თბილისში მძღოლს და ქვეითს "პატრონი არ ჰყავს" - კვირის პალიტრა

თბილისში მძღოლს და ქვეითს "პატრონი არ ჰყავს"

3 ნოემბრიდან რადიო "პალიტრის" ეთერში გავა გადაცემა "მათთვის, ვინც გზაშია". საგზაო მოძრაობის პრობლემატიკაზე შექმნილ საავტორო პროექტს ექსპერტი

რობერტ იანტბელიძე წარმოადგენს.

- სამწუხაროდ, საქართველოში ძნელად მოიპოვება გაზეთი, რადიო ან ტელევიზია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. არადა, საგზაო მოძრაობის პრობლემატიკა მნიშვნელოვანია ყველასთვის. აქტუალურ პრობლემათა განხილვასთან ერთად გადაცემას ექნება შემეცნებითი ხასიათიც. ამ თემებზე მძღოლებისთვის არავინ საუბრობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რადიო "პალიტრის" ხელმძღვანელობის ეს ინიციატივა ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან მძღოლს და ქვეითს პატრონი არ ჰყავს, არავინ უხსნის მათ თავიანთ უფლებებსა და ფუნქციებს. შევეცდებით, ყველასთვის საინტერესო საკითხებს გაეცეს პასუხი. პირველი გადაცემა მიეძღვნება ბოლო დროს აქტუალური "სიტიპარკის" თემას, რომელიც ჩემი აზრით, გაზეთ "კვირის  პალიტრის" აქტიური გამოხმაურების შედეგად მოგვარდა.  გადაცემაში განვიხილავთ ყველანაირ პრობლემას, მათ შორის რეზონანსულ ავარიებს, რომელზეც რატომღაც არავინ ლაპარაკობს.

- რა ადგილს დაუთმობთ თქვენს გადაცემაში შუქნიშნების საკითხს?

- თბილისში შუქნიშნების პრობლემა კატასტროფულად აქტუალურია. (მაგალითისთვის: საბურთალოზე, თამარაშვილისა და ყაზბეგის ქუჩების გადაკვეთა ფეხით მოსიარულეებისთვის ბეწვის ხიდის გადავლას ნიშნავს. როდესაც ყაზბეგის ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე ფეხით გადამსვლელთათვის მწვანე ფერი ენთება, შუქნიშანი ამავე დროს გავლის უფლებას აძლევს ვაჟა-ფშაველადან პეკინის პროსპექტის მიმართულებით გამსვლელ ავტომობილებს, რომელთაც სწორედ თამარაშვილი-ყაზბეგის გზაჯვარედინი უნდა გაიარონ. მოკლედ, მძღოლები კანონიერად გადამსვლელ ფეხით მოსიარულეებს არ ერიდებიან და ასევე "კანონიერად" ეჯახებიან... სამწუხაროდ, მსგავს პრობლემას ბევრგან წააწყდებით. - ე.ლ.).

ჩვენთან შუქნიშნებს დგამენ მეცნიერული გათვლების გარეშე. ქვეითად მოსიარულესთვის შუქნიშანზე უნდა იყოს დამატებითი სექცია, რომელიც ყველა მხრიდან მოძრავ ავტომობილებს შეაჩერებს და მოქალაქეს საშუალებას მისცემს, კი არ გადაირბინოს, მშვიდად გაიაროს. შუქნიშანზე გადასვლისას ვინმე რომ დაგეჯახოს, პასუხი უნდა აგოს. დღევანდელ სიტუაციაში კი შენ გამოხვალ დამრღვევი, მიუხედავად იმისა, რომ მწვანე გინთია, ავტომობილსაც მწვანე უნთია და მძღოლი თავს იმართლებს. თბილისში შუქნიშნები ყველგან დაბალანსებულია ერთ ციკლზე, რომელიც ზოგან ამართლებს, ზოგან - არა. ხალხი კი ალალბედზე გადადის გზებზე.

p.s. პირველი შუქნიშანი აშშ-ში 1914 წელს დადგეს. მაშინ გათვალეს, რომ ფეხით მოსიარულისა და ავტომობილების ჰარმონიული მოძრაობისთვის ეს აუცილებელი იყო. უცნაურია, რომ ერთი საუკუნის მერეც ვერ ხვდებიან თბილისის სატრანსპორტო სამსახურში, რისთვის არის საჭირო გამართულად მომუშავე შუქნიშანი.