"ე, გიგი, შენ რაღად ჩუკენობ... მიდი რა, საქმეს მიხედე" - კვირის პალიტრა

"ე, გიგი, შენ რაღად ჩუკენობ... მიდი რა, საქმეს მიხედე"

თბილისელების აზრით...

ბოლო ხანს თბილისის ქუჩებს მზრუნველი ხელი აღარ ეტყობა. მეგონა, ასე მხოლოდ მე ვფიქრობდი. ამ დღეებში მძღოლებმაც შემომჩივლეს, თოვლისა და ყინვის გამო ასფალტის საფარი ფუჭდება და გზის გაკეთებაზე აღარავინ ფიქრობსო.

ნოდარ ჯარჯიაშვილი: - თვალში საცემია თბილისის გზებზე ალაგ-ალაგ გაჩენილი ორმოები. ბოლო წლებში, როგორც კი თბილისში მოთოვდა, მოყინვის საწინააღმდეგო მარილს ყრიდნენ გზებზე, ეს კი საფარს აფუჭებს. პატარა ორმოები ყოველთვის ჩნდებოდა, ამიტომაც მერიის კეთილმოწყობის სამსახური გამოამინდებისთანავე არემონტებდა გზებს. ამჯერადაც თოვლიანი და ყინვიანი ამინდების შემდეგ ასფალტზე ღრმულები გაჩნდა, მაგრამ რატომღაც მერია გზის შეკეთებას არ ჩქარობს, არადა, გაზაფხულის ლოდინი არც არის საჭირო, ისეთი კარგი ამინდებია.

გამოიყვანონ ტექნიკა, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, როცა "ნაციონალები" იყვნენ ხელისუფლებაში. დაყარონ დაზიანებულ ადგილებში ასფალტი და ნუ მისცემენ ღრმულს ნაპრალად ქცევის საშუალებას. წინათ ასე ხდებოდა, კარგად მახსოვს, ახლა რატომ იკავებენ თავს, არ მესმის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დედაქალაქის მთავრობა შეგნებულად არ უვლის ქალაქს, რათა მერე თქვას, აი, ძველი დრო დაბრუნდა ასფალტის დიდი ღრმულებით, უტრანსპორტობით, ჩაბნელებული ქუჩებითა და ქაოსითო.

თუ მართლა ასე ფიქრობს ბატონი მერი, ვეკითხები მას, ბატონო გიგი, ნუთუ ფიქრობთ, რომ ხალხს ეშლება და ვერ ხვდება, ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი მოუვლელი თბილისის გამო? არ თქვათ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება გიშლით ხელს და გეუბნებათ, - ასფალტი არ დააგოთ, ნათურა არ გამოცვალოთ, ქუჩა არ დაგავოთ, გატეხილი ხის სკამები არ შეაკეთოთო...

არამ გევორქიანი: - საღამოობით ხშირად მიწევს დედაენისა და მხატვრების ბაღში გავლა. თვალში საცემია გადამწვარი ნათურები და საღამოობით ჩაბნელებული ბაღები. თითქოს ვიღაცას უნდა, გათქმევინოს - აი, წინათ რა კარგი იყო, როგორი განათებული და მოწესრიგებული იყო ყველაფერი, ახლა კი მოვიდა ბიძინა და ბნელაო. ბნელი უნდა ვიყო, ეგრე რომ ვიფიქრო. განა ჯერ კიდევ უგულავა არ არის დედაქალაქის მერი? ტელევიზორში რომ იუზრდელა, ახალი მთავრობა რათა ჩუკენობსო, ე, გიგი, შენ რაღად ჩუკენობ, ენას რომ იფხან, მიდი, საქმეს მიხედე. იქნებ ხალხს თავი მოაწონო და კვლავაც მერად აგირჩიონ.

26 იანვარს გიგი უგულავა კაჩინსკის სახელობის სკვერში მივიდა, რომ თანამშრომლების მალიმალ პროკურატურაში დაბარების გამო საყვედური გამოეთქვა, ორიგინალურად კი გამოუვიდა. "რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა ამ ჩუკენობას და როდის გადავა საქმის კეთებაზე?" - ბრძანა მან. დედაქალაქელებიც იმავეს ეკითხებიან ქალაქის მერს, საქმეზე როდის გადახვალო.