მიშას შემდეგ... - კვირის პალიტრა

მიშას შემდეგ...

საარჩევნო ფორიაქმა გადაიარა და თბილისიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქები და სოფლები, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა, შეიძლება ითქვას, ცოტა უჩვეულოსაც. ქუჩაში გასულს ცხვირწინ ჩამიქროლა ყვითელმა სამარშრუტო ტაქსიმ, რომელსაც უკან "ქართული ოცნების" დროშა ჰქონდა დამაგრებული და ასე, დროშის ფრიალ-ფრიალით გადაჰყავდა მგზავრები. უჩვეულოა, აბა, რა, როცა სულ რაღაც ერთი კვირის წინ იგივე "მარშრუტკები" "ნაციონალების" პლაკატებით იყო აჭრელებული.

თბილისი ასეთი თამამი დიდი ხანია არ ყოფილა. აქამდე ხელისუფლების გაკრიტიკებას საჯაროდ ცოტა თუ ბედავდა, იმის შიშით, არ დამიჭირონ ან არ დამაჯარიმონო, ახლა ხალხი უფრო გათამამდა. ისე, სულ ვამბობდი, რომ ეს ჩვენი, შეიძლება ითქვას, უკვე წარმავალი მთავრობა, სულ არ იყო ფეხით სიარულს ნაჩვევი - პრეზიდენტი, ძირითადად, ვერტმფრენით გადაუფრენდა ხოლმე სოფლებსა და ქალაქებს, თბილისის მერი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჩადიოდა მეტროში, მთავრობის წევრები კი ძვირად ღირებული ავტომობილების დაბურული მინებიდან თუ შეავლებდნენ თვალს მათ, ვისმა ხმამაც მათი ბედი გადაწყვიტა...

დღეს უამრავი ადამიანია დარჩენილი საცხოვრებლის გარეშე, მერიას კი მათთვის დროებითი თავშესაფრის შეთავაზება მხოლოდ ზამთარში, გაუსაძლისი ყინვის დროს ახსენდებოდა, როცა რამდენიმე ადამიანს გადაცივებისგან გარდაცვლილს პოულობდნენ. ახლა თბილი შემოდგომა დაგვიდგა, მაგრამ ღამით ქუჩაში მაინც ცივა, ამიტომ ქუჩის ბინადარნი "ქართული ოცნების" საარჩევნო დროშებში გახვეულან და ოცნების ახდენის იმედით გაღვიძებასაც არ ჩქარობენ...

ისე, არჩევნებამდე გამთენიისას თბილისში უამრავი მეეზოვე შემინიშნავს, ახლა კი არსად ჩანან, ქუჩები ისეთი დანაგვიანებულია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლები გამახსენდა. თანაც ნაგავი რუსთაველის პროსპექტსა და თავისუფლების მოედანზე ყრია. დედაქალაქის მოსახლეობა ფიქრობს, რომ არჩევნებში წაგებული ხელისუფლება თბილისელებს ასე სჯის:

- არჩევნების შემდეგ, ხომ ხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში... ალბათ, უნდა გვიჩვენონ, ხომ გაფრთხილებდით, ივანიშვილი წარსულში დაგაბრუნებთო და განგებ აკეთებენ ისე, რომ ხალხმა საკუთარი არჩევანი ინანოს. ვიცით, რთული პერიოდი იქნება მანამ, სანამ ძალაუფლებას გადააბარებენ ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ამასაც ავიტანთ.

- გაგვიბრაზდა მთავრობა, ხმა რომ არ მივეცით არჩევნებში? ცივი წყალი დალიოს! ხალხს ლუკმაპური ენატრებოდა და ესენი კიდევ ნაირ-ნაირ შენობებს აშენებდნენ. თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით ხომ არ აშენებდნენ გზებსა და შენობებს? ჩვენ გვაცლიდნენ ლუკმას პირიდან, ბიუჯეტში შეჰქონდათ და როგორც უნდოდათ, ისე განკარგავდნენ.

- მიშამ დიდი ზარ-ზეიმით რომ გახსნა იუსტიციის სახლი, რომელიც ბიუჯეტს თურმე თითქმის მილიარდი ლარი დაუჯდა, უკვე წყალი ჩამოსულა. ახლობელი მუშაობდა მშენებლობაზე და ამბობდა, მლესავი კედელს რომ ლესავდა, მღებავი გაშრობას არ აცლიდა და საღებავს უსვამდა, რადგან მიშას არჩევნებამდე უნდა მოესწრო მისი გახსნაო(?).

