საგზაო "ქალაქობანა"?! - კვირის პალიტრა

საგზაო "ქალაქობანა"?!

როგორი იქნება "დამშვენებული" თბილისი

"გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამ არ გაამართლა"

ახალი პროექტები უსაშველო საცობების განსატვირთად

"მსოფლიოში ასეთ სისულელეს -  ერთზოლიან პანდუსებს - არსად აკეთებენ"

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილით გადაადგილება კვლავ პრობლემა გახდა. უსაშველო  საცობები მოწმობს, რომ გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამ მოძრაობა ვერ განტვირთა, ამიტომ დედაქალაქის მერიამ გამოსავალი მოიფიქრა - დამატებით გვირაბებსა და პანდუსებს ააშენებს. ახალი, გრანდიოზული პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება. პროექტი 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება.  ექსპერტები ეჭვობენ, რომ მერიის ახალი სატრანსპორტო სქემები არ გაამართლებს. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამაზე ხმამაღლა მსჯელობას ერიდება, არაოფიციალურ საუბრებშიI კი აცხადებენ: პროექტი რომ გააკრიტიკო, მისი სრულყოფილი ექსპერტიზა უნდა გქონდეს ჩატარებული; სხვაგვარად ასეთ საკითხებზე მსჯელობა მარჩიელობას დაემსგავსება, საგანგებო ექსპერტიზას კი იმდენი ფული სჭირდება, რომ ამ საქმეს თავს საქართველოში მოქმედი ვერც ერთი არასამთავრობო სპეციალური ორგანიზაცია ვერ გაართმევს.

სპეციალისტების განმარტებით, საექსპერტო სამუშაოები რეკონსტრუქციის ან მშენებლობის სქემის შედგენამდე უნდა ტარდებოდეს, საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ უნდა მიიღოს და არა - ჩინოსანთა ან მათზე სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებულ სპეციალისტთა პატარა ჯგუფმა. დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის ამ თემაზე სასაუბროდაც კი არავის დაუძახია, ამიტომ ისინი ეჭვობენ, რომ დედაქალაქის მერიას საგანგებო კომისიის მონაწილეობით ან მის გარეშე მსგავსი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, ისევე, როგორც გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის შედგენის დროს. ამბობენ, ახალი სარეკონსტრუქციო პროექტიც ზედაპირული გათვლების საფუძველზე შედგა და ტექნიკურ საკითხებს ღრმად მუშაობის პროცესში შეისწავლიანო(?!).

ექსპერტი რობერტ იანტბელიძე მიიჩნევს, რომ ახალი პროექტების ავკარგიანობის შესახებ მსჯელობა უკვე განხორციელებული პროექტების მაგალითზეც შეიძლება.

- სამწუხაროდ, მერიაში საქმის მცოდნე ხალხს თავის დროზე არაფერს ეკითხებიან, მოგვიანებით კი თავს იმტვრევენ, როგორ გამოასწორონ შეცდომები და პროფესიონალებს ურმის გადაბრუნების შემდეგ წაღმა-უკუღმა დაარბენინებენ გმირთა მოედანზე, არიქა, რამე გვიშველეთო. სამწუხაროდ, გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამ არ გაამართლა, ამიტომაც შექმნეს ახალი, ე.წ. მოძრაობის განტვირთვის სქემები, რომელთა შედეგი წინასწარ ასევე არავის გაუთვლია. პროექტის ავკარგიანობა იმით განისაზღვრება, არის თუ არა ტექნიკურად მისაღები, ეკონომიკურად მომგებიანი და შეესაბამება თუ არა ქალაქის არქიტექტურულ იერსახეს. ჩვენთან სამივე პარამეტრი დარღვეულია, ამიტომ ვერ გაამართლა ასმილიონლარიანმა პროექტმა გმირთა მოედანზე. მსოფლიოში ასეთ სისულელეს -  ერთზოლიან პანდუსებს - არსად აკეთებენ. მანქანა მეორე სართულზე ადის და გათვალისწინებული არ არის, მისი მოულოდნელად გაფუჭების შემთხვევაში გვერდზე როგორ უნდა გადააყენო, რომ მოძრაობა არ შეაფერხო. შეიძლება, მეორე სართულზე სათადარიგო სამოძრაო ზოლი არ დაუტოვო ტრანსპორტს? კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიის მხრიდან ვაკისკენ რომ ადიხარ, მსოფლიოში აღიარებულ მარჯვნივ მოკლე მოხვევის მეთოდს კი არ იყენებ, ცენტრში გადიხარ და მარჯვენა შუა ზოლიდან უხვევ. ეს სისულელე იმის შედეგია, რომ ასეთ საკითხებს წყვეტენ მერიის კეთილმოწყობისა და სატრანსპორტო სამსახურების უფროსები, ანუ ის ადამიანები, ვისაც, ალბათ, ტექნიკური უნივერსიტეტიც კი არ აქვთ დამთავრებული და ნახაზის შედგენაც არ იციან.

უარესი უვიცობისა და არაპრაქტიკულობის მაგალითს შეგახსენებთ - ყოფილი სასტუმრო "აჭარის" წინ უზარმაზარი მოედანი, რომელიც საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობის გამანაწილებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტერიას უნდა წარმოადგენდეს, ავტოსადგომად არის გამოყენებული. ასეთ ეფექტურ ტერიტორიას ვერ იყენებენ გონივრულად და უფრო რთულ პროექტებს ეფექტურად გათვლიან?! მანიპულირებენ ვიზუალური ეფექტებით - თითქოს რაც მეტ პანდუსს და გვირაბს დახატავენ ან ახსენებენ, მით მეტად დაახვევენ თავბრუს ხალხს. სად არის გათვლები - რა დატვირთვას და რამდენი ხნით გაუძლებს ეს ერთზოლიანი გვირაბები და პანდუსები?

