როგორ გავათბოთ თბილისი იაფად - კვირის პალიტრა

როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

"გეოთერმული სითბო განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი ენერგიის წყაროა"

"მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარი მთლიანად უზრუნველყოფს თბილისს ცხელი წყლითა და გათბობით"

როგორ ვაქციოთ ულევად ჩვენი თერმული წყლები

ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და სავალალო შედეგები სულ უფრო ხშირად გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები ეკოსისტემის დაცვას უპირველეს მიზნად არ გაიხდიან, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ. როგორ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო? საიდან მივიღოთ სითბო, სინათლე? რა ვუყოთ საწვავის გამონაბოლქვს? საფიქრალია ისიც, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე, როგორ მოვახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობას.

ნოდარ ცერცვაძე, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ხშირად ვამბობთ: დალოცვილი მიწა-წყალი გვაქვს, რა გინდა, რომ  აქ არ იყოს! თუმცა ხშირად ამ ფრაზას მოვაყოლებთ ხოლმე: რად გინდა, სათანადოდ ვერაფერს ვიყენებთ... მართლაც აუწონავ-განუზომელი მიწისზედა და მიწისქვეშა სიმდიდრე გაგვაჩნია, რომლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს თუ ვიყენებთ ხალხის სასიკეთოდ.

ატმოსფერული ნალექების სიუხვე, ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე, რელიეფის ძლიერი დანაწევრება, წყალშემცველი ქანების შედგენილობის მრავალფეროვნება და ტერიტორიის რთული გეოლოგიური აგებულება - ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსებით სიმდიდრეს. საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 მდინარეა, რომელთა სათავე მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის წყაროა, მიწის ზედაპირზე კი 1 500 მინერალური და თერმული (30-1120C) წყალი ამოდის.

მიწისქვეშა წყლების ძირითადი ნაწილი (დღე-ღამეში 50 მლნ კუბმეტრი) მტკნარი სასმელი წყალია. მათი რესურსის გამოყენების შესაძლებლობა 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მოთხოვნილებას. მტკნარ წყლებს უმთავრესად იყენებენ სასმელ-სამეურნეო მიზნით, მაგრამ მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის გამო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ წყლების სამრეწველო ჩამოსხმა. ჩვენი მტკნარი წყლების სიუხვე საშუალებას იძლევა, წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში...

- რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას თერმული წყლები (იგულისხმება მიწისქვეშა ცხელი წყლები, რომლის ტემპერატურაა 30-1120C)?

- თერმული წყალი არის თბომატარებელი, რომელსაც დედამიწის სიღრმული სითბო ამოაქვს ზედაპირზე. მას გეოთერმულ წყალსაც უწოდებენ. მიწის სიღრმული სითბო და მისი ამომტანი თერმული წყლები, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გეოთერმული სითბო ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი განახლებადი ენერგიის წყაროა. (ენერგიის განახლებადი წყაროებია: ქარის, მზის, ზღვის ტალღების ენერგია, მცირე მდინარეები და ბიომასა) ის შეიძლება უმთავრესი გახდეს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში...

- თერმულ წყლებს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ, არსებობდა აბანოები...

- მართალია, მათი გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდებოდა. თბილისის დაარსების ლეგენდაც კი ამ წყლებს უკავშირდება.

სითბური ენერგიის წყაროდ გეოთერმული წყლების ფართო გამოყენება დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მას შეუძლია ქვეყნის მრეწველობისთვის საჭირო იმპორტული და ძვირად ღირებული საწვავის ჩანაცვლება. დღესდღეობით, ჩვენი გეოთერმული წყლების გამოსავლების ჯამური დებეტი დღე-ღამეში 200 ათას კუბმეტრს შეადგენს. მათგან 90 ათასი კუბმეტრი მაღალი კატეგორიის საექსპლუატაციო მარაგია, რაც სპეციალური კომისიის მიერაა დამტკიცებული. ეს გეოთერმული გამოსავლები თავმოყრილია 44 საბადოში. 1975 წლიდან 1992 წლამდე საქართველოში გახსნეს თერმული წყლის 20-მდე ახალი საბადო. წყლის სიუხვითა და მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა კინდღის, მოქვის, ოხურეის, ზუგდიდის, ცაიშის, დასავლეთ ცაიშის, მენჯის, სამტრედიის, ვანის და აგარის საბადოები... მათ იყენებდნენ, მაგრამ ასეთი სისტემით:

ჭაბურღილი-მომხმარებელი-კანალიზაცია... ეს თვითდენას აჩერებს და იწვევს საბადოს დაშრობას. ამ დროს კი ჩვენ შეგვიძლია ეფექტიანი სისტემის დანერგვა: ნახმარი - სითბომოხსნილი წყლის ისევ წყალშემცველ ფენებში ჩატუმბვა.

