დაუპატიჟებელი სტუმრები
08-07-2013
დაუპატიჟებელი სტუმრები
"ვინ უფრო მავნებელია, გველი, თაგვი თუ კალია?"-

"დანაგვიანებულ ქალაქში პრობლემას ვერ მოაგვარებ"


რამდენიმე წელია თბილისში ზაფხულს ისე არ ჩაუვლია, კალიები, ქვეწარმავლები და მღრღნელები არ შემოგვესიონ. სპეციალისტები გვიმტკიცებენ, პანიკა უსაფუძვლოა და თუ გინდათ, არ მომრავლდნენ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთო.

შვედეთში აკრედიტებულ ერთ-ერთ დიპლომატს ასეთი ამბავი შეემთხვა: სტოკჰოლმის გარეუბანში მის აგარაკს ვირთხები შეეჩვივნენ. ისეთი სუფთა და მოწესრიგებული ქვეყნისთვის, როგორიც შვედეთია, ვირთხების საცხოვრებელ სახლებში გამოჩენა თურმე ნამდვილი სასწაულია. დიპლომატმა კარგა ხანს სდია ცოცხით მღრღნელებს,
თავის ძვირფას  სპარსულ კატასაც ამაოდ ემუდარა, დაუპატიჟებელ სტუმრებს მიმიხედეო, მაგრამ საშველი რომ არ დაადგა, იძულებული გახდა, სპეციალური სამსახური გამოეძახებინა. სპეცკომბინეზონებსა და ხელთათმანებში გამოწყობილმა ჯგუფმა ეზოში, მიწაში რამდენიმე ზუზუნა პროპელერი ჩაარჭო და მასპინძელს დაემშვიდობა. ეს არის თქვენი გაკეთებული საქმეო, გაოცებულა დიპლომატი, რატომ არ წამლავთ ვირთხების სადგომსო?
როგორ შეიძლება, მოწამვლით ბუნებრივ ბალანსს დავარღვევთო, - მიუღია პასუხად. ევროპაში ბუნებრივი ბალანსი ისეთი ხელშეუხებელია, როგორ გაბედავდა დიპლომატი შეწინააღმდეგებას. მოთმინებით აღჭურვილა და მართლაც ორ კვირაში პროპელერის ზუზუნით გაბეზრებული მღრღნელები აგარაკიდან გაიქცნენ.
როგორც ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიან ცხოველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბუხნიკაშვილი ამბობს, ასეთი პრაქტიკა ჩვენთან არ არსებობს. ამასთან, შეუძლებელი იქნება თბილისში მისი დანერგვა, რადგან დაბინძურებული დედაქალაქის ქუჩების მღრღნელებისგან გასაწმენდად მთელი დედაქალაქის აზუზუნება მოგვიწევს.

- ჯერ კიდევ ორი წლის წინ გვქონდა მღრღნელებთან საბრძოლო საშუალება, წამალი, რომელიც მღრღნელებში ვირუსს ავრცელებდა და ხოცავდა. ასეთ საშუალებებს ევროპა არ იყენებს, მაგრამ ჩვენ იძულებული ვიყავით, გამოგვეყენებინა. თუმცა, 2 წელია ეს ვირუსული საშუალებაც აღარ გვაქვს. შხამებით მღრღნელების სამალავები შეიძლება შეწამლო, მაგრამ მასობრივად დანაგვიანებულ ქალაქში პრობლემას ვერ მოაგვარებ. სადაც ნაგავი ყრია, იქ მღრღნელიც არის და თუ არ გვინდა, მომრავლდნენ, გავუფრთხილდეთ ბინებს, სადარბაზოებს, ქუჩებს...

მაწანწალა ცხოველებიც მღრღნელების წყალობით მრავლდებიან. ძაღლები ვირთხებით იკვებებიან, კატები - თაგვებით. უმათოდ ძაღლი და კატა ლეკვებს და კნუტებს ვერ გამოკვებავენ და აღარ გამრავლდებიან. ასე რომ, თუ მაწანწალა ცხოველებიც აწუხებს ვინმეს, გაითვალისწინოს, ჯერ ერთი, ცხოველი არ უნდა გააგდოს სახლიდან და მეორე - არ დაანაგვიანოს გარემო".  

