ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ანუ სადაც გინდა, იქ დაყარე!
30-11-2009
ეს ამბავი დილაუთენია ჩემი მეზობლის, გუგულა დეიდას შეცხადებით დაიწყო, - ნახევრად მძინარე წამომაგდო, - ადექი, რა უნდა განახოო.
გულში კი ვბრაზობ, მაგრამ, რას ვეტყვი. ჯერ ერთი, უფროსია, მეორეც, ჩემი ზარმაცი მეზობლების  ნაცვლად სადარბაზოს ის ასუფთავებს, ამიტომ უსიტყვოდ მივყვები. ვხედავ, ბუნკერის მილი უზარმაზარი თუნუქით იყო აჭედილი.  წარწერაღა აკლია, - აქ ნაგავი ამიერიდან აღარ ჩაყაროთო!
- მოსალოცად გვაქ, ნენა (გუგულა დეიდა გურულია!), საქმე. თქვენც დეისვენებთ
და მეც, აწი აქანე არც ნაგავი გაჭაჭანდება და არც ვირთხა!
მეც მივულოცე, - ხელის ჩამორთმევით! აბა, რას ვიზამდი, რამდენჯერ გაჭედილი ბუნკერის ამოსუფთავებისას რომელიღაც, ქათმის თუ ღორის ვირუსს წამოვდე "თითი", - კინაღამ ვიღაცის ჩაგდებული შპრიცი შემერჭო ხელთათმანში. მერე, გახარებული, პოლიტიკაზე ლაპარაკშიც ავყევი, ეს რა მსხვერპლია, ჩემ გარდა არავინ იცის, მტრისას! თან ნელ-ნელა ჩემი
კარისკენ ვიხევდი, - მსხვერპლშეწირვასაც დასასრული აქვს, თუმცა გუგულა დეიდასთან, მგონი, არა! - კარი მოხურული არ მქონდა, მისი კივილი ისევ გავიგონე, - მეისპითო! ფანჯარაში დამხვდა გადამხობილი და მთელ კორპუსს ლანძღავდა, - თქვენ ხალხი ხართო?! რა იყო-მეთქი. თვალი გაახილე და დეინახავო, კინაღამ გამლახა. შეშინებულმა კი გავახილე, მაგრამ ნეტა არ დამენახა, - მთელი ჩვენი კორპუსის ნაგავი ბუნკერის წინ პარკებით იყო ჩამოლაგებული, ანუ - გარიალებული!
- კი, მაგრამ ნაგვის ყუთი იქვე არ დგას, აეხადათ და ჩაეყარათ, რა ძნელი იყო-მეთქი.  გუგულა მთლად გადაირია - ჩვენი გამოსწორება არ იქნება, ნაგავში უნდა დავიხრჩოთო! მიაყოლა და რა მიაყოლა და აფსუს, ჩემ გარდა აუდიტორია არ ჰყავდა!
თუმცა რატომ აფსუს? თუ ვინმეს ამ სიტყვის მოსმენა უნდა, გუგულა დეიდაც ისევ იქა მყავს. ეზოში ბუნკერების წინ მიმოფანტულ ნაგავს დღეს თუ გაიტანენ, ხვალ ისევ დაყრიან!.. ამიტომ შეუძლია, ხვალაც მოვიდეს, ზეგაც, ნახოს და მოუსმინოს. მაგრამ ვეჭვობ, ამ სიშორეზე სიარული დაგჭირდეთ, - ასეთი "გუგულა დეიდები" თქვენც გეყოლებათ - "ნამდვილი ქართველები" მხოლოდ ჩემს კორპუსში რომ არ ცხოვრობენ, ნამდვილად ვიცი, სხვა კორპუსების ბუნკერების წინაც ბლომად ყრია ნაგავი, ნაგვის ყუთებისგან სულ რაღაც ნახევარი, ან ერთი მეტრის მოშორებით. მე კი ის მაინტერესებს, მოსეს თუ ორმოცი წელიწადი დასჭირდა თავისი ხალხის აღთქმულ მიწამდე მისაყვანად, ჩვენ რამდენი დაგვჭირდება - ცოტა დრო მაინც არ გავიდა, რაც უდაბნოს გზას დავადექით?  


ლუკა
30 ნოემბერი 2009 16:49
ჩვენ სამაგიეროდ სუფრასთან ვართ მაგრები.ჩვენთან ხომ ჭამა ყლაპვის ინსტიტუტი ისეა განვითარებული,რომ არც არანაირი კრიზისი ემუქრება და არც მთავრობების ცვლა.

რედაქტორის რჩევით