"რეკლამა ვარ, რეკლამა!" - კვირის პალიტრა

"რეკლამა ვარ, რეკლამა!"

ვისაც დიღმის ტრასაზე მცხეთისკენ გიმგზავრიათ, გზის პირას აუცილებლად შეამჩნევდით ფაფახიან და კომბლიან კაცს. დგას დარია თუ ავდარი, კომბალზე ჩამოყრდნობილი და თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას ელოდებაო.

თითქოს მეცხვარეს ჰგავს, მაგრამ მიიხედავ და ცხვარი არსადაა, არც ბომბორა ნაგაზი ჩანს სადმე. მომკლა ცნობისმოყვარეობამ. ერთხელაც, მივედი. გამარჯობა-მეთქი. გაგიმარჯოსო. მაშინვე ხომ არ ვკითხავდი, დილიდან დაღამებამდე აქ რას დაყუდებულხარ-მეთქი. სიტყვის მასალადღა ვკითხე, - აქ ერთ დაწესებულებას ვეძებ და ხომ ვერ მიმასწავლით-მეთქი. სად აქო? გარშემო ისე მიმოიხედა ზღვასავით ლურჯი თვალებით, შემრცხვა - ახლომახლო არაფერი იყო, მაგრამ მაინც ზრდილობიანად მიპასუხა, - რა გითხრათ, ქალბატონო, ჩემ ახლოს არაფერია, შორისა კი რა ვიციო. ალბათ მეცხვარე ხართ, ისე გამოიყურებით-მეთქი!

- რათა, ფაფახი რო მახურავსო? კომბალიც რომ გიჭირავთ-მეთქი? ჰოო, მაგას თუ მივყე, "ბაბოჩკა" რომ გავიკეთო, ოპერის მომღერალი უნდა გავხდეო? აბა, ვინ ხარ, გამუდმებით ტრასაზე რომ დგახარ-მეთქი, - აღარ მოვერიდე. რას მიზამდა, დიდი-დიდი, ეთქვა, - რა შენი საქმეაო! მაგრამ არ მითხრა. უცებ თვალები გაუნათდა და - რეკლამა ვარ, რეკლამაო! რა-მეთქი?! რა და, ცხვრის გაყიდვის რეკლამა ვარ, ქვემოთ მანგლელები ცხვარს ყიდიან. თუ ვინმეს ცხვარი უნდა, მანქანას აჩერებს და მე მეკითხება, სად იყიდება და რა ფასადო. დახე, ცხოვრებისთვის ალღო როგორ აუღიათ-მეთქი, გავიღიმე.

- რა ვიცი, ქალბატონო, უმუშევარი ვიყავ. კაცი შემხვდა შემთხვევით - დღეში თუმანი არ გინდაო?

- მერე რა უნდა ვაკეთო, მაგ ათი ლარისთვინ-მეთქი. არაფერი, მარტო აი, ეგრე უნდა იდგე, როგორც ახლა დგახარო. ჯერ ვერ მივუხვდი, - რას მაშაყირებ, თუ კაცი ხარ-მეთქი. არა, არ გაშაყირებო და აგე, დავემსგავსე ტრასაზე ამოსულ ხესა. მაგრამ ეგ არი, პატიოსანი მწყემსისთვინაც ვარ შეღავათი. ცხვრის გაზრდას წვალება უნდა. ზრდიან, წვალობენ და კლიენტი რომ მოძებნონ, იმის არაქათი კი აღარ რჩებათ, თანაც მაგასაც ხო თავისებური ნიჭი უნდა!  რომ გადამეკიდე, ვინ ხარო, შენ თვითონ ვინ ხარ, აკი, რაღაცა დაწესებულება მინდა და მომაძებნინეო.

"რეკლამა" უკვე დაკვირვებით მათვალიერებს! მეც, სხვა რა გზა მაქვს, ვუტყდები. ის კომბალს მიწაში არჭობს და... არ გამიკვირდა, აბა, მე ვინ დამელაპარაკებოდა, ცხვრის ფასს და ადგილს რომ ვეტყვი, ეგრევე მოსწყდებიან ხოლმე ადგილიდან.

- ასე თუა, შენც რაღაც "სხვანაირი" რეკლამა ხარ, მარტო ცხვრის ფასზე კი არა, მეცხვარეების გასაჭირზეც ლაპარაკობ. უცხოეთშიც არის ცოცხალი რეკლამები, მაგრამ რაც ევალებათ, მარტო იმას არეკლამებენ, მერე ქუდს დაიხურავენ და შინ მიდიან.

- იმას იქითაც წასულან, მე ქართველი რეკლამა ვარ!

...მოულოდნელად გამიბრაზდა ჩემი "რეკლამა" და ბე-ემ-ვემაც დაამუხრუჭა,  - ცხვარი სად იყიდებაო, იკითხეს.

"რეკლამამ" გზა მიანიშნა, მერე ფაფახი მოიხადა და საწვიმრად მოქუფრულ ცას ახედა, თუმცა ლურჯ თვალებში მზე არ ჩაჰქრობია...