ოქროს ქვიშა თუ თემქის პლაჟი - კვირის პალიტრა

ოქროს ქვიშა თუ თემქის პლაჟი

"უცხოელებს უკვირთ, მაგრამ როცა გაუჭირდებათ, ისინიც ხის ძირში ისაქმებენ"

"ერთი ბიოტუალეტი მაინც დაგვიდგით"

ზაფხულის ცხელი სეზონის დადგომისთანავე თბილისში დარჩენილი საზოგადოების ნაწილს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებს, - როგორ გაგრილდეს და შეიმსუბუქოს ზაფხულის ცხელი დღეები. მრავლად გახსნილ საცურაო აუზებსა და გამაგრილებელ კომპლექსებში ნებივრობა  ბევრ ჩვენს მოქალაქეს იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ ამის საშუალება არ აქვთ, სამაგიეროდ არსებობს ადგილები, სადაც უფასოდ შეგიძლია გაირუჯო და დაისვენო (სახლის სახურავს არ ვგულისხმობ, თუმცა ეს უკანასკნელიც საკმაოდ აქტუალურია).

ნამზეურის მოყვარული თბილისელები თბილისის ზღვაზე მოვინახულე. ქალაქის წყალსაცავი  "დამსვენებლების" ნაკლებობას არ უჩივის. სხვა საკითხია, უსაფრთხოა თუ არა ეს დასვენება და გაგრილების შემდეგ საავადმყოფოში ხომ არ აღმოვჩნდებით? უნდა გითხრათ, რომ არც ეს ვარიანტია გამორიცხული, იქაური პირობები ამის საფუძველს ნამდვილად იძლევა - გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და პლაჟზე მოსეირნე შინაური პირუტყვისა, ნაგავში ქალის თეთრეულსაც წავაწყდი. ის იყო, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, რომ მამაკაცი მომიახლოვდა, - დაბინძურებულ გარემოს იღებთ არა? მაშინ ხეები გადაიღეთ. აღმოჩნდა, რომ ამხელა ტერიტორიზე ვერსად ნახავთ საზოგადოებრივ ტუალეტს და ყველა ხის ძირში ისაქმებს. "ეს ხეები მალე აღარ იარსებებს, თუკი გავითვალისწინებთ, რამდენ ადამიანს დასჭირდება ტუალეტი მთელი ზაფხულის განმავლობაში დილიდან საღამომდე, - გვითხრა  ბაჩომ, რომელიც წყლის ველოსიპედების მფლობელი აღმოჩნდა. მას ცოტა ხნის წინ საკუთარი ხარჯით გაუსუფთავებია ნაგვისაგან პლაჟის ერთი ნაწილი, - რაც სიცხეები დაიწყო, მას შემდეგ ვამბობ, ერთი ბიოტუალეტი მაინც დაგვიდგით-მეთქი. უცხოელებს უკვირთ, მაგრამ რომ გაუჭირდებათ, ისინიც ხეებს მიადგებიან.  აქ ნაგვის ურნაც კი არ დგას. რამდენჯერმე მივმართეთ თბილისის მერიას, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია".

მიუხედავად ამისა, თბილისელი ახალგაზრდობა მაინც თავგამოდებით ირუჯება და მერე ამაყობს, რომ ეს "საოცარი ნამზეური" რომელიღაც პრესტიჟულ აუზზე მიიღეს ან კიდევ, ელიტურ კურორტზე ისვენებდნენ. ამ უწყინარ ტყუილებს რაც შეეხება, ერთი რამ უნდა ითქვას: ბოლო დროს "ფეისბუკის" ბევრ მომხმარებელს თავისი გვერდის რუკაზე სხვადასხვა ცნობილი ქვეყანა თუ კურორტი აქვს მონიშნული, თითქოს იმ დროს იქ ისვენებს... როგორც გავარკვიე, აუცილებელი არ არის, მართლაც იქ ისვენებდე, სადაც მონიშნული ხარ. ამას ჩემი ერთ-ერთი მეგობრის მაგალითზე მივხვდი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ბულგარეთში, ოქროს ქვიშაზე დაისვენა, მაშინ როდესაც ერთ მშვენიერ დღეს თბილისის ზღვის პლაჟზე შევნიშნე. რას ვიზამთ, ამ "უკბილო "მარიაჟობას" ეტყობა ვერასდროს გადავეჩვევით...

თამუნა 19 წლისაა, აქ გლდანის რაიონიდან ყოველ დილით დადის:

- როგორ ვისვენებ? ძალიან კარგად. მომწონს აქაურობა.

- წყალი რომ არც ისე სუფთაა?

- ჰო, წყალმცენარეებითაა სავსე და შეიძლება ფეხზე შემოგეხვიოს.

თაკო 23 წლის: - თბილისის  ზღვაზე ხანდახან მოვდივარ გასარუჯად, მაგრამ წყალში არ ჩავდივარ.

- რატომ?

- ჭუჭყიანია. პლაჟიც ვერ გამოიყურება მაინცდამაინც სუფთად... საშინელებაა, მაგრამ გარუჯვისთვის ამასაც ვიტანთ!

P.S. უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ!

ქეთი საგინაშვილი