თბილისური წესები
10-06-2013
თბილისური წესები
თბილისი დიდი ქალაქია, დიდ ქალაქში ცხოვრებას კი თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები აქვს. ასე რომ, თუკი თქვენ თბილისის ცენტრში, ვთქვათ, თავისუფლების მოედანზე, ჭიაკოკონას დანთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაისჯებით დაწერილი კანონით, მაგრამ რა ვუყოთ ერთად ცხოვრების იმ დაუწერელ წესებს, რომელშიც კანონი ვერ შეგედავებათ?..

ცუდი საქციელი სულაც არ არის?

არ ვიცი, ძვ.წ. 2000-2500 წლებში მდინარე ინდის ველზე გაშენებულ ქალაქებში, მოჰენჯო-დაროში ან შარაპაში სათუთად მოკირწყლულ ქუჩებზე ოსტატურად იპურჭყებოდნენ თუ არა ძველი შუმერები, მაგრამ ჩვენს
დედაქალაქში ეს ,,წესი" მამაკაცების ,,პრეროგატივად" ითვლება და მას განმკითხავი არა და არ გამოუჩნდა. რა თქმა უნდა, თქვენ, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობთ, ნამდვილად არ ხართ ის ადამიანი, რომელიც ამ სისაძაგლეს სჩადის, მაგრამ ისინი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გადაფურთხება სულაც არ არის ცუდი საქციელი, სამწუხაროდ, ათობით, ასობით, ათასობით
არიან.…

რძე, მაწონი - ბაზარი ბაზარში


ყველა ქალაქს საკუთარი ეროვნული თავისებურებები აქვს. ალბათ, ამ თავისებურების გათვალისწინებაა ის "სერვისებიც", რომლებსაც თბილისელებს არცთუ შორეულ წარსულში დედაქალაქის გარშემო მცხოვრები ჩვენი გლეხები, დღეს კი გადამყიდველები გვთავაზობენ. დილის შვიდიდან ცხრამდე: "რძეეე! მაწონიიი!" ცხრიდან თორმეტამდე: "ზელენ, ზელეენ!" თორმეტიდან გვიან ღამემდე "ცოცხი, ცოცხიიი!" და ვინ მოთვლის, კიდევ რა არა. ზოგჯერ ჩვენს ეზოებში ჯართის ჩამბარებლები, ძველი საკერავი მანქანების, პიანინოს ხელოსნებიც გამოჩნდებიან. აქაოდა ჩვენი ხმა მყიდველამდე არ აღწევსო და ხმის გამაძლიერებელს მოიმარჯვებენ და გამაყრუებლად ღრიალებენ. რას იზამ, თბილისში მუდამ ხომ ასე იყო...

რატომ აღარ მომწონს ჩვენი ეზო?


ჩემი ეზო თბილისში, სოლოლაკში, მგონი, ყველაზე დიდი და მშვენიერი ეზოა, საიდანაც გაქცევა ჩემს ბოლოდროინდელ ოცნებად გადაიქცა. სხვათა შორის, ამ ეზოს მობინადრენი ყველა შესაძლო პარამეტრით აკმაყოფილებენ თბილისელის, ქალაქელის სტატუსს.…არ იფიქროთ, გაქცევა მეზობლების გამო მინდა. პირიქით, აქედან მხოლოდ იმიტომ არ მივდივარ, რომ ეს ეზო ჩემი ოჯახია.…პრობლემები ჩემი მოხუცი მეზობლების წასვლით დაიწყო. ადრე ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რად უჯდებოდა იმ თაობას ქუჩიდან შემოსული "ნაირ-ნაირი" უცნობის მოგერიება.…"ვისთან ხართ?" - გადმოყოფდა ფანჯრიდან თავს ლეო ბაბუა;… "რამით ხომ არ დაგეხმაროთ?" - იკითხავდა ლენა ბებო;…"ჩემი ფანჯრების წინ ნუ ხმაურობთ!" - კატეგორიულად მოითხოვდა დეიდა ეთერი, თუკი ურჩი სტუმარი გადაწყვეტდა, რომ მაინცდამაინც ჩვენს ეზოში უნდა გაეთენებინა ღამე და მთელი სამეზობლოსთვის უნიჭო სიმღერებით ძილი დაეფრთხო. არც მკაცრ შენიშვნებს ერიდებოდნენ მოხუცები,… ამიტომ ეზო მშვიდი, სუფთა და მოვლილი იყო.…ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.…თქვენც ასე ხართ?

თქვენს ეზოშიც, თქვენი კორპუსის წინ, თქვენს სახლთანაც იკრიბებიან და სვამენ, ხმამაღლა ლაპარაკობენ, საკუთარ დედას აგინებენ, ბოთლებსა და პარკებს, საჭმლის ნარჩენებს პირდაპირ მიწაზე ყრიან ჩვენი თანაქალაქელები? მაშინ, ალბათ, გაიგებთ ჩემს საწუხარს.
დიახ, რამ გამაგიჟა და აღარ მინდა მოვისმინო ღამღამობით: "მეზობლებო, გამოდით, თქვენი დედაც! როგორ მიყვარხართ, მე ნაღდი სოლოლაკელი ვარ!"