გურამ წიკლაური, თბილისის ეგზოტერიუმის ხელმძღვანელი: "ბოლო 30 წელია ვაკვირდები სიტუაციას და საქართველოში გველები ყოველწლიურად ერთნაირად მრავლდებიან და იხოცებიან. ასე რომ, პანიკა უსაფუძვლოა. გველების ხშირი გამოჩენა დამოკიდებულია საკვებ ბაზასა და კლიმატზე. ხალხი პანიკაში ვარდება, რადგან ოქტომბრიდან აპრილამდე ქვეწარმავალს ვერ ხედავს, აპრილიდან კი ხშირად ხვდება. ზოგჯერ სახლებშიც შედიან, მაგრამ მერწმუნეთ, შიში უსაფუძვლოა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომრავლდნენ. გველები დასახლებულ ადგილებშიც ბინადრობენ, უბრალოდ, მუდმივად ვერ ვხედავთ მათ. დავინახეთ გველი, როგორ უნდა მოვიქცეთ? გახსოვდეთ, - ის ადამიანს არ ერჩის, თავს არ ესხმის, რადგან საკვებად არ სჭირდება. გველის კბენა მისი თავდაცვის შედეგია, - ახლოს მიხვედით, საფრთხე იგრძნო, ფეხი დააბიჯეთ... ამ დროს მისი თავდაცვითი მექანიზმი ამუშავდება. პირიქით, გველი ადამიანს ერიდება. ქალაქგარეთ, ბუნებაში გველი უფრო მრავლადაა, უბრალოდ, ვერ ვხედავთ ბალახში და ასეთ ადგილებშიც კი შესაძლოა წელიწადში დაკბენის თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევა დაფიქსირდეს, საიდანც ორ წელიწადში მხოლოდ ერთი ლეტალური შემთხვევა ხდება. აბა, დაითვალეთ წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში, ვინმე ამბობს, რომ მანქანები ავკრძალოთო?
სამწუხაროა, ლეტალური შედეგი, მაგრამ ამის გამო ვერ გავწყვეტთ გველებს. ეს ზიანს მოუტანს ბუნებას, რომელსაც გველები მღრღნელების სიჭარბისგან ათავისუფლებენ.

თბილისში შხამიანი გველი, გიურზა, ორთაჭალაში ბინადრობს, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ადამიანის დაკბენის 4-5 შემთხვევა ფიქსირდება. შხამი მაშინვე არ კლავს, ადამიანს აქვს დრო, მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალებაა იმისათვის, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

- თბილისში კალიაც მომრავლდა. ამბობენ,  მარჯანიშვილის მოედანზე კალიების ლაშქარიაო.

- როგორი იყო ლაშქარი, შეიარაღებული? კალიის ერთი სახეობა, რომელიც მუსრს ავლებს სასოფლო-სამეურნეო ნათესებს, ვერც მოაღწევს საქართველომდე, რადგან ის ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობს და ქარს დაჰყვება. ტროპიკული ქვეყნებიდან ქარს ჩვენამდე მოღწევა თითქმის არ შეუძლია, მით უმეტეს იმ სიძლიერით, რომ კალიებიც მოგვისიოს. კიდეც რომ მოაღწიონ აქამდე, კლიმატის გამო დაიღუპებიან. ის კალიები როლებიც თბილისში გამოჩდნენ საფრთხეს არ ქმნიან, მთავარია, მავნე კალიები არ გამოჩნდნენ.
karina
19 ნოემბერი 2015 23:21
ra aris
shtirlici
09 სექტემბერი 2013 14:52
გიჟია-ოხერი...
Tia
16 ივლისი 2013 13:22
ამ კაცმა რა იოლად მოაგვარა საქმე. არ არიან მავნებლებიო და მორჩა...

რედაქტორის რჩევით