აღმშენებლობის არაკი ბარაკების ქალაქში - კვირის პალიტრა

აღმშენებლობის არაკი ბარაკების ქალაქში

ბოლო დროს მომრავლებულ ურწმუნო თომების დასარწმუნებლად, რომლებიც გაიძახიან, ჩვენი ქვეყანა კი არ შენდება, უკან-უკან მიდისო, ხელისუფლებამ უძველესი სიბრძნე მოიხმო - ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და დედაქალაქში წინასაარჩევნოდ ერთბაშად სამშენებლო ბუმი გააჩაღა. რა შენდება და როგორ, სხვა ამბავია, მაგრამ, რაც მთავარია,  მტვერნაყლაპი, საცობებით შეწუხებული ხალხისთვის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდა არ ეზარება და ხან ტელევიზიებით, ხანაც ფირნიშებით გვპირდება, - გვაპატიეთ, მაგრამ ოქტომბრისთვის, ანუ როცა არჩევნების შემდეგ კვლავ მოვალთ ხელისუფლებაში, ნაგავსაც ავხვეტავთ, გადასახადებსაც კომფორტულად გადაგახდევინებთ და თქვენ აშენებულ-დამშვენებული დედაქალაქით უნდა იამაყოთო. ვერ ვიტყვი, ამშვიდებს თუ არა ეს ხალხს, მაგრამ როცა ის ოჯახები მოვიძიე, რომლებიც მშენებლობების ფასადს მიღმა ბარაკებში ცხოვრობენ, შემრცხვა: რისთვის არის საჭირო ყველაფერი ეს, თუ შენი მოქალაქეები - მოხუცები და ქალები მიწაზე გდებითა და შიმშილით ავადმყოფდებიან, ხოლო ბავშვებს მომავალი არ გააჩნიათ?!

ბოდიში კი ალბათ მეც მაქვს მოსახდელი ისედაც დაძაბული ხალხისთვის, რომ არცთუ სასიამოვნო ამბებზე ვყვები, მაგრამ არც სხვანაირად გამომდის...

ამ ოჯახში გველებსაც დაუდიათ ბინა

5 კვადრატულ ფიცრულში ოთხი შვილითა და მოხუცი დედით შეხიზნულ თეა კახელაძეს ვერაფრით ანუგეშებ. როცა ორთაჭალის აღმართი ავათავე და კახელაძეების საცხოვრებელზე მიმითითეს, ვერ დავიჯერე, არც კი შევჩერდი და გზა გავაგრძელე, - ალბათ გადასაყრელი ნივთების ფარდულია, აქ ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს-მეთქი!.. თეა კახელაძემ ჯურღმულის კარი გამომიღო და შიგ აქეთ-იქით შედგმული ფიცრის ტახტები და მიწაზე დაფენილი ხალიჩა დამანახა, - ქმარმა აქ ცხოვრება ვეღარ შეძლო და ხუთი წლის წინ უმცროს შვილზე ფეხმძიმე მიმატოვა, ამ ტახტებზე სძინავს ჩემს ოთხ შვილს, მიწაზე კი მე და დედაჩემსო. მერე ძველი სარკე გადასწია და მის უკან გამონგრეული კედელი მიჩვენა, - აქედან ზაფხულში გველები, ზამთარში კი ვირთხები მოძვრებიანო!

...თავად განსაჯეთ, რა გულუბრყვილობა იქნებოდა, თეასთვის მეკითხა, - ვირთხებმა და გველებმა რომ შვილები დაგიკბინონ, მერე რას აპირებ-მეთქი. ისღა ვკითხე, - მომავლის იმედი თუ ჰქონდა. თავი გააქნია, - რამდენი წელია, ვეხვეწები დედაქალაქის მერიას, თავშესაფარი მომცეს, მაგრამ ამაოდო.

მორგიც კი ვერ გაიმეტეს...

