წიგნი რომ ისევ დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში - კვირის პალიტრა

წიგნი რომ ისევ დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში

წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" შეხვედრები გრძელდება. სტუმარი გასულ შაბათს ლევან ბერძენიშვილი იყო.

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა უამრავი საინტერესო რამ გვიამბო წიგნებზე, მათ დიზაინსა და შექმნის კულტურაზე... მსოფლიოს ბიბლიოთეკებსა და ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში სიდიდით - წიგნების რაოდენობით მესამე იყო მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკების შემდეგ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში წიგნის ფასი იცოდნენ... როცა სადმე, რომელიმე ევროპული ბიბლიოთეკა ამაყად ჰკითხავდა ბატონ ლევანს - თქვენს ოთხ-ნახევარი მილიონი წიგნის მქონე ბიბლიოთეკაში პირველი ნაბეჭდი  წიგნი თუ გაქვთო, ის ამაყად პასუხობდა: - მართალია, გუტენბერგის 42-ხაზიანი ბიბლია არა გვაქვს, მაგრამ, ჩვენ IX საუკუნის ხელნაწერი გვაქვსო. ეს არგუმენტი ამუნჯებდა წიგნის მცოდნეთ. ასეთი ფუფუნებით სულ რამდენიმე ბიბლიოთეკა თუ დაიკვეხნის მსოფლიოში.

წიგნი რომ ისევ დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებასა და ოჯახებში და უძველესი კულტურის საქართველომ ღირსეულად ატაროს მწიგნობარი ერის სახელი, მცირეოდენი წვლილი "ბიბლუსის" შეხვედრებსაც შეაქვს.

მაშ ასე, მომავალ შაბათს ისევ გელით რუსთაველზე, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში"... დღის 3 საათზე.