"გავაცოცხლოთ" მტკვარი!... - კვირის პალიტრა

"გავაცოცხლოთ" მტკვარი!...

"შესაძლებელია მტკვარზე წისქვილების ისევ აშენება.

ეს თეატრალიზებული სანახაობა იქნება"

მართალია, მტკვარი დაბინძურებულია, მაგრამ მისი შემოგარენის სილამაზის შემხედვარეს ისტორიული ფოტოები გახსენდება. შემდეგ იმაზე ფიქრობ, რა იქნება ამ მტკვარზე ისევ ტივები გადადიოდეს, წისქვილები იდგეს და დოლაბებს სულ რაკრაკი გაჰქონდეს. შესაძლებელია თუ არა ამგვარი "თეატრის" არსებობა თანამედროვე თბილისში, ამ საკითხზე გიგა ბათიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც გაიხსენა რიყესთან წისქვილები, ტივტივა და ბორბალი, მადათოვის კუნძული, ავლაბრისა და ვირის ხიდები, შაჰ-აბასის მეჩეთი, ის ადგილები, რომლებიც მეტეხის ხიდისა და სანაპიროს მშენებლობას შეეწირა. არქიტექტორმა ერთი საინტერესო პროექტიც გაგვაცნო, რომელსაც მკითხველს ექსკლუზიურად ვთავაზობთ.

- იცით, ძველი თბილისის სურნელი რაში გამოიხატება? პატარა ბიჭი ვიყავი, მეათეკლასელი, გავიგე, ახალგაზრდა მეცნიერების ჯგუფი ისტორიული ობიექტების დასათვალიერებლად ექსკურსიის მოწყობას აპირებდა ქალაქში. ამ ჯგუფს ავეკიდე. დავიარე სომხური გრიგორიანული ეკლესიები, ორივე სინაგოგა, ვნახე ათეშკა - კერპთაყვანისმცემლების ტაძრის ფრაგმენტი ნარიყალას ფერდზე, კათოლიკური ეკლესია და ორივე მეჩეთი. ერთი ახლაც არის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან. მახსოვს, შაჰ-აბასის მეჩეთი ორი დარბაზისგან შედგებოდა (ერთი შედარებით დიდი იყო, მეორე - პატარა). ერთ კედელზე იყო მიჰრაბი, რომელშიც ყურანი იდო. ასეთივე მიჰრაბი იყო წინა, პატარა დარბაზში, რომელიც მოსაცდელს უფრო ჰგავდა. თვალებს არ დავუჯერე, რომ იქვე წმინდა გიორგის ხატი, შანდალი და სანთლები შევნიშნე. სკოლაში იმ ლიტერატურაზე ვიზრდებოდი, სადაც სულ გიაურის ძახილი, თავის მოკვეთა და მაჰმადიანური სამყაროს ქრისტიანულთან ბრძოლა იყო ასახული. ამიტომ მოლას გაოცებულმა ვკითხე, აქ წმინდა გიორგის ხატი რატომ დევს-მეთქი. ჩვენს მრევლში (გულისხმობდა ირანელ მოსახლეობას) ქრისტიანების მცირე ჯგუფიც არის და გვინდა, ისინი თავიანთ ღმერთთან სალოცავად აქ მოვიდნენ და არა თქვენთანო, მიპასუხა. მათ ასიმილირების ძალიან საინტერესო პოლიტიკა ჰქონდათ. მეჩეთში, რომელიც ბოტანიკურ ბაღთანაა, შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობდნენ, რაც სხვაგან წარმოუდგენელი იყო. ჩვენი დედაქალაქი სწორედ ამითაა უნიკალური და ძველი თბილისის "სურნელის" აღქმაც ეს არის.

მახსოვს, მარგარეტ ტეთჩერი როცა ჩამობრძანდა, მეტეხის პლატოზე ვიდექით და მკითხა, თქვენი ტოლი ერები აღარც არსებობენ, თქვენ კი ფორმალურად თუ არაფორმალურად, სახელმწიფოებრიობა მაინც შეინარჩუნეთ ყოვლად გაუგებარ ისტორიულ სიტუაციაშიც კი, ამას რით ხსნითო (სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასე კარგად გაცნობიერებული ადამიანი იშვიათად მინახავს). გავიხედ-გამოვიხედე და კა-გე-ბეს თანამშრომლებით ვიყავით გარშემორტყმული. ვფიქრობდი, რა მეთქვა. ბოლოს იქით ვკითხე, ინგლისელისთვის ხომ არის მისი სახლი მისი ციხესიმაგრე? (ცნობილი გამოთქმა მოვიშველიე). რა თქმა უნდაო, დამეთანხმა "რკინის ლედი". "ჩვენთვისაც ასეა, მაგრამ თქვენი ციხესიმაგრე ჩაკეტილია და ისე გიცავთ, ჩვენი გახსნილია მთელი სამყაროსთვის და ამით ვართ დაცული! აი, შეხედეთ", - ვუთხარი და გაშლილი სივრცისკენ გავახედე, სადაც სიონის სანაპირო, ნარიყალას ფერდობი ჩანდა, კულტურულ-რელიგიური ძეგლები "გადმოფენილი" იყო.

თბილისის შუაგულში ეთნიკურად და რელიგიურად ჭრელი კონგლომერატი ცხოვრობდა, სხვადასხვა წარმომავლობისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს საოცარი პასუხისმგებლობა ჰქონდათ ერთმანეთის წინაშე. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ თბილისელს სხვების (გარედან მოსულების) ერთმანეთთან წაკიდება არასოდეს უცდია. ე.ი. მათ წინაშე თავად უდიდეს პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ყველას მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთად შესაძლებელი გამხდარიყო. ისტორიულად და შინაარსობრივად ეს არის ჩემთვის თბილისი. ჩვენ ევროპული ძირის ქვეყანა ვართ, რომლებიც ინტეგრირებული აღმოვჩნდით ორიენტალისტურ კულტურასთან და შემდეგ ისტორიამ შანსი მოგვცა, ისევ ევროპისკენ გაგვეხედა.

არქიტექტურული თვალსაზრისით, შეიძლება თუ არა ჩვენს თანამედროვეობაში გაკეთდეს ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი რამ? - რასაკვირველია, შესაძლებელია მტკვარზე წისქვილების ისევ აშენებაც, ეს თეატრალიზებული სანახაობა იქნება.

წარმოიდგინეთ, მტკვრის დონე ხან მატულობს, ხან კლებულობს, წისქვილში კი დოლაბი რაკრაკებს, თავისი მუსიკა აქვს. წყალზე ტივიც იქნება. წყალი დაიწევს, ტივიც თან დაჰყვება, აიწევს და ტივსაც მაღლა აიტანს.

ტივიდან ნაპირამდე კიბე იქნება გადებული, ხიდივით, მხოლოდ ცალ მხარეს, ნაპირთან იქნება დამაგრებული, მეორე მხარეს - ტივზე მიდებული და მასთან ერთად იმოძრავებს ზემოთ-ქვემოთ. ეს იქნება თეატრალური სანახაობა, რომელიც ხალხს ძველ თბილისს მოაგონებს.

როდესაც მტკვარი დაბლა იწევს, ძველი საძირკვლის კლდოვანი ნაშთები ჩნდება. ჩვენ იმის აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც თბილისურ ნაღდ სურათს წარმოადგენს. თავის დროზე დიდი საქმე გაკეთდა თბილისისთვის, როცა სანაპირო აშენდა, მაგრამ ამას შეეწირა ყველაზე მნიშვნელოვანი - ქარვასლების მონაკვეთი.

აქედან გამომდინარე, შევქმენი პროექტი. ამ კლდოვან ადგილზე, სადაც მტკვარი ყველაზე უფრო ფართოა (მეტეხის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით თანდათან ვიწროვდება), უნდა აშენდეს შენობები, რომელთაც იგივე ფუნქცია ექნება, რაც ძველ დროს ქარვასლებს ჰქონდა. აბა, ქარვასლა რა არის? ვაჭრობასა და სტუმრების ჩამოსვლასთან, მათთვის სასაუზმო ადგილების მოწყობასთან ხომ ასოცირდება? ჰოდა, სანაპიროსთან, ამ კლდოვან ნაწილზე წარმოდგენილი იქნება სავაჭრო ცენტრები, რესტორანი და სასტუმრო. ეს სიახლეც არის და იმავდროულად წარსულის გამოძახილიც. პროექტი გამზადებულია და ღმერთს ვთხოვ, კიდევ რამდენიმე წელიწადი მაცოცხლოს, რომ მისი ხორცშესხმა შევძლო. ეს პროექტი ჩემი ისტორიული ქალაქის გულის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავს, აქედან გამომდინარე, ჩემს სიცოცხლესაც მოიცავს.

P. S. გასულ კვირას palitratv-ზე დაბინძურებული მტკვრის კადრები გავრცელდა. ცხადია, ძველი თბილისის შესაფერისად სხვადასხვა სანახაობის მოწყობას მტკვრის სისუფთავეც სჭირდება. თავის დროზე, "ორთაჭალჰესის" მშენებლობამ მტკვრის დინება შეანელა. განსაკუთრებით მდორეა მტკვარი ძველი თბილისის ფარგლებში, სადაც ჩაწოლილი ნაგავი და ლამი იყრის თავს. გიგა ბათიაშვილის აზრით, ამ მონაკვეთიდან ლამის ამოუღებლად მტკვარი არ გაიწმინდება ისე, რომ უსიამოვნო სუნი დაკარგოს. ამჟამად ის წელიწადში ორჯერ იწმინდება, რაც საკმარისი არ არის. "ორთაჭალჰესის" უკეთ მუშაობის მიზნით წელიწადში ორჯერ რაბებს ასწევენ ხოლმე. ამ დროს წყლის ძლიერი ნაკადი ლამისა და ნაგვის ნაწილს რუსთავისკენ მიაქანებს. ლამი თევზებს ლაყუჩებში ედება და უმრავლესობა იხოცება.