ისტორიული გალავანი 49 წლით 13 ლარად - კვირის პალიტრა

ისტორიული გალავანი 49 წლით 13 ლარად

"თუ ასე გაგრძელდა, ძველი თბილისი დომინოს პრინციპით დაინგრევა"

ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმა თბილისის მერიამ დიდი ხნის წინ შეიმუშავა. ეს საშური საქმეა, მაგრამ საკითხავი ის არის, ვინ იცხოვრებს ძველ თბილისში ან იქნება კი ის ძველი? მოვლენები ამ ბოლო დროს ისე ვითარდება, რომ ძალაუნებურად ეჭვი შეგიპყრობს. ეს მართლაც ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმაა თუ ძველი თბილისელების სახლებიდან გამოყრის გეგმა? შეგახსენებთ, ამ გეგმის ხორცშესხმა იმით დაიწყო, რომ კულტურის ძეგლების სტატუსის მქონე შენობებში მობინადრეებისთვის გადასახადების დაწესება მოინდომეს, მაგრამ ხალხის პროტესტის გამო "გამოძევების" პროექტი ჩავარდა. ამჯერად კი, როგორც ჩანს, მერიამ უფრო მზაკვრული პროექტი შეიმუშავა და მას ძველი თბილისის რეკონსტრუქციის გეგმა დაარქვა! მირზა-შაფის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი რეკონსტრუქციის საბაბით ღია ცის ქვეშ უკვე დატოვეს. ეტყობა, ამ ბედის გაზიარება ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებთაც მოუწევთ.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრას" ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და გააცნეს ერთი მეტად საინტერესო პროექტი, რომლის თანახმადაც სწორედ იქ, სადაც ძველი თბილისის გალავანია, ინვესტორებს მერიამ 6-სართულიანი სასტუმროს დადგმის ნებართვა მისცა და ისტორიული გალავანი 49-წლიანი იჯარით 13 ლარად მიაქირავა! ამას ისიც ემატება, რომ სასტუმროს მშენებლობისას ბარათაშვილის ქუჩაზე ახლომდებარე აივნიანმა სახლებმა ნგრევა დაიწყო.

ქალაქ თბილისის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომელსაც ხელს გიგი უგულავა აწერს. დადგენილების მიხედვით, ბარათაშვილის ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ქალაქის ძველი გალავნის ბურჯის პერიმეტრის გასწვრივ ტერიტორია და შიდა ნაწილზე არსებული 84 კვმ მიწის ნაკვეთი, პირდაპირი განკარგვის წესით, 49-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა "საქართველოს ბუტიკების სასტუმროებს". წლიური ქირა კი ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე 13 ლარს(!) შეადგენს (ბუნებრივია, ქალაქის ისტორიული გალავნის 49 წლით გადაცემა და გალავანზე 6-სართულიანი სასტუმროს დაშენების ნებართვის მოპოვება არ არის იოლი საქმე).

ნინო ფოფხაძე, ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრები: - როგორც ვატყობთ, საქმე ისე მიდის, რომ ძველი თბილისიდან აქ აღარაფერი დარჩება. ასე გვგონია, უგულავას მდგმურები ვართ და ეს-ესაა გაგვყრის სახლებიდან. ვინ ჰკითხავს უგულავას, ჩვენი წინაპრების დანატოვარ სახლ-კარს გავყიდით, დავანგრევთ თუ გავაჩუქებთ? დაუჩემებიათ, ძველი თბილისის რეკონსტრუქციის პროექტი ორ წელში უნდა დამთავრდესო და ყოველ ღონეს ხმარობენ, აქედან გაგვყარონ.

გურგენ ხეირანოვი: - ვინ მისცა უგულავას უფლება, ვიღაც ებრაელ ინვესტორებს თბილისს რომ ანადგურებინებს? ამ ისტორიულ გალავანზე ბარათაშვილის ქუჩიდან კარი უკვე გამოჭრეს და ზედ 6-სართულიანი სასტუმროს დაშენება აქვთ განზრახული. პროექტი რომ ვნახეთ,  გულს შემოგვეყარა. აიღეს თუ არა ნებართვა, ძველი შენობის დანგრევა დაიწყეს. აქ სახლები ერთმანეთის მიჯრით არის აშენებული და აქეთ-იქით სახლებმა ნგრევა დაიწყო. იძულებული გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა და მშენებლობა შეგვეჩერებინა.

