ჩვენი პატარა სამოთხე - კვირის პალიტრა

ჩვენი პატარა სამოთხე

თბილისი ულამაზესი ეზოების ქალაქი იყო, მერე ნელ-ნელა რუხი კორპუსებისა და ნაცრისფერი ეზოების ქალაქად იქცა. ერთმანეთი "დაკარგა" ხალხმა - დაიკარგა ლამაზ ეზოებში გაჩენილი ლამაზი სიყვარული და სითბო. ერთ დროს გოგებაშვილის #43-ის ეზოც ასეთი იყო - იქ 1956 წელს ქართველი მწერლებისთვის სახლი ააშენეს.

გვერდით ვერის დენდროლოგიური პარკი იყო. დიდი მწერლები პარკის სილამაზით ტკბებოდნენ, მუსაიფობდნენ. მერე პარკი გავერანდა - ხეები გაჩეხეს და სახლები ჩადგეს, გავერანდა მწერლების ეზოც - იქაურობა ნარკომანების შპრიცებითა და მათი ცარიელი თვალებით აივსო.

საშინელი საყურებელია, არა? როგორ გადაიქცა გავერანებული პარკი პატარა სამოთხედ, ამ ეზოს მცხოვრები გივი ქუთათელი მოგიყვებათ:

KvirisPalitra.Ge- მთელ კორპუსს ბინები რომ გაგვეყიდა, ამ სანაგვეს მაინც ვერ მოვუვლიდით - ბნელ, მივარდნილ ჩიხად იქცა აქაურობა. დავწერეთ განცხადება და პირადად მე წავიღე მერიაში - ამხანაგობის თავმჯდომარე გახლავართ. ეს იყო 2003 წელს.

6 წელიწადი დავდიოდი წინ და უკან განცხადებებით. რომ შეკრიბო, დიდი ტომი გამოვა.

- არ იღლებოდით?

- ეტყობა, თავად დაიღალნენ. ერთხელ მოგვწერეს კიდეც - თქვენი ეზოს კეთილმოწყობისა და ავარიული საყრდენი კედლის გამაგრებას 2007 წელს დავიწყებთ და დავამთავრებთო - კედელიც ავარიული იყო... მაგრამ იმ 2007-მა წელმა ისე ჩაიარა, ჩვენს ეზოში მერიიდან შემოჭაჭანებული არავინ გვინახავს... ერთ მშვენიერ დღეს, გავიხედოთ და რაღაც სკვერის გახსნაზე მერს არ შევეფეთე? წინ დავუდექი და შევეხვეწე, - აქედან ჩვენი ეზო ორ ნაბიჯზეა და წამო, ნახე, რა დღეში ვართ-მეთქი... გაჭრა. ოღონდ დრო მაგასაც კი დასჭირდა. ველოდით, მაგრამ ამას ვინღა ჩიოდა. მერე ისეთმა კარგმა ბიჭებმა გააკეთეს ჩვენი ეზო, იმათ მზეს ვიფიცებდით. ხალხი მთელი ღამე აქ ტრიალებდა. ჩვენი არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ ქალებს საჭმელი მაინც ჩაჰქონდათ მათთვის, - დათო ხურცილავა არქიტექტორია, ირაკლი კარტოზია - სამშენებლო ჯგუფის უფროსი... ე, მაგისთანა ბიჭებით უნდა იყოს სავსე საქართველო.

ახლა ისეთი ეზო გვაქვს, ავ თვალს არ ენახვება... ნარკომანების ნაცვლად, დედები მოდიან, ჩვილები მოჰყავთ. ეს არ სჯობია?