"აივნიანი ქალაქი" - შეჩერებული წამი - კვირის პალიტრა

"აივნიანი ქალაქი" - შეჩერებული წამი

აკაკი ბაქრაძე წერდა: "როცა აივნიანი ქალაქის" კითხვას დაასრულებთ, სევდა გეუფლებათ, არა იმიტომ, რომ რომანში ბევრი სიკვდილია აღწერილი, არამედ უფრო იმიტომ,  ხედავთ დროის ულმობელი დინების გამო, რომლის შეჩერება არაფერს ძალუძს, როგორ წასულა აივნიანი ქალაქი მისი კოპწია სახლებით, შუკებითა და ფოლორცებით, სიმღერებით, ზნე-ჩვეულებით, კოხტა კნეინებით, ეტლებითა და იტალიური ოპერით, "ხახვის ფრანტებით", რჩეულიშვილის რომანებით, ტივებზე ნადიმით, სიხარულითა და  ტკივილით, პლატონ იოსელიანის სიდარბაისლით, ჰაჯი მურატის მოჭრილი თავით და ანგლოფილი ნამესტნიკით.

რას იზამთ, დრო ულმობელია, იგი ყველაფერს შლის. ეს მისი ღვთაებრივი კანონზომიერებაც არის, მომხიბვლელობაც, მაგრამ არსებობს სიტყვაკაზმული მწერლობა, რომელშიც ისტორიის შეჩერებული წამია ფიქსირებული. სხვა თვისებებთან ერთად ლიტერატურა ამითაც არის მშვენიერი და, როცა სევდა შემოგვაწვება, იმ შეჩერებული წამით ვიქარვებთ გულზე მოკიდებულ დარდს".

"აივნიანი ქალაქი" ამიტომაც უნდა გქონდეთ წიგნის თაროზე. ის შეჩერებული წამია, ძველი თბილისის ის კარიბჭე, რომელსაც სულ მარტივად შეაღებთ და გადააბიჯებთ.  აქ ის ფურცლები იშლება, რომელსაც ვერც ერთ ძველ ფოტოზე ვერ ნახავთ სრულყოფილად, რადგან ფოტო კი ინახავს შენობებსა და ქუჩებს, ლამაზად ჩაცმულ ადამიანებს, მაგრამ ვერ ინახავს იმ სულს, რომელიც ვიზუალური აღქმის იქით უნდა გეგრძნო... "აივნიანი ქალაქი" ამ სულით არის შექმნილი. აი, რატომ უნდა იყოს ყველა ოჯახში ეს წიგნი.

ვალერიან გაბაშვილი ნიკოლოზ გაბაონის ფსევდონიმით აწერს ხელს ამ რომანს. იქნებ იმიტომ, რომ თავიდან მოერიდა კიდეც ცნობილ მეცნიერს, აღმოსავლეთმცოდნეობის ისტორიული სკოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოამაგეს, თავისი ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება წარედგინა ფართო საზოგადოებისთვის. იმასაც ხვდებოდა, რომ "აივნიანი ქალაქი" აუცილებლად უნდა დაბეჭდილიყო. ეს მრავალ ჭრილში გავლილი, თავისებური ხედვა იყო სამყაროსი, რომელიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა. ვალერიან გაბაშვილი თავის დროზე კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა მსახიობად. ქართული თეატრი კი,  ყველაზე მეტად ინახავდა კავშირს იმ ძველ ატმოსფეროსთან, რომელიც ეროვნული იდენტურობის საყრდენად გვჭირდებოდა. ამ ჭრილში უყურებდა ახალგაზრდა ხელოვანი სამყაროს.

"აივნიანი ქალაქის" ყველა პერსონაჟის უკან დოკუმენტური საფუძვლის ამოკითხვა შეიძლება. ეს კიდევ ერთი სავარჯიშოა თანამედროვე კაცის გონებისთვის - დაღლილისა და ნირშეცვლილისთვის. ეს არის გზა, რომელიც საკუთარ ქალაქში დაგაბრუნებთ; მისი ლამაზი სახლების ლამაზ აივნებს დაგანახებთ, მერე თითქოს ამ სახლებიდან ერთ-ერთის აივნიდანაც გადმოგახედებთ და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ თბილისი მშვენიერია! ნებისმიერი ვნებათაღელვა გაივლის... მდიდარს მობეზრებული ამბავივით დაივიწყებენ, ღარიბსაც აღარავინ გაიხსენებს, დარჩება მხოლოდ ის, ვინც სიყვარულით დაუკავშირდება თავის ფესვსა და ცხოვრების ალაგს. დარჩებიან ის აივნიანქალაქელები, რომლებითაც სუნთქავდა თბილისი. შეიძლება თითოეული მათგანის სახელი აღარავინ იცოდეს, მაგრამ მათ ძველი თბილისის ცნება შეინახავს და მომავალ თაობებს დააკავშირებს, სწორედ ისე, როგორც ამას ვალერიან გაბაშვილის, იმავე ნიკოლოზ გაბაონის "აივნიანი ქალაქი" აკეთებს.