- ხალხში ხმა გავრცელდა, რომ შეიძლება პენსიების გაცემაც დააგვიანონო. ამით კიდევ უფრო გააღიზიანებენ ხალხს. ბევრს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ სამსახური და შრომის შესაბამისი ანაზღაურება გვქონდეს, რომ ოჯახები ვარჩინოთ, შვილებს განათლება მივცეთ და ექიმთან მისვლისა არ გვეშინოდეს.

- 20 წელია ვტაქსაობ და ახლა ამაშიც ჩაზიარება გადაწყვიტა მთავრობამ, ისევე როგორც "მარშრუტკების" ბიზნესს დაეპატრონა, - მითხრა კლიენტის მომლოდინე ტაქსის მძღოლმა იოსებ მეზურნიშვილმა:

"ორ დღეში მნიშვნელოვან ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდები. 9 წელი იყო მიშა ქვეყნის პრეზიდენტი და მისგან ვერაფერს ვეღირსე... ახლა კი გაღიმებულ სახეებს ვხედავ. რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ რომც არაფერი მარგოს ივანიშვილმა, მიშას მაინც ასი თავით მირჩევნია. ადგილობრივები სამსახურებს ეძებდნენ და ესენი კიდევ უცხოელებს ასაქმებდნენ. წლების განმავლობაში განათლების სამმართველოში ვმუშაობდი. ის შენობაც კი დაანგრიეს, მერე გაყიდეს. არაფერი მინდა, აი, როგორც ვირივით ვმუშაობ, ასევე ვიმუშავებ, ოღონდ იმის შიში ნუ მექნება, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური მომივარდება და კინწისკვრით გამაგდებს".

ამასობაში ყვავილების გამყიდველი მოგვიახლოვდა წითელი ვარდების თაიგულით და "ქართული ოცნების" გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გასაზიარებლად საუბარში ჩაგვერთო: "17 წელი პარლამენტის შენობასთან ვდგავარ და ყვავილებს ვყიდი. შინდისელი კაცი ვარ, ყოველ დილით ჩამოვდივარ. სისხამ დილით ვყიდულობ ბითუმად ყვავილებს და შემდეგ ვყიდი. მხოლოდ პურის ფული მრჩება. ამასაც გვიშლიან. ისე, არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩენილან. დამთავრდა მიშას ჰოლანდიური ვარდების დრო! ახლა ქართული ვარდების დრო დგება!" - მითხრა გახარებულმა, თაიგულს ვარდი ამოაცალა და სიყვარულით გამომიწოდა...

P.S. არჩევნების წინადღეს გარე მოვაჭრეს გამოველაპარაკე. მთხოვა, გურჯაანიდან ვარ, არჩევნებზე წასვლას ვაპირებ და გთხოვ, რაც ყურძენი დამრჩა, სულ იყიდეო, თან ბლუზა აიწია და მაჩვენა, "ქართული ოცნების" მაისური მაცვიაო...

არჩევნების შემდეგ იმ ქალის მოსაძებნად გავეშურე. ისევ იმ ადგილას ვაჭრობდა. ვფიქრობდი, რომ ახლა თამამად დამხვდებოდა "ქართული ოცნების" მაისურში გამოწყობილი, მაგრამ ისევ საგულდაგულოდ მალავდა ზედატანის ქვეშ.

"ჩემი შვილი და რძალი "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ და ამის გამო მთავრობამ 1.000-ლარიანი დახმარება არ მოგვცა. არადა, სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა. თუ გაიგეს, რომ მათი მხარდამჭერი ვარ, მეშინია, მეც არ დამიშალონ ვაჭრობა. ერთხელ ნინო ბურჯანაძეს გადავეხვიე და მერიის თანამშრომლებმა ამ ადგილიდან ამაგდეს. მერე ივანიშვილმა ჩამოიარა  ქუჩაზე და იმასაც ოვაციით შევხვდი და ამის გამოც პრობლემები შემიქმნეს. ამათ ყველგან თავისი ჯაშუშები ჰყავთ და ყველაზე ყველაფერი იციან", - მითხრა ქალბატონმა ნათელამ, თან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ემანდ, არავინ დამინახოსო და, ფოტოს გადაღებაზეც უარი მითხრა...

როგორ ჩანს, "ოცნების" გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს შიში ბოლომდე არ დაუთრგუნავს და საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ "ნაციონალური" სიურპრიზების მოლოდინშია.

მაკა ყამარაული