"აღარ მეგონა, სიკეთის გაღება კიდევ ვინმეს თუ შეეძლო" - კვირის პალიტრა

"აღარ მეგონა, სიკეთის გაღება კიდევ ვინმეს თუ შეეძლო"

რედაქციაში თბილისელი ნინო ხეჩინაშვილის წერილი მივიღეთ:

"ჩემი სიხარული უნდა გაგიზიაროთ. ჩვენს გაუსაძლის ყოფაში სულ ცუდი გვესმის. აღარც მეგონა, სიკეთის გაღება ვინმეს თუ შეეძლო. არადა, როგორ ვცდებოდი. ცოტა ხნის წინ დედაჩემი ჩამოვიდა საბერძნეთიდან.  აეროპორტში ავიყვანეთ კერძო ტაქსი. მონატრებულ დედას სიყვარულით ვეხვეოდით მე და ჩემი შვილი. ისიც სულს ძლივს ითქვამდა სიხარულისგან. შინ მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ არ ჩანდა პატარა ჩანთა, რომელშიც იდო დედას საბუთები, საბანკო ბარათები და ფული, 15 ათასი ევრო. დედა სასოწარკვეთაში ჩავარდა. ეს ფული სხვისთვის გამოატანეს საბერძნეთიდან. ერთხანს ენაჩავარდნილებივით ვისხედით. გონს რომ მოვეგეთ, აეროპორტში გავვარდით. ეგებ იქ იდგეს ის ტაქსი, ეგებ ნამუსიანი იყოს ის მძღოლი... რას აღარ ვფიქრობდით. უცებ ისიც წარმოვიდგინეთ, რომ ჩანთა მძღოლმა კი არა, ვინმე მგზავრმა იპოვა და ხელს გააყოლა. რა უნდა გვეთქვა მძღოლისთვის, ხომ შეიძლებოდა, ის სრულიად უდანაშაულო ყოფილიყო... აეროპორტში რომ ვერ ვნახეთ ის ტაქსისტი, სხვა მძღოლებს აღვუწერეთ მისი გარეგნობა. მიხვდნენ, ვინც იყო და ტელეფონის ნომერი მოგვცეს.

უკან გამობრუნებულმა დავურეკე. ლაპარაკის დასრულება არ დამაცადა. თურმე, სანამ აეროპორტში დავეძებდით, ის ჩვენთან სახლში მისულა და იქ რომ არავინ დახვედრია, გაჩერებულა და გველოდებოდა. ტელეფონში მამშვიდებდა, არ ინერვიულოთ, თქვენს სახლთან გელოდებითო. რა თქმა უნდა, დედაჩემმა მადლობის ნიშნად ფული აჩუქა, მაგრამ რაც იმ ბიჭმა გააკეთა, შეუფასებელია. ირაკლი ჭიჭიბოშვილი ვარ, ჩემი ძმა გიორგიც ტაქსის მძღოლია. შესაძლოა, სხვა დროს ის შეგხვდეთ და ჩვენთან ნურაფრის შეგეშინდებათო, - დაგვემშვიდობა. ახლა ჩემი პატარა შვილისთვის ის უცნობი მძღოლი სანიმუშო ადამიანად იქცა.

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა".