აკი, თოლიებს ღამით სძინავთო? - კვირის პალიტრა

აკი, თოლიებს ღამით სძინავთო?

ახალი რა ხდება თბილისში? ერთი შეხედვით, არაფერი - ცა ისევ წვიმას აპირებს, პიკის საათში ქუჩები ისევ გაჭედილია მანქანებით, ნერვებიც

ისევ გეშლება... მაგრამ, ასე რომ არ იყოს, მეტეხთან ჩავლისას ხომ აღარ იფიქრებდი, რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მტკვარი, რომლის დუდუნი უსათუოდ დაგამშვიდებს. დაინახავ, როგორ მიატივტივებს ნოემბერს და მივიწყებულ ლექსს გახსენებს: "კაკლის წენგოსფერი დღეებია,  მტკვარმა ჩაატარა ნოემბერი,  ისე უცნაური დარებია, ისე უცნაურად მენატრები..." ხიდს იქით მეთევზეს ქუდი ჩამოუფხატავს. რაზე ფიქრობს? რა ვიცი. სულ იმაზე ხომ არ იფიქრებს, ნეტა, ბევრი თევზი დამაჭერინაო. ვინმეზე ფიქრობს ალბათ, შეიძლება ქალზე ან შვილზე, ძმაკაცზე... ბარაქ ობამასა ან ვლადიმირ პუტინზე ხომ არ იფიქრებს! ახლოს რომ მივიდე, ზედ ცხვირ-პირზე ეწერება. აფსუს, ღამეა და ვერ მივალ, არადა, კარგი მოსაუბრენი არიან მეთევზეები!

მაგრამ შეიძლება შენც კარგი თემა ხარ სალაპარაკოდ, ამ შუაღამისას, ქარის მიდი-მოდიში ხიდზე გადამდგარი. რა ხდება, ქალბატონოო? არაფერი, - პასუხობ. მაგრამ როგორ არაფერი - მეტეხის კლდიდან თოლიების გუნდი გამოვარდება და მტკვარში ჩაკიდებულ ლამპიონებს შხუილით ენარცხება. მერე რა, რომ ღამის თბილისი ზლაზვნით მიგუგუნებს, წყლის ტყაპანი მაინც გაიშხუილებს ყურებში. აბა, რა იქნება, მტკვარს თოლიების ლაშქარი ჩასევია - ჩაკრავენ ნისკარტს და ამოკრავენ, ჩაკრავენ და ამოკრავენ...

აკი, თოლიებს ღამით სძინავთო? აგე, რა ამბავში არიან ამ ნოემბრის ღამეს, რა ლამაზები არიან და რა აფსუსია, მარტო რომ ვუყურებ.

ნანა რამიშვილი