თბილისობა - 2009 - კვირის პალიტრა

თბილისობა - 2009

მოვიდა თბილისობა. და რა შემოდგომა დახვდა?  მზემ ყველაფერი ოქროდ აქცია, რასაც მისწვდა, - თბილისის ირგვლივ შემოჯარული კლდეებიც კი..  მოდი ახლა და თქვი, - ამდენი პრობლემა გვაქვს და რა დროს გართობააო!.. მტკვართან გაჭედილ საცობებში ბავშვებმა ერთი ამბავი ატეხეს, - ჩქარა, ჩქარაო, - ფუნჩულა თითებს რიყისკენ იშვერდნენ, - იქიდან თბილისობის "სუნი" მოდიოდა. მამებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, შვილები მანქანებიდან ჩამოიყვანეს, მხრებზე შეისვეს და რიყისაკენ გზას გაუყვნენ. იქ კი, შავთვალა ვირუკელები იდგნენ და პარტყურაყურიანი თავები ჩაექინდრათ, - აქაოდა, მოდით, გელოდებითო. მტკვარში კიდევ, ტაატით მიცურავდნენ ტივები შეყვარებულებისთვის. მართალია, მათ ჯიბეები ამოფხეკილი ჰქონდათ და ვერც 7-ლარიანი მწვადი იყიდეს და ვერც კახური ღვინო  დააგემოვნეს (ანუ ვერც ტივზე იქეიფეს!), მაგრამ სიყვარულს ქეიფი რად უნდა, ისედაც მთვრალი ხარ!

აბანოთუბანში, ღვინის ბოთლებზე აქამდე რეკლამად მიხატული კინტოები "გაცოცხლდნენ", - ხალხიც ცეკვაში აჰყვა და გულსაც ლოდი მოეხსნა. საღამოს კი, სკვერები მოქეიფეებით გაივსო და დილამდე ისმოდა, - თბილისს გაუმარჯოსო. გაუმარჯოს და იმ სიხარულით ტკბობის ნიჭსაც გაუმარჯოს, რომელიც თბილისს ყოველთვის შეეძლო. შენც გაგიმარჯოს, სიცოცხლევ, რომ ასეთი კარგი ხარ!