ევრიკა! - შუა საუკუნეების გალავნის გოდოლი
30-04-2012
ევრიკა! - შუა საუკუნეების გალავნის გოდოლი
არქეოლოგიური გათხრები თუ ძირის გამოთხრა?!

"200 წლის ალიზით ნაშენი შენობა, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად არა აქვს, საშიშად ავარიულია!"


თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩის რეაბილიტაციისას მუშებმა შემთხვევით იმ გალავნის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც ერთ დროს თბილისს გარს ერტყა და მტრისგან იცავდა. შუა საუკუნეების გალავანი ისე კარგად არის შემონახული, რომ მისი დანახვისას საუკუნეების წინანდელი თბილისი თვალწინ ცოცხლდება. ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, ამ უნიკალურ კულტურულ ძეგლს სანახაობრივი სახე მისცეს. ამისათვის კი პუშკინის ქუჩის საფეხმავლო ბილიკი რამდენიმე მეტრ
სიღრმეზე უნდა გაითხაროს, რათა გალავნის ნაშთები ღიობში მოექცეს.

სანახაობა მართლაც საინტერესო იქნება, თუმცა შეიწირავს თუ არა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები იქ მდებარე სახლებს, ან როგორ მოხერხდება ამ ქუჩაზე ფეხით სიარული, ალბათ, დრო გვიჩვენებს. არსებობს საშიშროება, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სახლები, რომელიც გალავანზეა დაშენებული და
ძალზე ავარიულია, ჩამოინგრეს. ზოგი შენობა 2-3 საუკუნესაც ითვლის.

კედლებზე გაჩენილი ნაპრალები და გადახრილი იატაკი ცხადყოფს, რომ ამ შენობებში ცხოვრება დიდ რისკთან არის დაკავშირებული. გალავნის აღმოჩენის შემდეგ კი რისკი  გაიზარდა, რადგან გათხრების შედეგად შენობებს ფაქტობრივად ძირი გამოუთხარეს ისე, რომ გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა. მოსახლეობა შეშფოთებულია, მას შემდეგ, რაც შენობების საძირკველი მოშიშვლდა, აღარ იკეტება კარ-ფანჯარა, იზრდება კედლის ბზარები. შიშობენ, რომ ტრაგედია დატრიალდება, ან ისეთ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, როგორშიც ცოტა ხნის წინ პარალელური ქუჩის მოსახლეობა აღმოჩნდა, - მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მიზნით მერია დიუმას ქუჩაზე გათხრით სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც ერთ-ერთი სახლი ისე დაზიანდა, რომ ლამის ჩამოინგრეს. მოსახლეობა იძულებული გახდა თავი ახლობელ-ნათესავებისთვის შეეფარებინა. მერიას მათ დასახმარებლად არაფერი უღონია(!).

გიორგი საბანაძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი: - გალავნის ფრაგმენტი და გოდოლი შესანიშნავად არის შემონახული, ამიტომ გვინდა ინტეგრირება გავაკეთოთ საფეხმავლო სივრცის ამ ისტორიულ ძეგლთან ისე, რომ მისი ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლოს. გალავნის რა ნაწილი გადაიხურება მინით, როგორ მოხერხდება ქვედა დონეზე ჩასვლა და ძველი ქალაქის ისტორიული ნაშთების დათვალიერება, ამ საკითხზე ვმუშაობთ, ველოდებით არქიტექტორების წინადადებებს და შემდეგ შევარჩევთ საუკეთესოს.

ეს იქნება ღია, გახსნილი სივრცე პუშკინის ქუჩიდან ვერცხლის ქუჩამდე, სადაც შესაძლებელი იქნება ფეხით გავლა. ყველა სამუშაო ხელით მიმდინარეობს, რათა ნაკლებად დავაზიანოთ ძველი ქალაქის ნაშთები. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქუჩის მობინადრეებსა და გამვლელებს დისკომფორტი ექნებათ, მაგრამ შემოდგომისთვის, სავარაუდო, საფეხმავლო სივრცე მოწესრიგდება.

- მოსახლეობა შიშობს, რომ სახლები დაენგრევა.
- მობინადრეები გაგვყავს ყველა იმ სახლიდან, სადაც ავარიული მდგომარეობაა. ფონდი გადაუხდის მათ ქირას დროებით საცხოვრებელში, ვიდრე ამ სახლებს გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩაუტარდება. იქ, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ცხოვრობს, დანგრევის საშიშროება არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობას არ დავიწყებდით. 

