გუდარეხელი და "აფრიკელი" "ციგნები" ქსელს აფართოებენ - კვირის პალიტრა

გუდარეხელი და "აფრიკელი" "ციგნები" ქსელს აფართოებენ

ბოშათა დაკარგული ბავშვობა

"არ შეიძლება ივანიშვილი უთხრა, რომ ბავშვების ტანსაცმელი და საჭმელი მოვიდეს?!"

რით განსხვავდებიან ბოშები ლურებისგან

ბოშათა საცხოვრებლის მონახულება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც შევიტყვე, რომ თბილისში მათი ახალი დასახლებები გაჩნდა.

თავდაპირველად ნავთლუღში, გუდარეხის ქუჩას დავადექი. წვიმდა და  ბოშები სახლში იყვნენ გამოკეტილნი. არც მათი ნახევრად შიშველი ბავშვები დატანტალებდნენ გარეთ. პოლიციელებისა და "სტაიანშჩიკებისაგან" მისწავლებულ ადგილს  ფრთხილად ჩავუყევი (გაგებული მაქვს, ბოშებს უცხოები არ უყვართ). და რომ არა გზად შემოყრილი ქალბატონი, კარგა ხანი დამჭირდებოდა იმ სახლის მოძებნა, სადაც დაუპატიჟებელ სტუმარს კარს არ მომიხურავდნენ.

ქალბატონს  კურდღლები მიჰყავდა, - გამოვზარდე და მეზობელს მივყიდე, მაგრამ ტომრით უნდა გადავუყვანო, რომ ხელიდან არ გამისხლტდნენ და ბოშების სახლებში არ მიიმალონ, თორემ მერე ვინ რას მომცემსო.

- რომელ სახლში ცხოვრობენ ბოშები-მეთქი.

- შენ ის მკითხე, რომელ სახლში არ ცხოვრობენო და ხელი მთელ გარეშემოს  შემოატარა, - როგორ არ იცი, ნავთლუღში ვისაც უნდა ჰკითხო ბოშათა და ლურების  დასახლება,  ყველა აქეთ მოგასწავლისო!

- მე მეგონა, ბოშების დასახლება მხოლოდ ლოტკინის გორაზე იყო.

- ლოტკინზე ბოშების ძველი დასახლებაა. ახლა  რომელი ეზოს კარსაც შეაღებ, ყველგან  ეგ ხალხია, პატარა ბინებში 10-15 სული ცხოვრობს. ეგენიც და ლურებიც, ოღონდ ცალ-ცალკე სახლებში. ეგ ტომები ერთმანეთს არ იკარებენ.

- ლურები ვინღა არიან?

- აზერბაიჯანიდან შემოსულები უნდა იყვნენ. ამბობენ, აზერბაიჯანში მათხოვრობა კანონით აკრძალეს და ყველა საქართველოსკენ დაიძრაო. მართლა განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ბოშები მაგალითად, ზოგი მათხოვრობს, მაგრამ ზოგიც ვაჭრობს. ლურები კი მხოლოდ მათხოვრობენ. თითოს 5-7 შვილი ჰყავს. ინვალიდის ეტლით დააყენებენ ქუჩაში, ჩაუდებენ ჯამს ხურდა ფულისთვის და მიატოვებენ. ან რა აჩერებთ ამ უბედურ ბავშვებს... როცა უნდა ჩაუარო,  კისერი აქვთ გადაგდებული და თვლემენ. მგონი, რაღაც დასაძინებელ წამლებს ასმევენ. მაგრამ მაგას ვინ დაეძებს, ეგ ამბავი სულ ასეა და ასე დარჩება!

ჩვენ ვიკითხოთ, მათ მეზობლად ვინც ვცხოვრობთ, გვეშინია, ტუბერკულოზი არ გადაგვედოს.

- რა იცით, რომ დაავადებულები არიან..

- ეგენი ექიმს არ იკარებენ, მაგრამ არც მალავენ, რომ  ტუბერკულოზი სჭირთ. წამლებს კი სვამენ, მარა ასე, თავის ჭკუაზე. იმიტომაც მოხუცები იშვიათად ჰყავთ. გარდაცვლილებს თბილისში არ მარხავენ, არც კი ვიცით, სად კრძალავენ.

- სკოლაშიც არ დაჰყავთ ბავშვები?

- მაგათგან ვიცი, რომ ბარონი უკრძალავთ სკოლაში სიარულს.

- ბევრი რამ გცოდნიათ.

- წლებია, ერთად ვცხოვრობთ. თუ ვინმე ბოშას ბინის დაქირავება უნდა, ყველა აქ მოდის.

- ამბობთ, ბევრს ტუბერკულოზი სჭირსო და შინ რომელი ჭკუათამყოფელი უშვებს?!