ასეთი გეოთერმული სადგურის (გეოთესის) თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება(!).

დასავლეთ საქართველოში ჭაბურღილებზე გეოთესების მოწყობით შეიძლება სოხუმის, ოჩამჩირის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის თბომომარაგებით დაკმაყოფილება. აღმოსავლეთ საქართველოში გეოთერმული სითბოს ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი თბილისია. სხვათა შორის, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე გეოთერმული წყალი მიეწოდება საბურთალოს რამდენიმე მიკრორაიონს.

- მაგრამ მთელი თბილისს სითბოთი და ცხელი წყლით გეოთესები დააკმაყოფილებს?

- თბილისში 300-დან 3 500 მეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე განლაგებული მძლავრი (800 მეტრამდე სისქის) ცხელი წყლის შემცველი ჰორიზონტია, რომლის ტემპერატურა 400C-დან 740C-მდეა. ეს მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარია. ქალაქში ბურღვითი სამუშაოების გზით შეიძლება 30-მდე, ან უფრო მეტი გეოთესის შექმნა. მათი გამომუშავებული სითბო შეიძლება გავუტოლოთ გასული საუკუნის 80-იან წლებში არსებულ 49 საქვაბეში გამომუშავებულ სითბოს. ამ გზით წელიწადში 1 მლნ ტონა ორგანული საწვავი დაიზოგება. სითბო იქნება ამოუწურავი და სხვა, ნებისმიერი გზით გენერირებულ სითბოზე 6-7-ჯერ იაფი. ის მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის ცხელი წყლით მომარაგებას და მოსახლეობის გათბობას. საქართველოს გეოლოგიური აგებულების ხასიათის გამო სიღრმეში განლაგებული გეოთერმული წყალშემცველი ჰორიზონტი დანაოჭებულია, რის გამოც მისი ზედაპირი მიწის პირიდან სხვადასხვა სიღრმეზეა განთავსებული.

- სად რა სიღრმეზეა ეს ფენა?

- მკვლევრებს შედგენილი აქვთ თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა, რაც გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. საქართველოს მასშტაბით გეოთერმული რესურსების რაციონალური გამოყენებით 2,5 მლნ ტონა პირობით ორგანულ საწვავს დავზოგავთ, რასაც განუზომლად დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტი ექნება.

- არსებობს თუ არა გეოთერმული წყლის რესურსის გამოყენებით თბომომარაგების უზრუნველყოფის პრეცედენტები უცხოეთში?

- ცნობილია ამერიკის, ისლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ქალაქებისა და დასახლებული უბნების გეოთერმული თბომომარაგება. ხშირია მაღალტემპერატურულ (130 გრადუსი ცელსიუსი და მეტი) მიწისქვეშა წყლებზე გეოთერმული ელექტროსადგურების დამონტაჟებაც.

დღეს, გლობალური ენერგოკრიზისის პირობებში, ინტენსიურად მუშაობენ გეოთერმულ წყლებზე ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე. 1994 წელს თავად გახლდით საერთაშორისო გეოთერმული ასოციაციის სხდომის მონაწილე. იქ გვაჩვენეს თერმულ წყლებზე მომუშავე გათბობის სისტემები პარიზსა და ქალაქ მოში.

- გეოთესების მოწყობა გულისხმობს სითბომოხსნილი, გაცივებული წყლის სიღრმეში დაბრუნებას. ეს ხომ არ გამოიწვევს სითბური ველის გაცივებისაგან ტემპერატურის დაწევას?

- ამის დასადგენად არსებობს სპეციალური ფორმულები, რომელთა გამოყენებამ საქართველოსთვის გვაჩვენა, რომ 1000 წელია საჭირო გეოთერმული წყლის რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში მისი ტემპერატურის 1 გრადუსით შემცირებისთვის.

- დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს რა მეცნიერული და პრაქტიკული წინა პირობა აქვს ამ სქემის ხორცშესხმისათვის?

- საქართველოს ბევრ რეგიონში საკმაოდ მაღალ დონეზეა დამუშავებული გეოთერმული თბომომარაგების პერსპექტივის საკითხი. მაგალითად, მარტო ზუგდიდსა და ცაიშშIი გაბურღულია 25 ჭაბურღილი, დეტალურადაა შესწავლილი კინდღის საბადო და დასასრულ, თბილისი, მისი ცენტრალური უბანი და შემოგარენი (სართიჭალა, ლისი) ეს სერიოზული წინა პირობაა მომავალი საქმიანობისთვის.

- დაახლოებით რა დაჯდება ერთი გეოთესის მშენებლობა?

- საშუალოდ 3 მლნ დოლარი, თუმცა დახარჯულ თანხას ძალიან მალე აინაზღაურებს კომპანია, რომელიც ამას ჩაუდგება სათავეში. ეს სისტემა მომგებიანი იქნება როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესმენებისთვისაც.