"წიგნის შესაძენად უნდა იჩქარო" - კვირის პალიტრა

"წიგნის შესაძენად უნდა იჩქარო"

რუსთაველის პროსპექტზე მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან გრძელდება. გასულ შაბათს მკითხველი პოეტ რატი

ამაღლობელს შეხვდა.

ვიდრე შემოგთავაზებდეთ რატი ამაღლობელის საუბრიდან რამდენიმე ფრაზას, გეტყვით, რომ შეხვედრის დასასრულს წამყვანმა - მარიკა დარჩიამ დიდ წიგნში, რომელშიც ყველას შეუძლია აზრისა და სურვილის ჩაწერა, სტუმარს ლექსი ჩააწერინა... მერე კი ვიდრე ხელს მოაწერდა, ფურცელზე დაადებინა და ხელის მტევნის კონტურები შემოხაზა, - დარჩეს ჩვენთან, ამ ხელით იწერება ლექსებიო... რატის გაეცინა, - ბავშვობის შემდეგ მსგავსი რამ არ გამიკეთებიაო...

ვინ იცის 20-30 წლის შემდეგ შეხვედრის დამსწრეთაგან რამდენი გაიხსენებს იმ შინაარსიან დღეს, "ბიბლუსში" რატი ამაღლობელს რომ შეხვდა.

დღეს კი, ის რაც მომავალში მოსაყოლი გახდება, ყველასათვის ხელმისაწვდომი გახლავთ.

შეხვედრის ადგილია წიგნის მაღაზია "ბიბლუსი". აი, ფრაგმენტები რატი ამაღლობელის საუბრიდან:

- *ახლა რომ უყვართ ბავშვებს სპაიდერმენი და ბეტმენი, ეს ჩვეულებრივი მითოსის შიმშილია... უამბეთ მათ მითოლოგიურ გმირებზე და ნახავთ, როგორ დაინტერესდებიან...

- დღეს რომ უკვირთ, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, არაფერი გაუკვირდებოდათ, "ქართლის ცხოვრება" რომ წაკითხული ჰქონდეთ. ეს წიგნი უშრეტი ანალიზის წყაროა...

- ლიტერატურის სიყვარულის გზა არის უმძიმესი გზა, აქ საკუთარ თავს ვაშენებთ და ვართ მარტონი...

P.S. დასასრულს ერთ შტრიხსაც შემოგთავაზებთ: საუბრისას რატი ამაღლობელმა წიგნის თაროზე საქართველოს ატლასი შენიშნა... ამ ატლასს ვეძებდიო, - წავიდა ასაღებად... ქალბატონმა მარიკა დარჩიამ, საუბრის შემდეგ შეგიძლიათ შეიძინოთო... ჯობია, ახლავე ავიღო, რა ვიცი, მანამ სხვამ არ წაიღოსო და რატიმ წიგნი თავისთან ახლოს, თაროზე ჩამოდო.  ასეა... წიგნის შესაძენად უნდა იჩქარო...