ამაოდ იხვეწება თავშესაფარს მაყვალა ალადაშვილიც, - ის ვაკეში, ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკუთარი ხელით აშენებულ ბარაკში ცხოვრობს და დროდადრო გარშემო "დასაქმებულ" მათხოვრებსაც იფარებს - ფარდულში ორი ფიცრის ტახტი უდგას და მასზე სათითაოდ აძინებს - აბა, რა ვქნა, მიწაზე ათევენ ღამეს და მეცოდებიანო. მაგ მათხოვრებს მას შემდეგ ვიცნობ, რაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მორგში გადმოვედი საცხოვრებლად. ეგენიც უსახლკარო ქართველები არიან და ხელი როგორ ვკრა. მორგში კი იმიტომ გადმოვედი, რომ სახლი დამეწვა, ქმარიც გამიხდა ავად და რაც ფული მქონდა, იმას დავახარჯე. ჩემი შვილი ჩემმა დამ შეიფარა, მაგრამ მას ოჯახი აქვს და მეც ხომ არ დავაწვები სარჩენად. ამასობაში მორგიც დაანგრიეს. მერე ეს ბარაკი ავაშენე. ბუნკერებში ძველ საბნებს ვეძებ, ვშლი და ბამბას 50 თეთრად ვაბარებ. არ ვიცი, რას უშვრებიან ამ ბამბას, მგონი, ამუშავებენ და ახალ საბნებს კერავენ...

...მაყვალა ალადაშვილიც არაფერს ელის თავისი ქვეყნისგან, ის თავისი "პატარა ბიზნესის" იმედადაა.

საწოლს მიჯაჭვული სიღატაკე

აღარაფერი ეიმედებათ კუკიის ფარდულს შეფარებულ გაბედავებსაც. ამ ბარაკის სამი ხიზნიდან ორი - ნაზი და ინგა გაბედავები, ბებია და შვილიშვილი, ინვალიდები არიან. ბებია მოხუცდა, დაბრმავდა, დაყრუვდა და სიარულიც უჭირს - ძალზე მძიმე ცხოვრება გადაიტანა, დედისაგან მიტოვებული ინგა და მისი ძმა, მურმანი, იმ ფარდულში გაზარდა, სადაც ისევე წვიმს და თოვს, როგორც გარეთ. ინგა არასოდეს ამდგარა საწოლიდან, ქვედა კიდურები დაუპატარავდა. რამდენიმე წელიწადი საწოლს მიჯაჭვულს ბებიასთან ერთად მამა უვლიდა. ახლა კი გაჭირვებისაგან ფსიქიკაშერყეული მამაც სადღაც გადაიკარგა და 15 წლის გოგოს 18 წლის ძმა პატრონობს. მომავალი ინვალიდებს მიჯაჭვულ ბიჭსაც არ გააჩნია...

8-შვილიანი დედა მომავლის იმედს მაინც არ კარგავს

ამ ბარაკების მკვიდრთაგან ნათელ მომავალზე ოცნების სურვილი მხოლოდ მარინა კონცელიძეს არ დაუკარგავს. ისიც იმიტომ, რომ განგებამ რვა შვილი აჩუქა და თავს ამის უფლებას ვერ აძლევს.

- შვილების გაზრდა რომ არ შემძლებოდა, რვას არ გავაჩენდი და მერე მათხოვრობას არ დავიწყებდი, მიშველეთო. მაგრამ ავადმყოფობას მე რას ვუზამ. გურიაში ვცხოვრობდით, იქ ისე დამიავადმყოფდა უმცროსი შვილი ასთმით, რომ არ დამხრჩვალიყო, ყოველდღე ჟანგბადს ვასუნთქებდი. ექიმმა - აღმოსავლეთ საქართველოში წაიყვანეთო. მეუღლის ოჯახს სახლს ხომ არ გავუყიდდი. ის სამუშაოდ ქობულეთში წავიდა, მე რვა ბავშვით თბილისში ნაქირავებ სარდაფში გადმოვედი. ახლა ჩემი პატარა ასთმით აღარ ავადმყოფობს, სამაგიეროდ, ზამთარში სარდაფში წყალი რომ ჩამოვიდა, ოთხი შვილი ერთად გამიხდა ფილტვების ანთებით ავად. მეზობელს შევეცოდეთ - ეზოში ხუხულა ედგა, შიგ კატები და ძაღლები ბინადრობდნენ, - დაასუფთავეთ და იცხოვრეთო. ჩვენს ქვეყანაში, საუბედუროდ, იმდენი დაცარიელებული სახლია, მე და ჩემს შვილებს, სადმე აღმოსავლეთ საქართველოს სოფელში რომ მოგვცენ თავშესაფარი, ძროხასაც ვიყოლიებთ და მიწასაც მოვუვლით... ვითომ თავში ხელს ვიცემთ - ვეღარ ვმრავლდებით, გადაშენების გზაზე ვართო... ეტყობა, არ უნდა ხელისუფლებას ჩვენი გამრავლება, თორემ ამდენ რამეს აშენებს და რვა ბავშვს ერთ ჭერს როგორ არ მისცემდა!