”მოსალოდნელი” სტუმრები...
30-11-2009
ცოტა ხნის წინ სახლში მოსალოდნელი სტუმრები მეწვივნენ. სიტყვა "მოსალოდნელი" შემთხვევით არ მიხსენებია, - დედაქალაქის მერის არჩევნების წინ სტუმრებს ყოველთვის ველოდები. დაიწყო უკვე კარდაკარ სიარული და ეზო-სახლის ატალახება, არიქა, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩვენსას რომ მოვრჩებით, მერეო. ამ მარათონში კი ყველაზე პირველად დედაქალაქის მერის ემისრებმა აიღეს სტარტი! მოსალოდნელმა სტუმრებმა ორგვერდიანი კითხვარი დამიხეთქეს მაგიდაზე და მომთხოვეს საყვარელი თბილისის ბიუჯეტის ერთად დაგეგმვა. კითხვარს დავხედე თუ არა, თვალში სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" მეცა. ეტყობა, ქალაქის
ხელისუფლებას გაახსენდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხიც, რომელსაც ამომრჩეველი ჰქვია და ხანდახან არჩევნების წინ არის ხოლმე საჭირო. პირადად მე ეს თბილისის სიყვარულის სახელით ატეხილი გიგი უგულავას წინასა
არჩევნო კამპანია მგონია.
უგულავას კითხვარი გვეკითხება,  რა გირჩევნიათ, სკვერები და პარკები, გზები და ასფალტი, ჯანმრთელობა თუ პენსიების გაზრდაო. სხვისი არ ვიცი და, მე ასარჩევად არა მაქვს საქმე: სკვერიც მინდა, ჯანმრთელობაც და სოციალური კეთილდღეობაც, არც ბებიაჩემის პენსიისადმი  ვარ მაინცდამაინც გულგრილი და საყვარელ თბილისში არც ტლაპოში ტყაპუნი მხიბლავს. მაგრამ გინდა თუ არა, სამი პუნქტი უნდა შემოხაზო, ერთად დავგეგმოთ თბილისის მომავალიო.  გავბრაზდი უგულავას ემისრებზე და ქოქოლა მივაყარე, მაგრამ მერე შემეცოდნენ. საბრალოები დამფრთხალები ჩანდნენ, ემანდ რომელიმე  გაგულისებულმა მოქალაქემ ხელისუფლების ჯავრი  ჩვენზე არ იყაროს და თავში რამე არ ჩაგვცხოსო, თორემ საყვედურები და "ტკბილ-ტკბილი" სიტყვები რომ  არ აკლიათ, არც დაუმალავთ. ბევრმა კარი ცხვირწინ მიუჯახუნა, უგულავას ემისრებთან საქმის დაკავება არ გვინდაო. ჩემი მეგობრის ოჯახში კი პალტოშემორღვეული, თმაგაწეწილი და აქოშინებული თბილისის მოყვარული მივიდა, რომელმაც ჯერ ის იკითხა, აქ ხომ არ მომკლავენო და მერე შეუდგა თბილისის დაგეგმარებაზე მუშაობას. საწყალმა გაამხილა, ლანძღვა-გინება არ გვაკლია, მაგრამ ხალხი ისეა გადარეული, მეშინია, ცემა-ტყეპაზე არ გადმოვიდნენო. ამიტომ გიგი უგულავასთან წინადადება გვაქვს: ვიდრე თბილისის სიყვარულს გვეფიცება, ჯერ საკუთარი ემისრები შეიყვაროს და თითო ჩაფხუტი მაინც შეუძინოს საკუთარივე საქმის  ბოლომდე მისაყვანად.
ახლა რაც შეეხება თბილისის მომავლის ერთად დაგეგმვას. ვითომ გიგი უგულავა ჩემი და ჩემნაირების აზრებით არის დაინტერესებული?  რაღაც არ მჯერა. ანდა "მე მიყვარს თბილისის" ორფურცლიან გამოკითხვას რომ შევავსებ, საიდან გავიგო, თბილისელების აზრებს ითვალისწინებს მერი თუ საკუთარს? დამათვლევინებს ვინმე თბილისელების სურვილებს?
ისე, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე არჩევნების მოახლოება და ხალხზე ზრუნვის სურვილი ერთმანეთს. პირადად მე  ერთ-ერთი ეზოს ამხანაგობის თავმჯდომარე გახლავართ (ჩემდა საუბედუროდ) და ორი წელია მერიასა და გამგეობაში დავრბივარ. დაპირებული ასფალტი როდის იქნება-მეთქი და ხვალ-ზეგის ძახილში აგერ უკვე წელიწადიც გაილია. ჰოდა, დავაბოტებთ თბილისზე შეყვარებული მე და ჩემი მეზობლები  გუბე-გუბე, ტლაპო-ტლაპო და მორიგ არჩევნებს ველოდებით, იქნებ თბილისის მოყვარულმა რომელიმე ჩინოვნიკმა ახლა მაინც დაგვიგოს  ასფალტი არჩევნებში გამარჯვების ეშხით. გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხნით ადრე აქვს დაწყებული, ჯერ კიდევ მაშინ, "სი-თი პარკს" ოინები რომ არ გაუვიდა თბილისში და ებრაული კომპანია საყვარელი თბილისელების პროტესტმა შეიწირა. სამაგიეროდ, მერიამ ახალი ინიციატივა შესთავაზა მძღოლებს, სპეციალური 25-ლარიანი საშვი შეიძინეთ და თუ გინდათ, მერიის სადგომებზე მთელი წელი იდექითო, მაგრამ აქაც თბილისის სიყვარული რომ უნდა იფიცო, ეს არის საკვირველი. ეჭვი მაქვს, გიგი უგულავას საარჩევნო სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" უნდა იყოს...
ჰოდა, პარკირებაზე მოგახსენებდით, საშვზე სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" აქტუალურია. თუ გაბედე და საშვი მანქანაზე არა გაქვს საჩინო ადგილას გამოჭიმული, საჯარიმო სადგომი არ აგცდება. ამით დაშინებული მძღოლები დადიან საშვით, სინამდვილეში კი უგულავას სარეკლამო სლოგანით აჭრელებული. ამას ჰქვია მოხერხება და რეკლამა! არ  გააკრავ და შენი აჯობებს, ირბინე მერე საჯარიმო სადგომებზე, ჯიბეში მქონდა საშვიო! არა მგონია, ირაკლი ალასანიამ, ზვიად ძიძიგურმა ან კობა დავითაშვილმა აჯობოს გიგი უგულავას პიარკამპანიასა და რეკლამაში. არჩევნებს რომ რეკლამა და პიარი იგებს, მგონი, ჩვენს მკითხველს ამის მტკიცება არ სჭირდება. თუმცა ერთი რამ არის მთავარი: უგულავას "მე მიყვარს თბილისი" ამ არჩევნებამდე არაფერს გვპირდება. გიგი გვეუბნება, ჯერ ხმა მომეცით და მერე გავითვალისწინებ თქვენს აზრებსო. სურვილებს ახლავე შეგისრულებთო, კი არ უთქვამს.  პირადად მე ყველა პოლიტიკოსის, მერობის მსურველის საყურადღებოდ (რა თქმა უნდა, თბილისის სიყვარულის ფარგლებში) ვაცხადებ: ჩემს ხმას "პოსლეზე" არ ვიძლევი! უფრო სწორად კი ვყიდი ან ვცვლი ხმას ასფალტის დაგების, საწვიმარი მილების შეკეთებისა და თბილისის სიყვარულის მყარი გარანტიით!


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით