როგორ და სად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები - კვირის პალიტრა

როგორ და სად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

სასწავლო წლის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ რაკი საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია გამოცდების სკოლებში ჩატარების პერსპექტივამ, გაჩნდა ბევრი სხვა შეკითხვაც. გადავწყვიტეთ, მკითხველს სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს აქტუალურ შეკითხვებს პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა გასცა.

- ითქვა, ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში უნდა ჩატარდესო...

- გამოცდები ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში, ისევე როგორც  ეს წინა წლებში ხდებოდა. 14 საგამოცდო ცენტრი გვაქვს. სხვათა შორის, მიკვირს, რატომ მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია სკოლებში გამოცდების ჩატარების საკითხს. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მომავალში იმავე ფორმის გამოცდები, როგორიც ერთიანი ეროვნული გამოცდებია, ჩატარდეს სკოლის გამოსაშვები გამოცდების სახით. შედეგები შეიძლება შემდეგ გამოვიყენოთ უმაღლესში ჩასარიცხად. ამ გამოცდების საფუძველზე გაიცემა ატესტატიც ... ე.ი. მოსწავლეს მოუწევს ყველა სავალდებულო დისციპლინაში გამოცდის ჩაბარება. მართალია, ეს უფრო რთული სისტემაა, ვიდრე დღეს არსებული ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ეს აზრი ძალიან მომწონს, თუმცა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში ლოჯისტიკის თვალსაზრისით. იდეა კარგია, გაიზრდება სკოლის როლი... მართებულია, რომ ატესტატს ვერ უნდა იღებდეს ისეთი კურსდამთავრებული, რომელსაც არ ეცოდინება ყველა საგნის - ჰუმანიტარულისა და ტექნიკურის მინიმუმი. ტექნიკური თვალსაზრისით გვაქვს სხვა სირთულეებიც... როცა ვახსენებთ ამ საგამოცდო სისტემაზე გადასვლას, აქ არ ვგულისხმობთ არც 2010 და არც მომდევნო ორ წელიწადს...

- დადგინდა თუ არა იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, რომლებიც გაისად მიიღებენ პირველკურსელებს?

- ჩვენ წინასწარ გამოვაქვეყნეთ უმაღლესი სასწავლებლების სია, თუმცა აკრედიტაცია არ დამთავრებულა.

- უმაღლესმა სასწავლებლებმა აირჩიეს მეოთხე საგამოცდო საგანი...

- უმაღლესი სასწავლებელი ასახელებს სამ საგანს მეოთხე გამოცდისათვის. აბიტურიენტს შეუძლია ჩააბაროს მათგან ერთი, ორი ან სამივე. გვყოლია ისეთი აბიტურიენტებიც, რომლებიც აბარებდნენ 7 გამოცდას... რაც მეტ გამოცდას ჩააბარებს აბიტურიენტი, შანსი მისი მოხვედრისა იზრდება.

- აბიტურიენტების რეგისტრაციას როდიდან დაიწყებთ?

- რეგისტრაცია დაიწყება იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისიდან.

- როგორი იქნება მინიმალური ზღვარი წელს?

- მაქსიმალური ქულის 25% უნდა დააგროვოს აბიტურიენტმა, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. უცხო ენებში 20%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შარშან, როცა გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩვენ 100-ქულიანი ტესტები გვქონდა ყველა საგანში, მათ შორის უნარ-ჩვევებშიც... ვამბობდით, რომ თითოეულ საგანში აბიტურიენტმა უნდა დააგროვოს 25 ქულაზე მეტი, უცხო ენაში კი 20 ქულაზე მეტი. წელს მცირედი ცვლილებაა... უნარ-ჩვევების ტესტის დავალებების რიცხვი შემცირდება. თუ იყო 50 დავალება ვერბალურ ნაწილში და ამდენივე რაოდენობრივ ნაწილში, ახლა იქნება 40-40. საბოლოო ჯამში, 80 დავალების შესრულება მოუწევს აბიტურიენტს. დრო იგივე რჩება - 3 საათი. ეს შეღავათია აბიტურიენტისათვის... ამ შემთხვევაში მაქსიმალური ქულის 25% 20 ქულა გამოდის და არა 25, როგორც ეს შარშან იყო. შეიძლება სხვა საგნებშიც შემცირდეს დავალებათა რაოდენობა და შესაბამისად, მინიმალური ქულების რიცხვიც...