ვისთვის აშენდა ხიდი? - კვირის პალიტრა

ვისთვის აშენდა ხიდი?

რატომ აშენდა ხიდი პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას პროსპექტის დასაწყისში, ეს პეკინის ქუჩის #33 და #36 კორპუსების მობინადრეთათვის გაუგებარია.

შუქნიშნებით გარშემორტყმული უზარმაზარი ნაგებობა აქ აშკარად ზედმეტია და გაიძულებს დაიჯერო ვერსია, რომელზეც მერიის კულუარებშიც კი ლაპარაკობენ, - ასეთი ხიდები მომგებიანია სარეკლამო თვალსაზრისითო. ხიდის ორივე მხარეს მოაჯირებზე უზარმაზარი სარეკლამო ბანერები განთავსდება, რაც არა მხოლოდ სარეკლამო ფართის დამქირავებლისთვის, გამქირავებლისთვისაც სარფიანია. გამქირავებელი კი მარტივი ლოგიკით ხიდის პატრონი, ანუ მერია უნდა იყოს. ამაში საძრახისს ვერაფერს ვხედავთ. თუ მერიის ბიუჯეტში მეტი თანხა შევა და საქმეც მეტი გაკეთდება, რა სჯობს, მაგრამ ფაქტია, ხიდი ვერც ქუჩის არქიტექტურულ ანსამბლში ჯდება და არც გადასასვლელად არის მოსახერხებელი. ქუჩაზე გადასასვლელად ათიოდე მეტრის ნაცვლად უზარმაზარი კიბის საფეხურები უნდა აიარო. მეტიც, კიბე ძალიან აწუხებს ორივე მხარეს განთავსებული საცხოვრებელი კორპუსების იმ მობინადრეებს, ვისი ფანჯრებიც ზედ კიბისთავებს მისჩერებია. "როდესაც ფანჯარაში ვიყურები, ასე მგონია, კიბეზე მომავალი ხალხი ჩემთან აპირებს შემოსვლას," - ჩივის ერთ-ერთი მობინადრე.

"კვირის პალიტრა" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს აკაკი ჯოხაძეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ხსენებული კორპუსების მობინადრეთა განწყობა მისთვისაც ნაცნობი ყოფილა, ბატონი აკაკი კი ამტკიცებს, ყველა დამშვიდდება, როდესაც საცობები აღარ იქნება და ჩვენი შრომის შედეგს დაინახავენო. იგივე ითქვა მაშინაც, როდესაც აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე "კუნძულებს" აკეთებდნენ, მაგრამ პიკის საათებში აქ ყოველთვის ჭედვაა. ამიტომაც არავის სჯერა, რომ ეს ხიდი საგზაო მოძრაობის სურათს დადებითად შეცვლის. აკაკი ჯოხაძე ამბობს, თუ ხიდი არ გაამართლებს, მისი მოხსნა პრობლემა არ იქნებაო. ცხადია, მოხსნა ყოველთვის შეიძLლება, მაგრამ ყოველივე ხომ გაუმართლებელ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სანამ დედაქალაქის მთავრობა თბილისის ქუჩებში ცვლილების განსახორციელებელ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, იქნებ აზრი საზოგადოებასაც ჰკითხოს.