"სიმართლე უნდა ვიცოდეთ" - კვირის პალიტრა

"სიმართლე უნდა ვიცოდეთ"

ახლახან  გია ყარყარაშვილის წიგნი "ეს ჩვენი სამშობლო იწვის" გამოიცა. ნაწარმოები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს ომის

მსვლელობას ასახავს. წიგნში განთავსებულია ოთარ ჭილაძის წერილიც, რისი უფლებაც გიორგი ყარყარაშვილმა  მწერლისგან მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში მიიღო და წიგნის სათაურადაც მწერლის სიტყვები შეარჩია... სამწუხაროდ, თავად ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას, თუმცა მისი სიტყვები მომავალ თაობებს ყოველთვის მხნეობას შეჰმატებს და შეგვახსენებს: "გახსოვდეთ, წინ მარადისობაა!.."

გია ყარყარაშვილი: - ქართველი ხალხი არ იმსახურებს ისეთ სიცრუესა და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებას, როგორშიც ეს ხელისუფლება გვამყოფებს. რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ჩვენთვის, ვალდებული ვართ, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს  და ვთქვათ, - შეგვეძლო ამ ომის თავიდან აცილება! ხელისუფლების  უპასუხიმგებლობით საფრთხის ქვეშ დადგა ტერიტორიული მთლიანობა და მეტიც, ქართული სახელმწიფოს მთლიანობა... ტრაგიკული რეალობაა, რომ ფეხქვეშ ქართული მიწა გვეცლება. დაპატარავებულა სამშობლო, დავკარგეთ ისიც, რასაც მტერი ვერასოდეს ინატრებდა, - კოდორის ხეობა, რომელიც აუღებელი ციტადელი გვეგონა; ქართლის გული, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა... იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გაითავისოს პასუხისმგებლობა საკუთარი შთამომავლობის წინაშე, უნდა შეიგრძნოს მამულის ტკივილიც, რომლითაც ეს წიგნი არის გაჟღენთილი. დაე, მომავალმა თაობამ წაიკითხოს და იცოდეს, რა მოხდა, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ამიტომ წიგნი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით დავასრულე: "ჭკუით ქართველებო, დაიცავით საქართველო!"