დაუჯერებელია? ეს ფოტოები ჩვენს დედაქალაქშია გადაღებული - კვირის პალიტრა

დაუჯერებელია? ეს ფოტოები ჩვენს დედაქალაქშია გადაღებული

"სისუფთავის ქალაქად" წოდებულ თბილისში "მუხიანის დასახლება 2"-ში თუ მოხვდებით, არ იფიქროთ, რომ საქართველოსგან "გამოყოფილი" კიდევ ერთი "ნამცეცა ტერიტორია" აღმოაჩინეთ! აქ რაც ხდება, არა რუსული აგრესიის, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი გამგეობის უგულობის ბრალია.

ყველასგან მივიწყებული ქუჩის ერთ ბოლოს გახეთქილი მილიდან წყალი ნავთობივით სამი-ოთხ მეტრ სიმაღლეზე ასხამს, მეორე ბოლოდან კი კანალიზაციის მილებიდან გამონაჟონი პატარა "რუ" მოჩქეფს. ასე რომ, ხვატსა და სიცხეშიც კი აქ ფონს ვერ გახვალთ, ავდარსა და სიცივეში კი ტალახში ჩაეფლობით. აქ ძლიერი წვიმისას სარწყავი არხის წყალიც დიდდება და მოსახლეობას სახლებში უვარდება. ეს წყალწაღებული ქუჩა  სტალინის სახელობისაა და ეტყობა, თბილისის მერიას ამიტომაც მიავიწყდა...

"კვირის პალიტრამ" იმ მოქალაქეთა გულისტკივილი გაიზიარა, ვისაც გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება.

ნინო ტალახაძე: - ახლა კიდევ არა გვიშავს. ცოტა ხნის წინ აქ უზარმაზარი ნაგვის გროვა იდგა, ახლახან მეზობლად საცხოვრებლად მერიის თანამშრომელი გადმოვიდა და ნაგავი გაიტანეს. როცა  ბუნკერები გადაივსება, იძულებული ვხდებით, ნაგავი ზემოდან დავაყაროთ. ამას ისიც ემატება, რომ  კორპუსის მობინადრეები ნაგავს  ჩვენს მხარეს, თხრილში ყრიან, რადგან მათ ახლოს ბუნკერები არ დგას. ნაგავს ღორი და საქონელი ჩიჩქნის. დიდი ხანია თავსახურიანი ბუნკერების დადგმას მოვითხოვთ, მაგრამ ჩვენი ხმა მერიას არ ესმის. იქნებ თქვენი მაინც გააგონოთ, დაგვეხმარეთ!

9 წელიწადია აქ ვცხოვრობთ და ასე გვგონია, ხელისუფლებამ არც კი იცის, აქ ხალხი თუ სახლობს. სახლები ლამის წყალმა წაიღოს და ჩვენ კი დასალევი წყალი გვენატრება.  არც უწყვეტი ელექტროენერგია გვღირსებია...

ლელა ყურაშვილი: - კანალიზაციისა და სარწყავი არხიდან გადმოსული წყალი ერთმანეთს უერთდება და ამის გამო აქ მუდმივად ანტისანიტარიაა. ზაფხულობით ეს მყაყე წყალი  ბაყაყებით ივსება, კოღოები მრავლდებიან. საშინელი სიტუაციაა.  გასულ ზაფხულს კოღოებმა ბავშვი დამიკბინეს და ინფექციური  დაავადება შეჰყარეს... ძლივს გადავარჩინე.

ვახტანგ ჭუმბურიძე: - ზემოთაც არის წყლის მილი გახეთქილი და გამკითხავი არავინ არის... იქნებ თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღება.

ეთერ მუჩიაური: - ძალიან გთხოვთ, წერილის დაწერას მართლა  თუ აპირებთ, მკაცრად დაწერეთ, თორემ ამათ ტკბილი სიტყვა არ ესმით...

P.S. ჩვენ კი დავწერთ, მაგრამ... ხომ გაგიგონიათ, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. ღმერთმა ქნას, მერიამ ამ ხალხისთვისაც მოიცალოს.