თბილისელი ნიანგის მომვლელს ხუთი ნაკერი დაადეს
01-07-2013
თბილისელი ნიანგის მომვლელს ხუთი ნაკერი დაადეს
თუ არ დამეთანხმებით, რომ საქართველო ეგზოტიკურ ქვეყანათა შორის უეგზოტიკურესია, მე მაინც დავამტკიცებ! აქამდე ხომ ყველაფერი, გაუგონარიც და განაგონიც, ჩვენს თავზე ხდებოდა, ახლა ნილოსის ნიანგმაც შემოგვიტია...

ვისაც უკვე არაფერი გიკვირთ, იმასაც არ გაიკვირვებთ, ნილოსი რომ თბილისისკენ წამოვიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის, თუმცა ზოოპარკის თანამშრომელს, გურამ წიკლაურს ნილოსის ნიანგმა ნამდვილად "გაჰკრა" კბილი. თანაც ისე, რომ ნიანგის ნაკბენი ძაღლის ნაკბენივით არ დავიწყებოდა - დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წააბრძანეს და იარაზე ხუთი მოზრდილი ნაკერი დაადეს.
თუმცა ამ ამბავს ერთი დადებითი შედეგი მაინც მოჰყვა, - ბოლოს და ბოლოს, ზოოპარკის დირექციამ გაარკვია, რომ ეს ჩვენი ნიანგი "ნელსონი" დედალი ყოფილა და არა მამალი. ამჟამად ნელსონი ახალ ვოლიერში ნებივრობს და სულაც არ ანაღვლებს, რომ ქალაქი აალაპარაკა: სოციალურ ქსელებში კი ატყდა, მაგრამ რა ატყდა: -
შვიდი წელია ნელსონი ზოოპარკში ჰყავთ და მხოლოდ ახლა გაიგეს, რომ მდედრი ყოფილა - იმიტომაც გამოაჩინა ბრჭყალები, აბა, მამალი რომ ყოფილიყო, სიმარტოვეს ხომ უფრო იოლად აიტანდაო!
კაცმა რომ თქვას, ბატონი გურამი სულაც არ არის ნელსონზე გაბრაზებული, - რაც იყო, იყო, მიპატიებია, მაგის მოვლაზე ხელს მაინც არ ავიღებო და იარებს მოთმინებით იშუშებს.

ისე, ნელსონსაც უნდა გავუგოთ, მერე რა რომ თავის საყვარელ ნილოსში არ ნებივრობს, ნიანგობა კი არ დავიწყებია,  ჰოდა, დრო იხელთა და თავის კბილები გამოაჩინა, - აქაოდა, ხომ არ დაგავიწყდათ, კაციჭამიას რომ მეძახიანო.
ზოოპარკის დირექტორის მოადგილეს, დავით თაქთაქიშვილს ნელსონის შესახებ ბევრი ველაპარაკე:

- ბატონო დავით, ნელსონი როდის და როგორ მოხვდა ზოოპარკში?

- წლების წინ ეგვიპტიდან ჩამოიყვანეს. ის ნილოსის ნიანგია და ჩვენთან გაიზარდა, ჯერ პატარაა, სულ რაღაც შვიდი წლის არის. მაგრამ აი, ახალ ვოლიერში გადმოყვანისას უკვე მამაცურად იბრძოლა, - სამ კაცს ჰყავდა გაკავებული და  მაინც ბრჭყალები გამოაჩინა.

- მამაცურად იბრძოდა თუ გაანჩხლებული იყო, ქალი ყოფილა! რას ერჩოდით,  კაცის სახელი რომ დაარქვით?