გაიწიე, უნდა გავიარო


თბილისელი მძღოლების ენაზე "გაიწიე, შენი დედაც" ერთი გაბმული სიგნალია. თუ ამ ერთს მეორე დაემატა, ეს ნიშნავს, რომ გინება კიდევ უფრო "გულმხურვალეა". ასეა თუ ისე, თბილისი ვირტუოზი მძღოლების ქალაქია. ამ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად პატარა გამოკითხვა ჩავატარე.

მარტივი კითხვა: როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი უკან მომავალი მანქანა გაბმული სიგნალითა და ფარების ციმციმით გზის დათმობას გთხოვთ, არადა, თქვენ წინ და ორივე მხარეს სხვა მანქანების კოლონებია?
მტკიცე პასუხი: უნდა გავატარო...
გაოცებული კითხვა: როგორ, აფრინდებით?
დამაჯერებელი პასუხი: წამობრძანდით და გაჩვენებთ, როგორც(?!).…
ეგებ ჩემი ხუმრობა უკბილოდ მოგეჩვენათ, მაგრამ იმ ქალაქის ქუჩებში, სადაც ჩვენი მძღოლები - ქალბატონებიც და ბატონებიც, მოუთმენლობას, უპატივცემულობას პიპინით ადასტურებენ, თანხმობის ნიშნად იმას ხომ მაინც მეტყვით, ასე ნამდვილად აღარ შეიძლება გაგრძელდესო!

ყვითელი და მწარე

აღარც დილის წყევლის მოსმენა მინდა. ყვითელი ავტობუსის წინა კარიდან კონტროლიორი ამოდის და უკანა რიგში წამოსკუპებული ქალი იწყებს: "რა ჯანდაბამ ამოათრია?.."

ეს კონტროლიორი ახლა მისი პირადი მტერია და ცოტა ხანში არც წყევლას დააკლებს და არც გინებას. მგზავრების დიდი ნაწილიც მის მხარესაა. "შენ არ გაიხარე, დედა!" - ოსტატურად უცვლის დალოცვას ელფერს ქალი და ბილეთის ასაღებად იძულებით დგება. "როგორი ახალგაზრდაა და სულ არ რცხვენია, ასეთ სამარცხვინო საქმეს რომ აკეთებს!" - შედარებით "კულტურულია" შუახნის ქალი. "უნამუსო!" - სისინებს ვიღაც ჩემს ზურგს უკან... კონტროლიორი, რომელსაც ვინ იცის, რა ბედი და იღბალი, როგორი ცხოვრება და გზა აქვს, უკვე ადამიანად აღარ ვარგა: ის საყოველთაო ზიზღმა შეიწირა, ამიტომ მასაც ყველა მგზავრი უაპელაციოდ სძულს...

დეა ცუცქირიძე
kakha
16 თებერვალი 2014 10:10
თბილისელებს, როდესაც გაუჭირდათ გაყიდეს სახლები და ფულის მოგების მიზნით გარეუბნებში გადავიდნენ გაჭირვების პერიოდში, რომელ ძველ უბანზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც მთელი დასავლეთი არის შემოყრილი ჩვენს ეზოებში და ერთ პატარა ოთახში 10 სული ცხოვრობს, წაიბილწა თბილისის ძველი კოლორიტული უბნები, საშინელება ხდება, არ გჯერათ თვითონ დარწმუნდებით თუ ერთხელ მაინც შეიხედებით ე.წ. იტალიურ ეზოებში, თბილისი მოკვდა და სიბინძურემ წალეკა, პარკები რას დაამსგავსეს, პუშკინის სკვერი რა მდგომარეობაშია, ცეცხლი უნთია შუა ქალაქში გაზეთების გამყიდველს და თბება............რუსთაველზე გავლა აუტანელია, ყველაფერს ზემოთ დაწერილს ნებისმიერი თბილისელი დაადასტურებს.......ვიმეორებ თბილისელი..............
zuzu
18 ივლისი 2013 08:16
რაც ამ წერილში წერია ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა
nata
03 ივლისი 2013 17:32
ნამდვილად კარგი წერილია,მე ცენტრში არ ვცხოვრობ მაგრამ უნდა ნახოთ ჩემს კორპუსთან თითქმის ყოველდღე იკრიბებიან დასალევად,ხმაური,ღრიალი,მანქანების გაბმული საყვირი თუ გვიან ღამით ვინმეს მოაკითხეს,ახლა ცხელა და ფანჯარასაც ვერ ვკეტავ,ვისაც კი შევჩივლე ყველა მაგას უჩივის,ყოველდღე სასმელის მიღება რა უბედურებაა არ ვიცი.

რედაქტორის რჩევით