P.S. ექსპერტების მსგავსად, უკვე განხორციელებულ ცვლილებებს მძღოლების უმრავლესობაც იწუნებს. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ ახალი ესტაკადებისა და გვირაბების მშენებლობის პროცესში საცობების გამო თბილისში ნამდვილი ჯოჯოხეთი შეიქმნება. ავტომობილების მეპატრონეებს ვერ გაუგიათ,

რა საჭირო იყო ერთბაშად რამდენიმე ადგილზე დიდი მშენებლობების დაწყება მაშინ, როდესაც შესაძლო იყო პროექტების ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელება.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ გზებზე ასეთი დაჩქარებული წესით და თანაც ბევრ ადგილზე დაწყებულ მუშაობას ძირითადად დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესება კი არა, ხელისუფლების წინასაარჩევნო ინტერესები განაპირობებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (აგბ), მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებსა და განსაკუთრებით დედაქალაქში სხვადასხვა პრიორიტეტული სატრანსპორტო პროექტის განხორციელების მიზნით, 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიების განმარტებით, უცხოური გრანტიდან კაპიკს ვერ მიიღებ, თუ დაფინანსების პროექტის ფარგლებში შესაბამის მშენებლობებს არ დაიწყებ, ამიტომაც ხელისუფლება თბილისის გზებზე ვითომ მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ახალ "საატკატო" პროექტზე მუშაობს და არჩევნებამდე განსაკუთრებულად ამიტომაც ჩქარობსო.

არსებობს მოსაზრება, რომ დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის შემოდგომამდე ვერ შეძლებს დაწყებული პროექტების დასრულებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 8 თვეში ასეთი სერიოზული პროექტები ვერ განხორციელდება. ამის მაგალითად 2010 წლიდან დღემდე მშენებარე დიღმის გვირაბი მოაქვთ. თავის დროზე ითქვა, რომ აღნიშნული ობიექტი ოთხ თვეში უნდა დასრულებულიყო. სპეციალისტების ვარაუდით, თუ ხელისუფლება ჩვეული, 24-საათიანი, არანორმალური დაჩქარების რეჟიმში ამუშავებს მშენებლებს, ხარისხი საეჭვო იქნება. გზის მშენებლობა, გვირაბის და პანდუსების აგება სილაში ქალაქობანას თამაში არ არის, რომ ხარისხი ეჭვქვეშ არ დააყენო.

მძღოლები კი უკვე შიშობენ, რომ მარჯვენა სანაპიროზე მშენებლობის შედეგად მარცხენა ზოლიც ჩაიხერგება.

ფაქტია, მშენებლობის დასრულებამდე და თბილისურ გზებზე შეუფერხებლად გაქროლებამდე, გადაადგილება მოთმინებით მოგვიწევს. მMერიის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ჩვენთვის ტარდება, შეფერხებისთვის კი მერია ბოდიშს გვიხდის!

კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ჩამოსასვლელი ესტაკადა

გმირთა მოედანზე ახალი ესტაკადის დამატება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ორი დიდი ნაკადის გადაკვეთა საცობს ქმნიდა. კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალი დაახლოებით 2000, 2500 ავტომობილი და მზიურის მხრიდან, ახალი გზით შემომავალი, დაახლოებით იმავე რაოდენობის ნაკადი შუქნიშანთან ხვდებოდა ერთმანეთს. შუქნიშანმა ვეღარ გაართვა თავი შეჯერებული ნაკადების დარეგულირებას, ამიტომაც ის ამოვარდება კვანძიდან და მოძრაობა ახალი ესტაკადით (#1) განიტვირთება.  კოსტავას გამზირით ჩამომავალი ნაკადი თუ წრეზე გავლით მიდიოდა საბურთალოზე, ამჯერად ესტაკადით, დაუბრკოლებლად, შუქნიშნის გარეშე განაგრძობს სვლას. ასევე ესტაკადით, დაუბრკოლებლად ისარგებლებენ კოსტავას ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები. ესტაკადის ქვეშ, შუქნიშნის გარეშე, ლაგუნა ვერეს მიმართულებითაც დაუბრკოლებლად იმოძრავებენ ავტომობილები.

პანდუსი გალაკტიონის ხიდთან, მარჯვენა სანაპიროზე

ამ მონაკვეთზეც რეკონსტრუქციის მიზანი იყო კვანძიდან ამოვარდნილიყო ხიდის აღმოსავლეთ მხარეს არსებული შუქნიშანი, რომელთანაც დიდი ნაკადები იყრის თავს. გვირაბი და ორი პანდუსი, ელბაქიძის აღმართზე ასასვლელ-ჩასასვლელად საშუალებას იძლევა, მარჯვენა სანაპიროზე ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავმა ტრანსპორტმა დაუბრკოლებლად, შუქნიშნის დახმარების გარეშე იმოძრაოს.

ესტაკადა ბარათაშვილის ხიდთან, ახალი იუსტიციის სახლის წინ

იუსტიციის მშენებარე სახლთან მდებარე შუქნიშანთან დასავლეთიდან აღმოსავლეთით და პირიქით, მოძრავი ცენტრალური ნაკადები ჩერდება იმისათვის, რომ გაატაროს ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომავალი და საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ნაკადი. ეს ნაკადი ახალი ესტაკადის (#2) საშუალებით დაუბრკოლებლად განაგრძობს სვლას საბურთალოსკენ. შუქნიშანი კი გაუქმდება და ამის გამო აღარ შეყოვნდება აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ძირითადი ნაკადები.