- ისე, ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, არც გვეცოდინებოდა მისი სქესი. ნელსონი ჯერ ხომ "ჩვილია". ამიტომაც აქამდე არ დავინტერესებულვართ, ბიჭი იყო თუ გოგო, უბრალოდ სახელი შევურჩიეთ, ცოტა წამოიზარდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი ახალ ვოლიერში გადაყვანა,  შევამოწმეთ და მაგ დროს გაჰკრა კბილი მომვლელს!
საერთოდ, ახალ ბინაში გადაყვანა სტრესია ცხოველებისათვის. თანაც ნიანგი ძალიან ღონიერია. ახლა ასე მუთაქასავით რომ დევს, თუ კუდი არ დაუჭირე და პირი არ აუკარი, შეიძლება შემოეჭამო, - დაავლებს მსხვერპლს პირს და მანამდე იტრიალებს კბილჩავლებული მის გარშემო, სანამ ხორცს არ ამოჰგლეჯს.

- უყურე ამას! ერთ მეტრზე მეტი ძლივს არის და ლამის კაცი შეჭამა. ზოგადად რამხელა იზრდებიან?

- ხანდახან რვა მეტრამდე. აი, მაშინ კბილის ჩავლებას კი არ დასჯერდებიან, მსხვერპლს თავიან-ფეხიანად ჭამენ.

- ნელსონიც მასე მოიქცევა?
- მაგის უფლებას როგორ მივცემთ. ისე, ზოოპარკის ნიანგები ველურებზე მეტხანს, დაახლოებით 70-80 წელიწადს ცოცხლობენ.

- გამრავლების საქმე როგორღა ექნება. ალბათ ოდესმე მაინც მოუყვანთ მეწყვილეს და ასე გააფთრებული აღარ იქნება.
- ნიანგები დაახლოებით 15 წლის ასაკში ჯვარდებიან. ვცდილობთ, ამის პირობები ჩვენს ზოოპარკშიც შევქმნათ. სხვათა შორის, დიდი წარმატებები გვაქვს - ჩვენი ზოოპარკი საერთაშორისი აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობის კანდიდატი გახდა.

P.S. ნამდვილად ვერავინ აგებს პასუხს ნელსონის საქციელზე (ამჟამად უკვე ნელსის), თუ მეწყვილე ხურვალობის დროსაც არ მოუყვანეს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ მოხდება და ჩვენს ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ პატარა ნიანგების ნახვა, ოღონდ მხოლოდ ვოლიერებში!

ნილოსის ნიანგი - ხვითქი

მლაშე წყლების ნიანგის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდად ნილოსის ნიანგი ითვლება. ძველ ეგვიპტეში მას აღმერთებდნენ. არადა სახელი კაციჭამიობით გაითქვა.
მოკლე, ღონიერი ფეხებით შეუძლია 12-14 კმ/სთ სიჩქარით სირბილი, აქვს სქელი კანი და გრძელი კუდი, ცურავს 30 კმ/სთ სიჩქარით. წყლის ქვეშ 2 საათიც ძლებს. იწონის 500 კგ-ს, თუმცა ტანზანიაში 1090 კგ-იანი ეგზემპლარიც დაიჭირეს.

იკვებება ფრინველებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, ნებისმიერი დიდი ძუძუმწოვრით და ასევე ადამიანებით - 2005 წელს უგანდაში მოკლეს ნილოსის ნიანგი, რომელსაც, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, 20 წლის განმავლობაში 83 კაცი ჰყავდა შეჭმული.

ძალიან ფასობს ნიანგის ტყავისგან დამზადებული ჩანთები და სხვა ნივთები, რის გამოც მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამჟამად ეს რეპტილია წითელ წიგნშია შეყვანილი.
სხვათა შორის, ნიანგს ქართულად ხვითქი ჰქვია.
mandela
21 ოქტომბერი 2013 17:33
"ნელსონი" ცალთვალა ადმირალის კი არა, ალბათ მანდელას გამო დაარქვეს.
.
01 ივლისი 2013 10:30
და ”ნელსონი” რატომ დაარქვს, ცალთვალა იყო?

რედაქტორის რჩევით