოქმედებები და დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ველოდებით აღნიშნულ საქმეზე იუსტიციის მინისტრის რეაქციას. 29 მარტს ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში მობრძანდება და აუცილებლად დავუსვამთ შეკითხვას ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა პასუხს გაგვცემს.

- პარლამენტის ვიცე-სპიკერთან რუსუდან კერვალიშვილთან თუ გქონდათ საუბარი აღნიშნულ თემაზე?

- დიახ, კონსულტაციები  ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილთანაც მიმდინარეობს,  მაქვს მცდელობა დაზარალებულ მენაშენეთა  ასოციაციის წარმომდგენლების და ვიცე-სპიკერის შეხვედრა შედგეს. ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური ქულების დაწერა, გულწრფელად მსურს ამ ადამიანების სასარგებლოდ გადაწყდეს პრობლემა. აღნიშნული ვითარების სამართლებრივი  შეფასება დღემდე არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ცალკეული პერსონების სასამართლო პროცესებს. "დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია", როგორც  იურიდიული სამართლებრივი ფორმის მქონე ერთობა, უფლებამოსილია წერილობით  მოითხოვოს აღნიშნული სიტუაციის სამართლებრივი შეფასება.

- თქვენი აზრით, ამ ადამიანების ზარალის ანაზღაურება როგორ  უნდა მოხდეს?

- ზარალის  ანაზღაურების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა კანონით დადგენილი ფორმით, დამზარალებლის ან მისი სამართალმემკვიდრის ქონების გაყიდვით  ხდება.

-ფიქრობთ, რომ ეს ქონება  6200 მოქალაქეს ზარალს  აუნაზღაურებს?

- მოცემულ სიტუაციაში პასუხი ან  რამე მზა რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს. გამოსავლის ძიება მარტივი არ არის, ამას  მსჯელობა და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი სჭირდება.

P.S.ცხადია, შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი საკმაოდ ძნელი მოსაძებნია.  დაზარალებული მენაშენეების განცხადებით, სახელმწიფო თუ ამ 6200 ადამიანის ბედით გულწრფელად დაინტერესდება, შესაძლოა პრობლემის მოგვარების გზაც გამოჩნდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)