მაკა ა.: - მერიაში მივედით, ვითხოვეთ, გაემაგრებინათ ეს შენობები, მაგრამ გვითხრეს, ეს სახლები თქვენი კერძო საკუთრებაა, რაც გინდათ, ის უქენითო. სამაგიეროდ, როცა ასჯერ მივმართეთ მერიას და ჩვენი სახსრებით ამ სახლების შეკეთებას ვითხოვდით, არაფრით არ მოგვცეს უფლება: ისტორიული ძეგლია, მანდ ერთი აგურის გადაადგილება არ შეიძლება ჩვენ გარეშეო და ახლა, როცა დააზიანეს და დაგვინგრიეს სახლები,  გვეუბნებიან, თქვენი კერძო საკუთრება ჩვენი საქმე არ არისო? თუ ახლა გავჩუმდებით, ასე დაანგრევენ მთელ ძველ თბილისს. არქიტექტორი მოვიყვანეთ, გვითხრა, აქ ისეა სახლები ერთმანეთზე მიწყობილი, ერთიც რომ დაინგრეს, დომინოს პრინციპით ყველა ერთიმეორეს მიჰყვებაო.

გურგენ ხეირანოვი: - მე გვარად ხეირანოვი ვარ. ჩვენი მთავრობა ფიქრობს, სავალდებულო არ არის ძველ თბილისში მიკირტუმამ იცხოვროსო. სხვათა შორის, მიკირტუმა მორწმუნე ადამიანს ნიშნავს, სამაგიეროდ, ჯორჯის, მაიკლის, ორლანდოსა და მოშესთვის უნდათ თბილისი! მე, ეგრეთ წოდებული მიკირტუმა, მოსკოვში ნავთობის ბიზნესში ვმუშაობდი და საკმაოდ კარგადაც ვიყავი  მოწყობილი, მაგრამ 1992 წელს ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია და  ქართველ ბავშვებს ვეხმარები. ახლა რომელი მეტი ქართველი ვართ: ისინი, ვინც ამ ქვეყანას ანგრევენ, თუ მიკირტუმა, რომელიც ძველი თბილისის შენარჩუნებისთვის იბრძვის?

ჩემი სახლის აივანი ბარათაშვილის ქუჩაზე გადის. პრეზიდენტი ამ ქუჩით ხშირად დადის, ახლა ისღა დაგვრჩენია, დიდი პლაკატი გამოვკიდოთ წარწერით: "მიშა, დაგვიცავი უგულავასგან!"

ნინო ფოფხაძე: - უგულავას კარნახი არ გვჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ ამ უბნის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციაა საჭირო. ჩვენვე მოვძებნეთ ინვესტორი, რომელიც პირობებსაც ნორმალურს გვთავაზობდა და პროექტიც ძველი თბილისის იერის შესაბამისი ჰქონდა. არც გალავანზე აპირებდა სასტუმროს დადგმას. მიიტანა საბუთები მერიაში დასამტკიცებლად და უგულავამ უარი უთხრა. მერე გავიგეთ, რომ ამ უბანზე თათი თავად ჰქონია დადებული. დაგვანებოს თავი, ბატონო, დაგვაყენოს ჩვენს სახლებში.

