მეტი საქმე არა გაქვსო? - კვირის პალიტრა

მეტი საქმე არა გაქვსო?

ნუ დაუშვებთ ბარბაროსობას ავტობუსში

რამდენიმე დღის წინ ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობდი. სულ ბოლო რიგში მომიწია ჯდომამ. მოვკალათდი თუ არა, თვალში მომხვდა მთელ რიგზე სავარძლების დაჭრილ-დაგლეჯილი საზურგეები. გაოცებული ვფიქრობდი, ნეტავ ვინ ააოხრა ეს ავტობუსი ასე დაუნდობლად-მეთქი? საზურგეები ზოგან ამოგლეჯილი იყო, ზოგანაც სახელები და გვარები ამოეტვიფრათ.

გაუგებარია, რა რჯით (რაღა თქმა უნდა ახალგაზრდებს!) ასე გაანადგურონ ქონება, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით არ ეკუთვნით მათ. არადა, ეკუთვნით. ამ ცოტა ხნის წინ, პარიზში ყოფნისას განსაკუთრებით მხვდებოდა თვალში ძალიან სუფთა, პეწიანი ავტობუსები. იფიქრებდი, ვიღაც ყოველ წუთში აპრიალებს საგანგებოდო. იმ დღეს #44 ავტობუსში მყოფმა წარმოვიდგინე პარიზული ავტობუსი თბილისში და უცებ შემეცოდა, ვიფიქრე, სულ მცირე ერთ კვირაში მასაც ხომ ისე გაასაცოდავებენ, როგორც ამ გაუბადრუკებულ ყვითელ ავტობუსს-მეთქი. მერე წარმოვიდგინე, როგორი ავტობუსი დაამახსოვრდებოდა საქართველოში მოგზაურობიდან ევროპელს და შემრცხვა. შემრცხვა, რადგან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც თავი მოგვაქვს ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, ვინც თბილისის სადღეგრძელოებში სულს და გულს დებს, რა გვაქვს საამაყო: სავარძლებდაგლეჯილი ავტობუსები; გაზონები, რომელსაც გამუდმებით ვთელავთ; ჭუჭყიანი ქუჩები, სადაც ურნაში ნაგვის ჩაყრას კიდევ ვერ მივეჩვიეთ და კიდევ... სამწუხაროდ, უამრავი მანკიერების ჩამოთვლა შეიძLლება, რასაც ჩვენ, მოქალაქეები ვმართებთ ჩვენს ქალაქს, რადგან გვგონია, რომ ჩვენი საკუთრება ჩვენი სახლის ზღურბლს მიღმა იწყება და მთავრდება. არადა...

ფიქრში თვალი გვერდით გამექცა. 12 წლამდე ასაკის ბიჭუნა წვეტიანი საგნით მონდომებით გლეჯდა სავარძლის რბილ საფარს. ბავშვი ახალგაზრდა, სიმპათიურ ქალთან ერთად იყო. ვერ მოვითმინე და ვკითხე, დედა ხართ-მეთქი? დიახ, დედა ვარ, რა გნებავთო, მიპასუხა გაკვირვებულმა. იქნებ ბავშვს აუხსნათ, რომ ავტობუსის სავარძლების დაზიანება არ შეიძლება-მეთქი. მეტი საქმე არა გაქვსო? - მიპასუხა უკმეხად და ცხვირაბზუებულმა მიაბრუნა თავი გვერდზე. აშკარა იყო, მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, თვითონაც დისკომფორტი იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერის გამო და ავტობუსი გაჩერდა თუ არა, სწრაფად ჩავიდა, თუმც ავტობუსში დედა-შვილის ნაკვალევი სამუდამოდ თუ არა, სავარაუდოდ მანამდე მაინც დარჩება, სანამ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას საექსპლუატაციო ვადა არ ამოეწურება.

გგონიათ იმ დღეს ამით დასრულდა ყველაფერი? სალარო-აპარატთან მივედი ბილეთის ასაღებად. ჩავაგდე 40 თეთრი და ბილეთი არ მომცა, ფული კი უკანვე დამიბრუნა. თავიდან ვცადე ბილეთის აღება, ამაოდ, იგივე განმეორდა. მძღოლს ვკითხე, რა ვქნა, აპარატი რატომ არ მუშაობს-მეთქი? მხრები აიჩეჩა. ფული ვის მივცე? ვიკითხე გაოცებულმა. იქვე მჯდომმა ქალმა გამოიდო თავი, მიეცი მაგ ფული მძღოლს და ჩადი ძირსო. არ მივაქციე ყურადღება, კიდევ გავიმეორე კითხვა. მძღოლმა ისევ არ შეიბერტყა ყური, ის ქალი კი გამომენთო, ვერ გაიგე, მძღოლს მიეცი და ჩადიო. ამასობაში კიდევ მოვიდა ერთი მგზავრი, რომელმაც ჩემსავით ამაოდ სცადა ბილეთის აღება და მერე მანაც მძღოლს ჰკითხა, რა ვქნაო. ისევ დაასწრო იმავე ქალმა პასუხი, ჩადი, გენაცვალე, ჩადიო. იმანაც, კაი, ძმაო, მადლობაო, გასძახა მძღოლს და ჩავიდა. მე კი ისევ ჯიუტად ვცდილობდი იმის გარკვევას, სად გადამეხადა მგზავრობის საფასური. აპარატისგან უკან მობრუნებული ჩემი ხურდის გარდა, სალაროში კიდევ იყო სხვა ხურდა ფული. ყველა ერთად ავიღე და კიდევ ერთხელ ვიკითხე, ეს ფული სად წავიღო-მეთქი. მანდ სხვა ფულიც იყოო, ნიშნის მოგებით გამომძახა მძღოლმა. აი, ბატონო, ყველა აქ არის და სად წავიღო-მეთქი? მოიტაო. თქვენ სად მიიტანთ-მეთქი? თუ ასე გაინტერესებს, ბოლომდე გამომყევიო. მეც გავყევი და თვითონვე ჩავაბარე ის ფული მას, ვისაც სალარო-აპარატების დაცლა ევალება. გაუკვირდა, თქვენსავით როდი იქცევა ყველაო. მოვდიოდი და ვფიქრობდი მძღოლზე, იმ არამკითხე ქალზე (ბილეთი მასაც არ ჰქონდა) და ყველაზე, ვისაც ჰგონია, რომ არაფერი დაშავდება ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის საფასურს თუ არ გადაიხდის. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მძღოლს, რადგან იგი ჯამაგირს მაინც იღებს სახელმწიფოსგან, სულაც არ ანაღვლებს, გადაიხდის თუ არა სალარო-აპარატში ფულს მგზავრი. არადა, თუ მე, შენ და კიდევ ბევრი ვეცდებით მგზავრობისას საფასურის გადახდას თავი ავარიდოთ, ბიუჯეტში ხომ ფული არ შევა, შესაბამისად, ვერც მძღოლი აიღებს ხელფასს. ნუთუ ამის მისახვედრად გონიერება არ უნდა გვეყოს იმისათვის, რომ ეს ავტობუსები ჩვენია, მისგან გაწეული ნებისმიერი მომსახურებისთვის კი საფასური უნდა გადავიხადოთ და ამასთან, არ დავჭრათ სავარძლები.