მაშ, რა საჭიროა ამდენი შადრევანი? - კვირის პალიტრა

მაშ, რა საჭიროა ამდენი შადრევანი?

თბილისის მერიამ წყალი დაგვიპატიმრა?!

განახლებული აღამაშენებლის გამზირის საზეიმო გახსნიდან მალევე გამაგრილებელი შადრევნები და სასმელი წყლის ნიჟარები "დამუნჯდნენ." მარტო აღმაშენებლის გამზირზე სასმელი წყლის ექვსი ნიჟარა დგას. მათგან ხანდახან ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან მდებარე ნიჟარაში მოდიოდა წყალი. ბოლო ხანს კი ისიც "დაშრა". რამდენიმე დღის წინ აქვე კურიოზულ სიტუაციას შევესწარი: ქარიან ამინდში ორიოდე საათით ჩართეს გამაგრილებელი შადრევანი. ქარი წყლით წუწავდა იქაურობას და გამვლელ-გამომვლელს ასველებდა. იქვე ახლოს კი სასმელი წყლის ნიჟარაში წყალი არ მოდიოდა. ამავე ბაღში სპეცფორმიან გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან არაოფიციალურ საუბარში გავარკვიე, რომ ეს წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით კეთდება. გამაგრილებელ შადრევნებში წყალი ცირკულირდება და შესაბამისად ნაკლები იხარჯება. სასმელი წყლის ნიჟარას კი საჭიროა მუდმივად მიეწოდებოდეს სასმელი წყალი. თვის ბოლოს უზარმაზარი გადასახადი იყრის თავს. მარტო ამ ერთი ციდა ნიჟარიდან მარტის თვის გადასახადმა 1.500 ლარს მიაღწია(?!).

"კვირის პალიტრამ", მიუხედავად იმისა, რომ ბაღს დაცვის პოლიცია სდარაჯობს, ფარულად მოახერხა გადაეღო კონტეინერი, რომელშიც მრიცხველები და მთავარი ონკანებია ჩამონტაჟებული. ნიჟარებამდე წყალი კი მიდის, მაგრამ წყლის გამშვები მოწყობილობის პატრონი, ანუ მერია კეტავს ონკანებს. ასე რომ, წყალი როგორც ხუმრობენ, დევებს კი არა, მრიცხველების გამოჩენას გაუქრია.

დახარჯული წყლის ღირებულება მრიცხველების მიხედვით შემდეგი ტარიფით დაანგარიშდება: კერძო პირი, ანუ ნებისმიერი მოსახლე 1 კბ/მ, ანუ ტონა წყალში გადაიხდის 26,6 თეთრს, ნებისმიერი იურიდიული პირი, ანუ ორგანიზაცია - 4,4 ლარს. მოგეხსენებათ, შადრევნების მეპატრონე თბილისის მერიაა, რომელსაც, ჩანს, წყლის საფასური ეძვირება და ეკონომიას მოქალაქეების წყურვილის ხარჯზე აკეთებს.

ბოლო დროს თბილისში სასმელი წყლის ნიჟარების ნაწილს დიზაინი შეუცვალეს (ჩამკეტი ონკანები დაუყენეს), მათ შორის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სამ ნიჟარასაც, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა წყალს 24 საათი განუწყვეტლივ კი აღარ ედინა, მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად მოეშვათ ონკანი მოქალაქეებს. თუმცა, იმის გამო, რომ ონკანები უხარისხოა და მალე ფუჭდება, ხშირად წყალიც ფუჭად მოედინება. ყინვის დროს აღმაშენებელზე მდებარე ერთ-ერთი ნიჟარის  მილი დაზიანდა და ძვირად ღირებული წყალი კარგა ხანს ლაღად მირაკრაკებდა ტროტუარზე...

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ყინვით დახეთქილი მილები წყლის შეწყვეტასთან არაფერ შუაშია: "როდის ყინვები იყო, მას მერე მილების შეკეთებას წინ რა დაუდგა? მერია და საკრებულო ცდილობენ, იქ მოუჭირონ ფინანსებს, სადაც თვითონ ვერ იგრძნობენ მოჭერის სიმძიმეს, ამიტომაც დააპატიმრეს წყალი.

თუმცა ადრეც პრობლემა იყო შადრევნების ამუშავება. ვაკის პარკში არ რთავდნენ დიდ შადრევანს, რადგან ამას დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდებოდა. იქ ახლაც შადრევანი მხოლოდ გარკვეული ხნით ირთვება. ელექტროენერგიის გადასახადს დაემატა ისევ მერიისა და საკრებულოს”მიერ გაძვირებული წყლის გადასახადიც და უფრო მოუჭირეს ონკანებს. როგორც ცნობილია, სასმელი წყლის ერთი ნიჟარა დღე-ღამეში ხარჯავს დაახლოებით 15 კბ/მეტრ წყალს. თვის განმავლობაში ასეთ ნიჟარებზე  საშუალოდ 2.000 ლარამდე გადასახადი მოდის. დაითვალეთ, რამდენი წყლის ნიჟარაა, რამდენი შადრევანი და დარწმუნდებით, რომ მერიას უღირს ონკანების მოკეტვა. ლუი მეთოთხმეტესავით ემართებათ, ვერსალში 1200 შადრევანი კი გააკეთებინა, მაგრამ იმის საშუალება არ იყო, რომ წყლით მუდმივად მოემარაგებინათ და კვირაში სულ 3-4 საათით რთავდნენ. აღმაშენებელზე ერთი დანაშაული ხეების დაჭრა იყო - თაკარა მზეში დატოვეს ქუჩა, ახლა ამას უწყლობაც დაემატება და მალე გაუსაძლისი გახდება აქ ცხოვრება.

ჩვენი სასმელი წყალი არ არის კარგად გაწმენდილი - წვრილი ნალექი მოჰყვება. ეს ნათლად ჩანს უნიტაზის ჩამრეცხ ავზშიც, სადაც ყოველდღე უხვი ნალექი გროვდება და აფუჭებს მოწყობილობას. იგივე ხდება შადრევნებშიც, რაც მისი მოვლის ხარჯებს ზრდის. ეს იცის მერიამ, რომელსაც ურჩევნია სხვა საქმეში არ დაიკლოს ფული, ხალხის წყურვილი კი, აბა, მაგათ გულთან რა მისატანია?!"

24-ე სკოლის წინ მდგარი შადრევნიდან მეორე კვირაა, უქმად იღვრება წყალი. როგორც ბავშვებმა მითხრეს, - ონკანი გაფუჭდა, ამის გამო მას ეჯაჯგურნენ და საერთოდ მოაძვრეს.

აკვედუკი - პირველი წყალსადენი

პირველი წყალსადენი, აკვედუკი, რომში ჩვ.წ.აღ. 312 წელს აუგიათ რომის სახელმწიფო მოღვაწის და ცენზორის, აპიუს კლავდიუსის თაოსნობით. მან რომში პირველი გზაც დააგო (ცნობილი აპიუსის გზა). რომს წყლით 11 აკვედუკი ამარაგებდა. იგი 500 წელი შენდებოდა და მისი საერთო სიგრძე 350 კმ იყო. წყალგაყვანილობა რომში საჯარო სახსრებით და ომში გამარჯვებით მიღებული ნაალაფარი ფულით შენდებოდა. რომაელები აკვედუკებს დასახლებაზე მაღლა განლაგებულ მდინარეზე აგებდნენ, რომ წყალს ბუნებრივი ინერციით ევლო. აკვედუკებში დღეში საშუალოდ 20 000 კბმ წყალი გადიოდა. 21-ე საუკუნეშიც არ გვაწყენდა რომაელების მსგავსი გამჭრიახობა იმისათვის, რომ წყლის მწყურვალთან მისვლა იაფი დაჯდეს.

ერთ-ერთ ამერიკულ პარკში ისეთი სასმელი წყლის ფანტანი დადგეს, რომელიც თვითონ სთავაზობს წყალს მასთან მისულ მომხმარებელს და წვეთსაც კი არ ღვრის უქმად.

საამაყო შადრევნების საარაკო ამბები

თბილისის ყველა შადრევანი ჩვეულებრივი, სასმელი წყლით მარაგდება. რადგან ტექნიკური წყლით მომარაგების ქსელი არ არსებობს. ტექნიკურად მიიჩნევა წყალი, რომელიც სასმელად ვარგისიანობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ნებისმიერ შადრევანს წყალი ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელიდან მიეწოდება, მაგრამ არაყოველდღიურად. წყალი შადრევნის ფსკერზე ჩადის, საიდანაც საცირკულაციო ტუმბოსა და შემწოვი მილების საშუალებით იქცევა შადრევნად.

თითოეულ შადრევანს სხვადასხვა რაოდენობის, მაგრამ იმაზე ბევრად მეტი წყალი დასჭირდებოდა, ვიდრე სასმელი წყლის ნიჟარას. ამიტომაც შეუძლებელია შადრევნები ყოველდღე, 24 საათის განმავლობაშიI მარაგდებოდეს, რადგან მათი მომარაგება ძალიან ძვირი დაჯდებოდა.

შადრევნის ავზში, ანუ ფსკერზე წყალი დაბინძურების შემთხვევაში იცვლება. იწყება ცხელი სეზონი და ბავშვებიც ძველებურად დაიწყებენ შადრევნებში ჭყუმპალაობას, რაც სპეციალისტების აზრით დერმატოლოგიური დაავადებების გაჩენის საფრთხეს ქმნის. კატეგორიულად მიუღებელია შადრევნის წყლის დალევაც, მიუხედავად იმისა, რომ შადრევანი სასმელი წყლით მარაგდება, ნადგომი წყალი დაბინძურებულია.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)