დევი ბერძენიშვილი: - რაღაც საბჭო აქვთ, 12-კაციანი. როგორც მითხრეს, ამ საბჭოს ექიმი ხელმძღვანელობს. არავის არაფერს ეკითხებიან: არც სპეციალისტებს, არც საზოგადოებას. ძველი თბილისის რეკონსტრუქციის საკითხში მთელი ინტელიგენცია, არქიტექტორები, მწერლები უნდა იყვნენ ჩართული. თითოეული პროექტი საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს, მაგრამ მალულად აკეთებენ ყველაფერს. აბა, ამ პროექტს რომ ჭკუათამყოფელი კაცი ნახავს, რას იტყვის? როგორც ვიცით, მანამდე სხვა ინვესტორის პროექტი არსებობდა, ის დაიწუნეს და  ამ სიმახინჯეს კი მისცეს მწვანე შუქი. ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია და გავიგეთ, რომ ამ საბჭოში არის ხალხი, ვინც ფულს იღებს. ისინი მოისყიდეს, ხოლო ის, ვინც წინააღმდეგი იყო, სულ არ  მიიწვიეს პროექტის განხილვაზე, არც შეატყობინეს, რომ ასეთი პროექტის განხილვა იგეგმებოდა.

ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლების მიერ მოწოდებული პროექტის ნახვის შემდეგ, ჩვენ ძველი თბილისის შემოქმედებითი სახელოსნოს და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტის ხელმძღვანელ გიგა ბათიაშვილს მივმართეთ იმის ამოსახსნელად, ეს სასტუმრო მართლაც არქიტექტურული შედევრია  თუ სხვა რამ.

- ამ ნაგებობის თაობაზე ძალზე ლაკონიური პასუხი მაქვს: ეს არის ვირი ხბორებში! ვინ მისცა ამის უფლება ინვესტორს? იმის თქმა, დაინგრევა თუ არა გალავანი ამ 6-სართულიანი სასტუმროს დაშენების შემდეგ, ძნელია, მაგრამ გალავანი რომ შეურაცხყვეს, ფაქტია. ეტყობა, ინვესტორს კარგი ფართო ქოლგა აქვს გადაფარებული, აბა, აქ, თბილისის ამ ისტორიულ ნაწილში, ვის მისცემდნენ გალავანზე 6-სართულიანი სასტუმროს დადგმის უფლებას?

- ბატონო გიგა, თქვენ ამ კომისიის მუშაობაში, განხილვებში არ მონაწილეობთ?

- ვმონაწილეობ კი არა, ვინმე გეკითხება რამეს? პროფესიონალებს ახლოს არ იკარებენ. ახლა ექიმი ხელმძღვანელობს ამ საბჭოს, ცოტა ხნის წინ ციხის უფროსი იყო. შოთა ყავლაშვილმა ამ უბნის შექმნას თავისი პროექტი შესწირა.  60-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე გაბატონებული იყო ხრუშჩოვკების იდეოლოგია. ამ დროს დაიწყეს ევროპაში ამერიკული სტილის, მეტალითა და მინით მაღლივი შენობების აშენება. მაშინ საბჭოთა კავშირმა კუსავით ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო და მოსკოვში, არბატის გაგრძელებაზე, კალინინის პროსპექტი შექმნეს. თბილისშიც, ბარათაშვილის ქუჩაზე, "კალინინის პროსპექტის" აშენება იგეგმებოდა. შოთა ყავლაშვილს შესთავაზეს პროექტის შექმნა და გააკეთა კიდეც.  როცა პროექტი  დაიწყო, მიწისქვეშა გადასასვლელების სისტემა გახდა საჭირო. დაიწყეს თუ არა თხრა, ეს გალავანი გამოჩნდა. მთელი საზოგადოება გახარებული იყო, რომ ისტორიული თბილისის ნანგრევები გამოჩნდა და ბატონმა შოთამ თავის პროექტზე უარი თქვა, ძველი თბილისის რეაბილიტაციის გზას გაჰყვა. ამხელა პროექტზე უარის თქმა იცით, რას ნიშნავს? იგივეა, შვილზე თქვა უარი.

დღეს კი რა ხდება? თუ არ მოუსმენენ სპეციალისტებს, ძველი თბილისი გაქრება. ცხადია, ნებისმიერი ინვესტორისთვის ძველი თბილისის ტერიტორია სახარბიელოა. მე ის მაინტერესებს, სად არის კრუხი, ოჯახის პატრონი, რომელიც დაიცავს და უპატრონებს ძველ თბილისს!