- ხალხს უჭირს და რა ქნას? თანაც თუ სხვა ლარს იხდის ღამის გათევაში, ეგენი 3 ლარს იხდიან. ზოგან 15 კაცი ცხოვრობს. ახლა გამოიანგარიშეთ, ეს დღეში რამდენი ლარია! - მითხრა კურდღლებიანმა ქალბატონმა და დამემშვიდობა, თუმცა მანამდე ის ეზო მიმასწავლა, სადაც შესვლა სახიფათო არ იყო. იქ მხოლოდ მოხუცი ბოშა  დამხვდა. მოხუცმა მითხრა, ფული ჩვენ არ გვაქვს, სოციალურ დახმარებას  კი ბოშებს ვინ მოგვცემსო, აგე (ზურგს უკან ხუხულაზე მიმითითა), - იქ ჩემი ათი შვილიშვილი ცხოვრობს და დახმარება რომ ჰქონდეთ, თვეში სამასი ლარი ექნებათო. ფოტოს გადაღება ვთხოვე, მაგრამ - მაგათი დედა შინ არ არის და ვერ შეგიშვებო.

მეც  ატალახებული ეზოს კარი გამოვიხურე და აფრიკის დასახლებისაკენ გავწიე, სადაც უკაცრიელ და ახლა მხოლოდ ბოშებით დასახლებულ ადგილებში იმდენ ხანს ვიარე, სანამ ჯაჭვით დაბმული ძაღლის ყეფამ გული არ გადამიტრიალა. ხუხულიდან ბოშების ხმაური შემომესმა, კარზე ქვით რამდენჯერმე დავაბრახუნე. კარი გაიღო  და ტალახზე დაფენილი ქეჩიდან 20 ბოშა ერთბაშად წამოიშალა - მათგან ნახევარი ბავშვები. ჭუჭყიანი ფეხებით კარს მოაწყდნენ და თვალიერება დამიწყეს.  წვერიანი ბოშა ჩემმა სტუმრობამ ისე დააბნია, რომ გაზის ბალონზე შემომდგარი უზარმაზარი მოთუხთუხე ქვაბი კინაღამ გადააყირავა, მერე ცალ-ცალ დახეულ ფეხსაცმელში ფეხი გაყო და შინ შემიპატიჟა. შევყევი და რახან იქ ვერც სკამი ვნახე და ვერც მაგიდა, ასე ატუზული დავდექი. ქეჩაზე მორთხმულმა ქალბატონმა ბავშვი  ახალგაზრდა ბოშას გადააწოდა და დამტვრეული ქართულით მითხრა, - აიო...

- რა სჭირს?

- უკვე დიდია, წელიწადი და ხუთი თვე. კბილები არ აქვს.

- ექიმთან გყავდათ?

- არა, ჩვენ ექიმი არა... არ უნდა.

- მერე როგორ უნდა უშველოთ?

ბოშამ მხრები აიჩეჩა და მომიგო:

- ექიმი არა, ადეჟდა უნდა! მერე თავი მოიქექა და დააზუსტა, - ტანსაცმელიო!

- არ შეიძლება ივანაშვილი უთხრა, რომ ბავშვების ტანსაცმელი და საჭმელი მოვიდეს?!

- არ ვიცი. შევეცდები. მითხარით,  ოცივე ამ ოთახში ცხოვრობთ?

- აქა? ჰო, კი! - და მიწის იატაკი ხელით მოხაზა, თან მაჩვენებდა, ვინ ვის გვერდით იწვა. თუმცა ალბათ რადგანაც სახეზე დამეწერა, რომ ამ ამბავს თავი და ბოლო ვერ გავუგე, ლაპარაკი მალევე შეწყვიტა. სამაგიეროდ, ფეხშიშველა ბავშვები შემომეხვივნენ და მხარზე გადაკიდებულ ჩანთას დაუწყეს თვალიერება. მე იგი უფრო მჭიდროდ მივიკარი, თუმცა გამოსულს მაინც არ დამანება გულმა, რომ საფულე არ ამომეღო და მათ ჭუჭყიან ხელებში ხურდა არ ჩამედო, იმისიც შემეშინდა, ამათ გაბრაზებისას ფურთხება იციანო, გამაფრთხილეს... მაგრამ ბავშვს ხომ მთელი სამყარო ზოგავს, გარდა თავად ბოშებისა, თუმცაღა, თავად ისინი ასე არ ფიქრობენ.

- შენ თუ ბავშვი ეცოდები, მაშინ აიღე და ბევრი ფული მომეცი. სწორედ ასე მითხრა ერთმა ბოშა ქალმა, როდესაც ასფალტზე მიგდებულ მოთხუპნილ ბავშვს სიბრალულით შევხედე. მე კი გავიფიქრე, ამ პატარას ფული კი არა, ბავშვობა სჭირდება, რომელიც არასოდეს ექნება.

ბოშები საქართველოში

მსოფლიოში ბოშების საერთო რაოდენობა 6-იდან 10 მილიონამდე მერყეობს. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1989 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 744 ბოშა. დღესდღეობით, ბოშების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.

საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმანად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცა სხვა რელიგიური აღმსარებლობის ბოშებიც არიან, მათ შორის ევანგელისტი ქრისტიანები.

ბოშები, ძირითადად, მათხოვრობითა და წვრილმანი ვაჭრობით ირჩენენ თავს, ისინი სახლში მშობიარობენ, არც ახალშობილს არეგისტრირებენ და შესაბამისად, არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.