გაუმარჯოს ლომებს! - კვირის პალიტრა

გაუმარჯოს ლომებს!

თბილისის ზოოპარკში სამი ბოკვერი დაიბადა

პოლიტიკას ეწირება უსურიული ვეფხვის, სალის ბედი - რუსული იმპერიული ამბიციების გამო გაუთხოვარი რჩება...

ქართული ზოოპარკის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა, ახალგაზრდა ლომებს - სიმბასა და ნალას სამი ჯანსაღი ბოკვერი შეეძინათ. სიმბა და ნალა 3 წლისანი არიან, რაც 16-18 წლის ადამიანის ასაკს უტოლდება. მამიკო სიმბა ისევ "სათამაშოებით" ერთობა - საბურავი მისი საყვარელი გასართობია.

ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი - ეს ლომები კეთილმა ადამიანმა აჩუქა თბილისის ზოოპარკს, ისინი აფრიკიდან ჩამოიყვანეს, ტყვეობაში დაიბადნენ, ოღონდ სხვადასხვა ოჯახში. თბილისში გამომგზავრებამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. ცოტა ხნის წინ "დავაქორწინეთ". ორივეს ძალიან უყვარს მოფერება.

ნალას მშობიარობა 9 სექტემბერს, გვიან ღამით დაეწყო და 2 საათისთვის სამი ბოკვერი გააჩინა. ჯერჯერობით არ ვიცით პატარების წონა და სქესი, მაგრამ მშვენივრად არიან, რადგან კარგად ჭამენ და მუცლები გატიკნული აქვთ. არ გვინდა მივეკაროთ და ხელში ავიყვანოთ, რადგან შესაძლოა დედა გაგვიბრაზდეს. ვამჯობინებთ, ნაკლებად ჩავერიოთ მათ ოჯახურ საქმეებში.

- მამა ლომი მათთან ერთად უნდა იყოს?

- სიმბა იმდენად კარგად იქცევა, რომ დავტოვეთ საერთო ვოლიერში. ბოკვრების დაბადებას დაესწრო უცხოელი სტუმარი, ჩვენი ზოოპარკის მენტორი, ევროპის აკვარიუმების და ზოოპარკების ასოციაციის წარმომადგენელი მარიო ჰოიდნეკერი. სწორედ Mმისი რჩევით დავტოვეთ ოჯახი ერთად. მშობიარობამდე ერთი დღით ადრე, ძუ ლომი ბუნაგში შევიდა. ხვადი კი გარეთ იწვა და შიგნით არ შედიოდა. დილით დედამ გამოიყვანა პატარები გარეთ, თვალებიც არ ჰქონდათ ახელილი (თვალებს 10-12 დღეში აახელენ). ერთი გენახათ, როგორ მოფორთხავდნენ და რა უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ!

აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოოპარკში და საერთოდ საქართველოში, პირველად დაიბადნენ ბოკვრები.

- რომ გაიზრდებიან, რა ელით?

- ჯერ მთავარია, კარგად იყვნენ და ჯანმრთელები გაიზარდონ. შემდეგ კი გავარკვევთ, რომელი ზოოპარკი ისურვებს მათ პატრონობას.

ჩვენ ერთი წლის იაგუარებიც გვყავს. ერთს ბაქოში გავამგზავრებთ, დანარჩენის ბედი ჯერ არ გაგვირკვევია, სამივე ხვადია და, ცხადია, ამდენ ხვად იაგუარს ვერ შევინახავთ. სამწუხაროდ, ავაზებს სუსტი გენეტიკა აქვთ და ბუნებაშიც ძლივს გააქვთ თავი. კატის გრიპის ერთ-ერთი ვირუსის მსხვერპლნი გახდნენ და ერთი ძლივს გადავარჩინეთ. ალბათ ავაზების გამრავლებაზე აღარ ვიზრუნებთ, რადგან ძალიან დიდ ნერვებს და შრომას ითხოვს და შესაძლოა, წყალში ჩაგვეყაროს. ზოოპარკების საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩვენ უკვე დაგვევალა სპილოების გამრავლებაზე ზრუნვა.

- თქვენ ხომ დედა-შვილი სპილოები გყავთ?

- დიახ, ჩვენი ბიჭი ანტვერპენის, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმში გაემგზავრება, მის დედიკოს ქმარს ესპანეთიდან ჩამოვუყვანთ. ასე ვიწყებთ მონაწილეობას პოპულაციების გადარჩენის პროექტში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ გამრავლებული ცხოველები შესაძლოა ბუნებაში დააბრუნონ, რადგან ისინი გადაშენების პირას არიან. სასიამოვნოა, რომ ამ პროექტში ჩაგვრთეს. ეს ნიშნავს, რომ გვენდობიან და მოხდა ჩვენი ზოოპარკის საერთაშორისო აღიარება.

- ზოოპარკის ყველა ბინადარს მეწყვილე ჰყავს. მხოლოდ უსურიული ვეფხვი სალია კენტად. მის დაწყვილებაზე არ ზრუნავთ?

- უსურიული ვეფხვები რუსეთის ზოოპარკებში ჰყავთ. ამიტომ ვერ ვახერხებთ მისთვის ქმრის ჩამოყვანას. ისე, ერთი ზოოპარკიდან თანხმობა მოგვწერეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება არ გამოუწერს სერტიფიკატს საქართველოში გამოსამგზავრებლად. ასე რომ, პოლიტიკას ეწირება სალის ბედი - რუსული იმპერიული ამბიციების გამო გაუთხოვარი რჩება...