წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მაგრამ როდემდე... - კვირის პალიტრა

წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მაგრამ როდემდე...

წლევანდელმა წვიმიანმა ზაფხულმა, შემდეგ წყალდიდობებმა, სეტყვამ გააჩინა შიში, რომ არეულ ბუნებას აღარაფერი ეშველება. ოქტომბრის ბოლოს დაწყებულმა

გადაუღებელმა წვიმამ კი საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 15 ნოემბრამდე ნალექი არ გადაიღებს, რაც ცხადია, წყალმოვარდნების გარეშე ვერ ჩაივლის... ამ ინფორმაციის შესამოწმებლად დავუკავშირდით ჯემალ დოლიძეს - საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს. ბატონმა ჯემალმა დამაიმედებელი პროგნოზი გაგვაცნო:

- წვიმები 3-4 ნოემბრამდე გაგრძელდება, შემდეგ კი გამოიდარებს...

- 4 ნოემბრამდე გადაუღებელი წვიმა ხომ არ გამოიწვევს წყალმოვარდნებს საქართველოს მასშტაბით?

- ამ საკითხზე ჩვენც ვფიქრობთ. ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საშიშ ნიშნულამდე არ მისულა. თუ ნალექი უფრო ინტენსიური არ გახდა, წყალმოვარდნები არ უნდა იყოს მოსალოდნელი. დღეისათვის მხოლოდ ერთი მდინარეა ადიდებული - კაბალი ლაგოდეხის რაიონში.

P.S. ჩვენ გამოდარების იმედს ვიტოვებთ და მზიან დღეებს ვუსურვებთ საქართველოს, თანაც შეგახსენებთ: მთავარი პრობლემა წვიმა კი არა, მდინარის გაუწმენდავი კალაპოტებია. 90-იანი წლებიდან მდინარის კალაპოტები პრაქტიკულად აღარ იწმინდებოდა. ამიტომ ხდება წყლის კალაპოტიდან გადმოსვლა. საქართველოში 26 ათასი მდინარეა. მათი კალაპოტები რომ გაწმენდილი იყოს, წყალდიდობა შეიძლებოდა არც მომხდარიყო. წვიმას არ უნდა ველოდოთ, იქნებ გაწვიმებამდე მივხედოთ მდინარეებს.