სიკეთე - კვირის პალიტრა

სიკეთე

მზეს თუ დაკვირვებიხართ? ჯურღმულშიც რომ ჩაჯდე, ოთახი დააბნელო, ის მაინც შემოვა. კედლებს მაინც გაათბობს... ასეა სიკეთეც. როგორადაც უნდა ეცადო მის

მიჩქმალვას, - მაინც ყველგან იჩენს თავს.

მთელი თვე, 20 ოქტომბრამდე, როცა ფილარმონიას ჩავუვლიდი და  სამი დიდი ტენორის კონცერტის აფიშას შევხედავდი, გავიფიქრებდი, - ნეტა აქ უფრო მეტი ხალხი მოვა თუ იმ რესტორანში, რომლის რეკლამაც ფილარმონიის პირველ სართულს ზეწარივით შემოხვევია-მეთქი... ვფიქრობდი, ჩვენ აღარ ვართ ის ერი, რომელიც საოპერო მომღერლების მოსასმენად ფულს გადაიხდის-მეთქი. აბა, რა უნდა მეფიქრა, - ბოლო წლებში სულ იმას ვხედავ და მესმის, როგორ ტრიალებს ტელევიზიებში ე.წ. "ხელოვნების" რეკლამები და კლიპები, საღამოობით კი გადაკეტილ თავისუფლების მოედანზე ვერ გაივლი - ან ექსტრემალი მოტოციკლისტები დაქრიან ან ექსტრემალური უცხოელი მუსიკოსების კონცერტია... ერთხელაც არ დასცდენია ჩვენს ტელევიზიებს - ოქტომბერში თბილისში სამი დიდი ტენორი ჩამოდის, ობოლი და ღარიბი ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტს მართავენ და აბა, თქვენ იცით, ხალხო, არ შეგვარცხვინოთ, გაიჭირვეთ და მოდით. აჩვენეთ, როგორი ქველმოქმედი ერი ვართო. საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" და ბატონმა პაატა ბურჭულაძემ მსოფლიოს უდიდესი მომღერლები ჩამოიყვანა და ჩვენ აინუნში არ ჩავაგდეთ. თანაც, როგორი მომღერლები - მარკო ბერტი და პიერო ჯულიაჩი (აღარაფერს ვიტყვი ბადრი მაისურაძეზე - ის მაინც ქართველია). გინდათ გითხრათ, პიერო ჯულიაჩის თითო კონცერტს რამდენი კაცი ესწრება? - 25000!

მაგრამ ხომ ვთქვი, სხივი ყველგან შეაღწევს-მეთქი. ჰოლივუდის ფილმის გადაღების გამო ქუჩის გადაკეტვამ ხელი ვერ შეუშალა და ფილარმონია ხალხით აივსო. პატრიარქიც მობრძანდა (თუმცა ტელევიზიებმა ხალხი "გააფრთხილეს" - უწმინდესი რამდენიმე დღით დასასვენებლად მიბრძანდებაო!).

კონცერტი დაიწყო... მაღლა ღვთიური ხმები აიჭრა. და რახან კონცერტის ტრანსლირებაზე მხოლოდ "პირველმა სტერეომ" და "მზემ" განაცხადა თანხმობა, მათ კი შეზღუდული მაუწყებლობა აქვთ, დარბაზში მობილურები ამოიღეს და თავისიანებს ურეკავდნენ - ტელევიზორი ამ არხებზე გადართეთ და 30-30-ზე დარეკეთო...

დირიჟორის ჯოხი აღმართა ზაზა აზმაიფარაშვილმა და... 50000-ჯერ აიკრიფა 30-30! ახლა ომში დაღუპულთა 123 ობოლს კიდევ 6 თვით გაუგრძელდება დახმარება, რომელიც "იავნანამ" შარშან, აგვისტოში დაუნიშნა... ლოხიშვილების მრავალშვილიან ოჯახს კი თავზე ჭერი ექნება. "იავნანას" კი ყოველთვის ეყოლება მეგობრები. "კვირის პალიტრაც" მისი მეგობარია - გელაშვილების რვაშვილიან ოჯახს დაეხმარება.

P.S. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როცა გავრცელდა ცნობა, რომ ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან  გაათავისუფლეს.

ამბობენ, მისი გათავისუფლება ფონდ "იავნანას" მიერ გამართულ კონცერტში მონაწილეობას უკავშირდებაო. ვინ იცის...