შენ გაიხარე, მეპურევ!.. - კვირის პალიტრა

შენ გაიხარე, მეპურევ!..

ეს ქართული თონეა! გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ვინ იქნება ჩვენ შორის ისეთი, ვისაც თვალი არ გაქცევია ხმაურიანი ქალაქის მიყუჟულ

ადგილას ჩადგმული თონეებისკენ. რა მადლი და სურნელი მოდის, არა?

მიხვალ, გაისწორებს ფქვილიანი ხელით ჩაჩს მეპურე (თუ თონეში არ არის გადაკიდებული) და ყოველგვარი შესავლის გარეშე გკითხავს, - რამდენი? შენ იქით ეკითხები, - ცხელია? თუ გითხრა, - არაო, მაშინ დაელოდები, - მერე რა, რომ გარეთ უკვე ცივა და ცხვირიც სახელოში გაქვს ჩარგული. იქ კიდევ პურის სურნელი გიღიტინებს. რა დიდი ამბავი უნდა, მეპურე თონეს კვამლით გაბოლილ ხის სახურავს ახდის, თავს ჩაყოფს, ერთი თვალს შეავლებს და შენი ცხელი პური უკვე კაუჭზეა!

- დღეში რამდენ პურს აცხობ? - ეკითხები და თან ოხშივარავრდნილი პური ხელიდან ხელში გადაგაქვს.

- რამდენს და, ათასს-ათას ხუთასს, თუ გავათენებ, მეტსაც!.. უყვარს ხალხს თონის პური, სულ სხვა გემო აქვს... დილაობით მთელი უბანი თონესთან გამომეცხადება, - გპასუხობს ტრაბახით.

- კარგი რა, - არ უჯერებ, - მთელი უბანი არა!

- თუ გინდა, ნუ დაიჯერებ! - ბრაზდება კიდეც, - უყვართ თბილისელებს თონის პური!

...ისევ თონეში ემხობა. ამით გეუბნება, შენთვის აღარ მცალიაო.

შენც მიდიხარ, მიგაქვს ცხელი ლავაშები ოჯახში, ერთი ცალი აუცილებლად ცალგვერდშემოჭმულია (თუ გშია, აღარც მეორე გვერდი აქვს!). თან ქართული თონის მომგონსაც ლოცავ.

- არა, მაინც რა კარგი რამე გამოუგონია ჩვენს წინაპარს, მიწაში რომ ჩაუწყია ათასწლეულების წინ თონეები. გათხრიან არქეოლოგები და ისევ მთელი რომ დახვდებათ!..

და კიდევ, შენ გაიხარე ქართველო მეპურევ... და ქართული პურის მადლი ნუ მოგვიშალოს უფალმა!..