ანზორ საკანდელიძე, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი: "რა თქმა უნდა, თუ სადმე ისტორიული ძეგლი აღმოჩნდება, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ, მაგრამ არა მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე. ამ შემთხვევაში კი აბსოლუტურ განუკითხაობასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ეს სახლები ჩამოინგრევა. თუ ჭარბი ნალექი მოვიდა, ღიად დარჩენილი საყრდენი გრუნტი გამოირეცხება და შესაძლოა სახლი დაინგრეს. გარდა ამისა, შენობების წინ ქვაბულებია ამოღებული და შეიძლება წყალი დაგუბდეს. გრუნტის თვისებაა, როცა გაიჭრება და ატმოსფეროსთან არის შეხებაში, მისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აუცილებლად უარესდება. ამიტომ ის სიმყარე, რაც შენობებს ჰქონდა, კიდევ უფრო დასუსტდება და დაიწყება გრუნტის გამოცლა. მაგალითად, ამ სახლს ბეტონის საძირკველი არა აქვს. მაშინ ასე აშენებდნენ. გამაგრების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგალითად, ე. წ. ჭადრაკული წესი - ფუნდამენტის ნაწილის გამოღებისა და დაბეტონების შემდეგ, როცა ცოტა გამყარდება, ისევ გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაო. კარგი იქნებოდა, თან შენობა გაემაგრებინათ და თან არქეოლოგებსაც ემუშავათ. ვინ იქნება პასუხისმგებელი, ხვალ რომ ეს შენობა დაინგრეს? 200 წლის ალიზით ნაშენი შენობა, რომელსაც საძირკველი ფაქტობრივად არა აქვს, საშიშად ავარიულია".

ასე გამოიყურებოდა გალავანში მოქცეული თბილისი


ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი: "თბილისს საუკუნეების განმავლობაში შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომელიც იწყებოდა დაახლოებით იქ, სადაც ახლა "ქართვლის დედა" დგას. ეშვებოდა ფერდობზე, გამოივლიდა დღევანდელი დადიანის ქუჩას, პუშკინის ქუჩას და იქ, სადაც ვერცხლის ქუჩა შედის, მკვეთრად უხვევდა სანაპიროს მიმართულებით და ჩადიოდა მტკვართან. გალავნის მეორე ნაწილი იწყებოდა მტკვართან აბანოთუბანში, ადიოდა ნარიყალამდე, ნარიყალას ციხიდან მიუყვებოდა სოლოლაკის ქედს და უერთდებოდა "ქართვლის დედის" მიმდებარე ტერიტორიას. ამ საზღვრებში იყო მოქცეული შუა საუკუნეების თბილისი. ეს იყო ქალაქი, რომელიც თავის დროზე ვახტანგ გორგასალმა მოზღუდა - კალა. ეს არის ისტორიული გალავანი, რომლითაც ქალაქი იყო დაცული. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად გალავნის ნაწილი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს.

მაშინ ლესელიძის ქუჩისა და პუშკინის ქუჩის კუთხეში მდებარე შენობის საძირკველი გაითხარა. სწორედ ამ ადგილას იყო ქალაქის ერთ-ერთი - კოჯრის კარიბჭე. მაშინ არ მოხდა გალავნის ნარჩენების დაკონსერვება, ჩატარდა გარკვეული კვლევები და გალავნის ნაშთებზე მშენებლობის პროცესი გაგრძელდა. სხვათა შორის, ეს გალავანი მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსებმა მოანგრიეს მიწის პირამდე, რომ ქალაქის განაშენიანებისთვის არ შეეშალა ხელი, მაგრამ გალავანი დაახლოებით 5-6 მეტრი სიმაღლისა იყო და მისი ნაწილი მიწის ქვეშაც მდებარეობდა. პუშკინისა და ვერცხლის ქუჩის კუთხეში გალავნის დიღმის კარი მდებარეობდა - მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება, ქალაქის შესასვლელი და კარიბჭე აღმოსავლეთიდან. სავარაუდოდ აქ, ისევე როგორც კოჯრის კარის მიდამოებში ბევრი საფორტიფიკაციო ნაგებობა იქნება - კოშკების ნარჩენები და სხვ. რა თქმა უნდა, ამ ისტორიული ნაშთების დაკონსერვება ახლა მაინც უნდა მოხდეს, შესაძლოა სანახაობრივიც გახდეს. მსგავს რამეს ბევრ მდიდარი ისტორიის ქვეყანაში ნახავთ, რაც ტურისტებში დიდ დაინტერესებას იწვევს".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით