ვან გოგისა და გოგენის მთელი ტირაჟი გაიყიდა - კვირის პალიტრა

ვან გოგისა და გოგენის მთელი ტირაჟი გაიყიდა

წიგნის შეძენა, როგორც ადრე, ახლაც დასწრებაზეა...

ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, გოგენის ალბომს ვერ მივუსწარი და ყურადღებით იყავი, სადმე თუ ნახავ მაყიდვინე-მეთქი, - სიცილით კინაღამ მოკვდა. შენ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა, "კვირის პალიტრის" ბიბლიოთეკის სერიის წიგნი ვერ იშოვე?! ნამდვილად მეხუმრები, არ მჯერაო...

მეორე დღეს კი დამირეკა და სერიოზული ხმით მამცნო: დავიჯერე! ნამდვილად ვერ იშოვიდი, თურმე ჩვენს ქუჩაზე სამგან იღებენ და სამივეგან ყველა ალბომი გაყიდულა.

სულაც არ მიკვირს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, საოცრად საინტერესო და სრულყოფილი ინფორმაციით სავსე წიგნი-ალბომი რომ ასე სწრაფად იყიდება. ნოემბერი ესაა დადგა და როგორ ვიფიქრებდი, ამ თვეში გამოსულ გოგენის ალბომს თუ ვეღარ ვიშოვიდი! თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები... როგორც წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" ჩემსავით გაწბილებულმა მყიდველმა, ნაირა ოდიშვილმა მითხრა, 90-იანი წლების შემდეგ დიდი ალბომი კი არა, წიგნი აღარ უყიდია, ერთ დროს წიგნების პირველ მყიდველს. მწირი ხელფასი ამის საშუალებას არ აძლევდა...

- ვან გოგის ალბომი რომ გამოვიდა, უიმედოდ გადავფურცლე. თვალი მომჭრა უზადო ხარისხმა, ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ წიგნი 15 ლარი ღირდა, ორჯერ გავამეორებინე მომხიბვლელ გამყიდველს. ხელიდან რას გავუშვებდი ასეთ საჩუქარს! მეგობრებსაც დავურეკე და ყველანი, ვისაც წიგნი და ხელოვნება გვიყვარს და ვინც უკვე ათეულობით წლებია ვეღარაფერს ვყიდულობთ, შესაძენად დავირაზმეთ...

თანაგრძნობით ვუსმენდი ქალბატონ ნაირას. მართლაც, ფასი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ძნელია ცდუნებას გაუძლო. სერიის პირველი წიგნის - ვან გოგი და მეორე - გოგენის სრული ტირაჟი გაიყიდა. მათთვის, ვინც შეღავათიან ფასად (ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლი აწყობს ერთკვირიან აქციას და წიგნები მხოლოდ ამ ვადაში იყიდება 15 ლარად) ვერ მოასწრო  "დიდი მხატვრების" სერიიდან ვან გოგისა და გოგენის შეძენა, წიგნის მაღაზიებში შეზღუდული ტირაჟით იანვრიდან 20 ლარად გაიყიდება.

- ნეტა, რომელი მხატვარი იქნება მესამე? - მეკითხება ჩემი თანამოსაუბრე.

- კლოდ მონე, - ვეუბნები ქალბატონს.

- მონე? - წიგნის თაროებთან აქამდე ჩუმად მდგომი მამაკაცი ჩვენკენ მობრუნდა, - მზის მოყვარული მონე. მისი "თივის ზვინები", "რუანის ტაძრის ხედები"... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ. მონეს ქართული ალბომი! საოცრება იქნება...

"კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლი იზრუნებს იმაზე, რომ არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი. ეს მეც მაიმედებს... ჩემს საკუთარ, "დიდი მხატვრების" სერიას, რომელიც 15-ზე მეტ წიგნ-ალბომს მოიცავს, გოგენი აღარ დააკლდება. როგორც კი ხელმეორედ გამოჩნდება მაღაზიაში, დაუყოვნებლივ შევიძენ.

P.S. ამ ამბავში ერთი რამ განსაკუთრებით მახარებს: ხელოვნება ისევ აქტუალურია პოლიტიკური კატაკლიზმებით დაზაფრულ დროში; რომ წიგნის შეძენა, როგორც ადრე, ახლაც შეიძლება დასწრებაზე იყოს.