დიდი ქალბატონი - კვირის პალიტრა

დიდი ქალბატონი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე. მშვენიერი ქალბატონი ბოლო წლებში თითქოს უწონო იყო, კი არ დადიოდა, ფარვანასავით დაფარფატებდა ულამაზესი შლაპებით. მის უზადო მშვენიერებას დრო-ჟამი ვერ მორეოდა... მახსენდება მისი პასუხი გულწრფელ ქათინაურზე:

- ერთ რამეს დავაკვირდი ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში, - ვინც ბოროტად არ იცხოვრა, ალალ-მართალი იყო და ცუდი არავისთვის უნდოდა, ყველა ლამაზად დაბერდა... ზოგიერთი ლამაზი ქალი შეუხედავ დედაბრად იქცა... გარეგნობას არ ჰქონია მნიშვნელობა, სულში რა გაქვს, ის არის მთავარი...

ამას მეუბნებოდა ქალბატონი, რომლის გარეგნობამ არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც ბევრი გააკვირვა...

რომის პაპმა, იოანე XIII-მ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპის პორტრეტი ითხოვა - სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპურ სახეებს აგროვებდა. მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის ფოტოები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს:

- ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) დიდებული ევროპაა, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე) ქართული სილამაზეაო...

დოდო ჭიჭინაძის ქართული სილამაზის მთავარი საიდუმლო კი შინაგანი სამყარო იყო, რომელსაც მისი ფესვებიც ასაზრდოებდა და სისხლსავსე ცხოვრებაც...

ქალბატონი დოდო მოესწრო იმ თაობას, რომელიც ქართველი ხალხის საყრდენსა და სინდისს წარმოადგენდა... სამწუხაროდ, იმ თაობის შვილები ან სიცოცხლეს გამოასალმეს საბჭოთა ჯალათებმა, ან ისეთ პირობებში ჩაყარეს, რომ მათ შესახებ არავინ აღარაფერი იცოდა. ქალბატონი დოდო რუდუნებით ინახავდა მოგონებებს ივანე რატიშვილზე... სწორედ მას უსწავლებია მშვენიერი ასულისათვის ცხენზე ჯდომა... ბაბუამისი, ალექსანდრე ჭიჭინაძე, ივანე რატიშვილთან ერთად ცხოვრობდა პეტერბურგში და ზამთრის სასახლის საგანძურის გადარჩენაში მასაც ჰქონდა შეტანილი მცირედი წვლილი...

ბაბუის სისხლი სისხლთაგანი დოდო ჭიჭინაძე გუმანით გრძნობდა, ვის უნდა მიკედლებოდა სულიერად... ლევან გოთუა რომ  გადასახლებიდან დაბრუნდა, უკან დაჰყვებოდა და მონუსხული უყურებდა მას, ვინც წნეხში მოქცეული საქართველოს სიმბოლოდ ესახებოდა... ჯერ კიდევ ყმაწვილქალი, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობისას არაერთი საიდუმლოს თანაზიარი გახდა. იცოდა, როგორ შეიტანა ტაბლიაშვილმა სამი უავტორო პიესა სამხატვრო საბჭოზე, როგორ მიიღო ნებართვა მათი დადგმისა. ეს პიესები კი სინამდვილეში პოლიტპატიმარ ლევან გოთუას ეკუთვნოდა...

ლევან გოთუაც ამჩნევდა დიდ სიყვარულს პატარა მშვენიერ მსახიობს. ანთებული თვალებით უყურებდა მის ანა ბატონიშვილს "ერეკლე მეორეში"...

მერე იყო - მარჯანიშვილის თეატრმა შეიფარა გადასახლებიდან დაბრუნებული გრიგოლ კოსტავა, რომელმაც დადგა პიესა "ჯარისკაცის ქვრივი" და დოდოს ათამაშა როლი სამშვილიანი დედისა, რომლის სიყვარული არასოდეს განელებია  მსახიობს.

უამრავი როლი თეატრსა და კინოში... თამამი გამოსვლები და პროტესტი, როცა საჭირო იყო... მისი მშვენიერება - ეს ყველაფერი ჩაიბეჭდა ქართველი ხალხის მეხსიერებაში.

რეპრესირებულთა ოჯახის შვილს შიში წამითაც არ უგრძნია. გადასახლებიდან დაბრუნებულებთანაც მეგობრობდა, მათ თანაგრძნობასაც არ მალავდა...

შიში მაშინ მოვიდა, როცა აღარც ელოდა - 90-იან წლებში... თბილისის ქუჩებში პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქართველები იარაღით ემუქრებოდნენ ერთმანეთს. რუსთაველის პროსპექტთან ახლოს მცხოვრები დოდო ჭიჭინაძე კარს არ კეტავდა, რომ ტყვიას გამორიდებული, გამოქცეული ქართველები შეეფარებინა, - სულ ერთი იყო, ვის მომხრეს გადაარჩენდა. ის ტკივილი და შიში მერე უფრო და უფრო გამწვავდა: აფხაზეთი წაგვართვეს ომით და ბოლოს ქართლიც გულივით გამოგლიჯეს საქართველოს.

ეს იყო ყველაზე შავი ზაფხული დოდო ჭიჭინაძის ცხოვრებაში... 80 წელს გადაშორებული ქალბატონი ისევ ძველებური გაუტეხელი სულით იმეორებდა: - თოფიც კი შემეძლო ამეღო ხელში თავისუფლებისათვის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, უნდა გვეღირსოს... ამისთვის ყველაფრის ატანა შემიძლია! ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ბრძოლის სურვილი არ დავკარგოთო...

84 წელი გაატარა მიწიერ საქართველოში. ვინმეს ბედნიერების ამორჩევა რომ შეეთავაზებინა, დაუფიქრებლად აირჩევდა თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს ნახვას. სამწუხაროდ, ეს ბედნიერება არ ეღირსა...

სულ ბოლო ინტერვიუში კი, რომელიც მისი ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით ორიოდე თვის წინ ჩაიწერა ტელევიზიამ, ქალბატონმა დოდომ ბრძანა: - ბედნიერი ვარ, სულ ორი სიტყვის გამო, რომელიც საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მითხრა, - თქვენ დიდი ქალბატონი ხართ!

ეს არ არის ცოტა, საგზლად ზეციურ საქართველოში...